Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



დარბაზში შეძენილი ინფექციები და მათგან განკურნების გზები

ადამიანების უმრავლესობა დარბაზში ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, შესაძლოა, ის ჯანმრთელობისთვის გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავდეს. დარბაზში მიკრობებისა და  ბაქტერიების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობებია. თუ ჰიგიენის წესებს ზედმიწევნით ვერ დაიცავთ, შეიძლება, არასასიამოვნო ინფექციის განვითარებისგან თავის დაცვა ვერ შეძლოთ. ჩვენს სტატიაში იმ ინფექციებზე გესაუბრებით, რომლებითაც დარბაზში მოსიარულე ადამიანები ხშირად ავადდებიან. გარდა ამისა, მათგან განკურნების საინტერესო მეთოდებსაც შემოგთავაზებთ.

ფოლიკულიტი

ფოლიკულიტი კანის ანთებითი დაავადებაა, რომელსაც ბაქტერიები, მიკრობები, ოფლიანობა და გადახურება იწვევს. ის თმის ზედაპირულ და ღრმა ფოლიკულებს აზიანებს. ზედმეტი გადახურების შემთხვევაში კანის გამონაყარი თმის ფოლიკულების დაზიანებას იწვევს. ბაქტერიული და მიკრობული წარმოშობის ფოლიკულიტი დაბინძურებული პირსახოცის ან ღრუბლის გამოყენებით გადადის. თუ კანზე გამონაყარს შეამჩნევთ, რომელიც გექავებათ და გტკივათ, ან ფოლიკულების არეში სიწითლე შეინიშნება, ფილიკულიტის განვითარება უნდა ივარაუდოთ. მძიმე შემთხვევაში, შესაძლოა, ჩირქოვანი კერებიც წარმოიშვას. თუ თქვენ ჭარბი ოფლიანობა გაწუხებთ,  ისეთი სავარჯიშო ტანისამოსი შეიძინეთ, რომელიც ოფლს მაქსიმალურად შეიწოვს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ სწრაფად მიიღეთ შხაპი და კანი პირსახოცით საგულდაგულოდ გაიმშრალეთ. ბაქტერიებისა და მიკრობებისგან თავის დასაცავად ხარისხიანი ანიტაბქტერიული დასაბანი საშუალებები მოიმარაგეთ. განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი გელები, რომლებიც სალიცილის მჟავას შეიცავს. მსგავსი საშუალებები ინფიცირებულ და გაღიზიანებულ ფოლიკულებს ამშვიდებს.

დერმატომიკოზი

დერმატომიკოზი კანის სოკოვანი დაავადებაა, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია. ის კანის კანთან შეხებით, დაბინძურებული პირსახოცის გამოყენებით, დარბაზის საშხაპის სველ იატაკთან ან სხვა ინფიცირებულ მყარ საგნებთან კონტაქტით ვრცელდება. დერმატომიკოზი, შესაძლოა, განვითარდეს ფრჩხილებზე, კანზე ან თმის ძირებზე. ზედაპირული ხასიათის ინფექცია მარტივად განკურნებადია. შედარებით ღრმა დერმატომიკოზს კი ფოლიკულიტის გამოწვევაც შეუძლია. თუ სხეულზე მშრალ და მრგვალ ლაქებს შეამჩნევთ, რომლებსაც თან სდევს ქავილი, შესაძლოა, თქვენ დერმატომიკოზი გქონდეთ. ლაქები ძირითადად წითელი ან ვარდისფერი შეფერილობისაა. აღნიშნული ინფექციისგან განკურნებისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტს დაგინიშნავთ. ინფექციის განვითარებისგან თავის დასაცავად ყოველთვის გაწმინდეთ სავარჯიშო მოწყობილობების ის ადგილი, რომელსაც ხელით ეხებით. გამონაყარის შემჩნევისას მის მოშორებას ხელით ნუ ეცდებით. გაღიზიანების შემთხვევაში ის, შესაძლოა, მთელ სხეულზე გავრცელდეს. დერმატომიკოზის პირველი ნიშნების აღმოჩენისთანავე აუცილებლად დაიწყეთ მკურნალობა, რადგან დაავადება სწრაფად პროგრესირებს.

ეპიდერმოფიტია

ეპიდერმოფიტია კანის სოკოვანი დაავადებაა. ის ტერფებისა და საზარდულის მიდამოებში ვრცელდება. დაავდებულ კანთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაძლოა, ინფექცია თქვენც გადმოგედოთ. როგორც წესი, ეპიდერმოფიტია უფრო მამაკაცებს აწუხებთ, ვიდრე ქალბატონებს. მიუხედავად ამისა, მისი შეძენის საფრთხე ორივე სქესის წარმომადგენლებს აქვთ. დაავადების პირველ ეტაპზე კანზე მოწითალო და მოვარდისფრო შეფერილობის ლაქები ჩნდება. აღნიშნულ უბანზე კანი მაღლა ამოიწევა და დროთა განმავლობაში ყავისფერ შეფერილობას იძენს. გამონაყარს თან ახლავს ქავილი და კანის აქერცვლა. დარბაზში დაავადების გავრცელებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი პირობებია. ჭარბი ოფლიანობა, საშხაპეში დაბინძურებულ ღრუბელთან ან პირსახოცთან კონტაქტი ეპიდერმოფიტიის განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. დაავადების მსუბუქი ფორმების სამკურნალოდ აქტიურად გამოიყენება თუთიის ოქსიდი, ასევე სოკოს საწინააღმდეგო მალამოები. დარბაზში ვარჯიშის შემდეგ სწრაფად მიიღეთ შხაპი, კანი საგულდაგულოდ გაიმშრალეთ და ისეთი საცვლები ატარეთ, რომელიც ოფლიანობისგან მაქსიმალურად დაგიცავთ. თუ საკუთარი ძალებით პრობლემასთან გამკლავებას ვერ ახერხებთ და კანზე ლაქები რამდენიმე კვირის მანძილზე გრჩებათ, დახმარებისთვის ექიმს მიმართეთ. დერმატოლოგი თქვენს მდგომარეობას დეტალურად შეისწავლის და შესაბამის მკურნალობასაც დაგინიშნავთ.

პედიკულეზი

პედიკულეზი  კანისა და თავის პარაზიტებისგან დაზიანებას გულისხმობს. დაბინძურებულ სივრცეში მოხვედრისას კანის თმებით დაფარულ ადგილებში ტილების გავრცელება საკმაოდ გახშირებული მოვლენაა. პედიკულეზი ხშირად ვრცელდება წვერების, თავის, წარბების, წამწამებისა და საზარდულის მიდამოებში. თუ თქვენ ისეთ ადამიანთან ახლო კონტაქტს დაამყარებთ, რომელსაც  პედიკულეზი აწუხებს,  კანის თმით დაფარულ უბნებში პარაზიტების გავრცელებას უნდა ელოდოთ. პარაზიტების მომრავლების უმთავრესი სიმპტომი ინტენსიური ქავილია. თუ თმებში პარაზიტების არსებობას შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ შეიძინეთ სპეციალური პრეპარატები, რომლებიც პედიკულეზისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. როგორც წესი, აფთიაქში პარაზიტების საწინააღმდეგო სპრეის შეძენა მარტივია და ამ მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. პედიკულეზის თავიდან ასაცილებლად სავარჯიშო სკამი და სხვა მოწყობილობები გამოყენებამდე ჰიგიენური ხელსახოცებით საგულდაგულოდ გაწმინდეთ. ვარჯიშის დროს სათანადო ჰიგიენის დაცვა აუცილებელია. დარბაზის სხვა წევრებთან ახლო კონტაქტს ერიდეთ. თუ ვარჯიშის შემდეგ თმას ივარცხნით, თქვენი სავარცხელი ყოველთვის ჩანთაში უნდა გედოთ, რათა პედიკულეზის გავრცელების თავიდან აცილება შეძლოთ.

პლანტარული მეჭეჭები

პლანტარული მეჭეჭების განვითარებას პაპილომა ვირუსის გააქტიურება უწყობს ხელს. მეჭეჭი კანის ზედაპირზე ამოიზრდება. როგორც წესი, მას კანში ღმად აქვს ფესვი გადგმული, ზედაპირზე ფუფხით არის დაფარული და მოყვითალო შეფერილობა აქვს. თუ მსგავს წამონაზარდს შენიშნავთ, მისი მკურნალობა დროულად უნდა დაიწყოთ. მეჭეჭის განვითარების პრევენციისთვის ყოველდღიურად ჰიგიენის გარკვეული წესები უნდა დაიცვათ. ყოველ ღამით ფეხები საგულდაგულოდ უნდა დაიბანოთ. სრულფასოვანი მკურნალობის მეთოდის შემუშავება თუ გსურთ, აუცილებლად მიაკითხეთ დერმატოლოგს. თუ თქვენი მეჭეჭები კანში ღრმად ფესვგადგმული არ არის, მის მოსაშორებლად კრიოთერაპიის პროცედურის გამოყენებაც გეყოფათ, თუმცა შედარებით რთულ შემთხვევებში პლანტარული მეჭეჭებისგან გასათავისუფლებლად ლაზერულ თერაპიასაც მიმართავენ. შესაძლოა, დერმატოლოგმა სახლში მკურნალობისთვის შესაბამისი რეკომენდაციებიც მოგცეთ. მეჭეჭების მოსაშორებლად მედიკამენტოზური მკურნალობაც რეკომენდებულია. ადამიანების ნაწილი, აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავებას დამოუკიდებლადაც ახერხებს და მეჭეჭების მოცილებას შინაურული მეთოდებით ცდილობს.

კონტაგიოზური მოლუსკი

კონტაგიოზური მოლუსკი კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა. მისი მთავარი გამომწვევი MCV ვირუსის გააქტიურებაა. ეს უკანასკნელი პოქსვირუსების ოჯახის წარმომადგენელია. კონტაგიოზური მოლუსკის განვითარების პირველ ეტაპზე კანზე კვანძისებური გამონაყარი ჩნდება. როგორც წესი, გამონაყარი ყველაზე ხშირად მუცლის არეში და სასქესო ორგანოებზე იჩენს თავს. ხშირ შემთხვევაში მას თანს სდევს ქავილი, თუმცა არა - ყოველთვის. გამონაყარს მრგვალი ფორმა  და ვარდისფერი შეფერილობა აქვს. ვირუსი კონტაქტის გზით გადაიცემა. თუ დარბაზში დაავადებული ადამიანის პირსახოცს ან საბანაო ღრუბელს შეეხებით, დიდი ალბათობით, მოლუსკის განვითარებისგან თავის დაცვას ვერ შეძლებთ. ვირუსი სწრაფად ვრცელდება სხეულის სხვადასხვა უბანზე. თუ მსგავს გამონაყარს შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს. კონტაგიოზური მოლუსკის თვითმკურნალობა დაუშვებელია. კვანძოვანი გამონაყარის მოსაშორებლად ხშირად მიმართავენ კიურეტაჟის პროცედურას, ლაზეროთერაპიას. შედარებით მსუბუქ შემთხვევებში ნიშნავენ მედიკამენტოზურ მკურნალობას და სპეციალურ მალამოებს.

ოქროსფერი სტაფილოკოკი

ოქროსფერი სტაფილოკოკი საშიში ბაქტერიაა, რომელიც კანსა და სასუნთქ გზებში ვრცელდება. მას მთელი რიგი დაავადებების გამოწვევა შეუძლია. ის კანზე ჩირქოვანი გამონაყარის, ფურუნკულების, იმპეტიგოსა და კარბუნკულების გაჩენას აპროვოცირებს. სასუნქ გზებში მოხვედრის შემთხვევაში კი ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიებს, ანთებით პროცესებს, ანგინას, სინუსიტებსა და ოტიტს იწვევს. ოქროსფერი სტაფილოკოკის სამკურნალო საშუალებები ექიმმა უნდა დაგინიშნოთ. როგორც წესი, მედიკოსები ანტისხეულების წარმოსაქმნელად სპეციალურ მედიკამენტებს, ანტიბიოტიკებსა და ანტისეპტიკებს ნიშნავენ.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა