სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ელიპტიკური ტრენაჟორი თუ სარბენი ბილიკი - რომელი სჯობს წონაში კლებისთვის?

ცხიმის წვისთვის ერთ-ერთ საუკეთესო დატვირვას კარდიოს შესრულება წარმოადგენს. ალბათ, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ კარდიოს შესასრულებლად საჭირო ორი უმთავრესი მექანიზმი: ელიპტიკური ტრენაჟორი და სარბენი ბილიკი ამ მხრივ განსხვავებულ შედეგებს იძლევა. თითოეული მათგანი სხვა და სხვა კუნთებს ტვირთავს და სხეულის სხვა და სხვა უბანზე ცხიმის წვის მაჩვენებლითაც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ვარჯიშის  დაწყებამდე კარგად უნდა იცოდეთ, სხეულის რომელი ზონის ტონუსში მოყვანა გსურთ ყველაზე მეტად. თქვენთვის სასურველი ტრენაჟორიც თქვენი მიზნებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ.   ელიპტიკური ტრენაჟორისა და სარბენი ბილიკის შესახებ საბაზისო ცოდნის მიღება არასასურველი დაზიანებების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ, გარდა ამისა, სასურველი ფიტნეს ინვენტარის სწორად შერჩევა სხეულის კომპოზიციის გაუმჯობესებაშიც შეგიწყობთ ხელს, ზედმეტი ცხიმებისგანაც გაგათავისუფლებთ და კუნთოვანი მასის მატებაშიც დაგეხმარებათ. ჩვენს სტატიაში ელიტპიკური ტრენაჟორისა და სარბენი ბილიკის მთავარ უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე გესაუბრებით. ინფორმაციის სრულად გაცნობის შემდეგ თავად გადაწყვიტეთ რომელი მათგანი აკმაყოფილებს უფრო მეტად თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

სარბენი ბილიკის უპირატესობები

მრავალფეროვნება - სარბენი ბილიკის გამოყენება სხვადასხვაგვარად შეგიძლიათ, მაგ. ნელი სიარული, გამაჯანსაღებელი სირბილი, სწრაფი სირბილი, სპრინტი. დატვირთვის გასაზრდელად სარბენი ბილიკის დახრილ მდგომარეობაში გამოყენებას გირჩევთ, რათა მეტი წინაღობის გადალახვა მოგიხდეთ.

მუცლის კუნთების დახვეწა - სირბილი მუცლის კუნთებს ააქტიურებს, ის ტორსსაც მნიშვნელოვნად ხვეწს. კარდიოს აღნიშნული ნაირსახეობა ბალანსის შენარჩუნებაშიც გეხმარებათ და არასასურველი დაზიანებების მიღებისგანაც გიცავთ. თუ თქვენ 20 წუთის მანძილზე დარბიხართ, მთელი ამ ხნის მანძილზე თქვენი სხეული განუწყვეტელ დატვირთვას განიცდის. რეგულარული სირბილი მუცლის კუნთებს ხვეწს, ტორსს აძლიერებს, ამტანობას გმატებთ და სხეულის ტონუსში მოყვანასაც უწყობს ხელს.

კალორიების წვა - 20 წუთის მანძილზე სწრაფი სირბილი 200-300 კალორიის დაწვაში გეხმარებათ. სარბენი ბილიკი ზედმეტი კილოგრამების თავიდან მოშორებაში შეგიწყობთ ხელს. კალორიების წვის მაჩვენებელი თქვენს წონაზეა დამოკიდებული, ასევე სარბენი ბილიკის გადახრის ხარისხზეც.

ბუნებრივობა - სირბილით და სიარულით ჩვენ ყოველდღიურად ვკავდებით. სარბენ ბილიკთან შეგუება რთული არ არის, რადგან ადამიანი მისთვის ჩვეულ მოძრაობებს აკეთებს, რის გამოც მისი გამოყენება ძალიან კომფორტულია. როგორც წესი, სარბენ ბილიკს ფიტნესით დაკავებული ადამიანების უმრავლესობა რამდენიმე წუთში ეჩვევა.

სხეულის ქვედა ნაწილის გავარჯიშება - სარბენ ბილიკზე სირბილი თქვენს კვადრიცეფსს, ჰამსტრინგს, ბარძაყებს, დუნდულებს და გულის და მუცლის კუნთებს ავარჯიშებს. სხეულის ქვედა ნაწილი განსაკუთრებით იტვირთება. თუ ბარძაყების, დუნდულების ან თეძოს არეში ზედმეტი ცხიმების დაგროვება გაწუხებთ, სარბენ ბილიკზე რეგულარული სირბილი აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ძვლების გაძლიერება- სირბილის დროს თქვენი ფეხები ალტერნატიულად იტვირთება, შესაბამისად ორივე მათგანი დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება. სირბილის დროს სწორი პოზის დაჭერა ძვლების გაძლიერებაში გეხმარებათ.

გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესება - სარბენ ბილიკზე სირბილი ან გამაჯანსაღებელი სიარული თქვენს გულისცემას აჩქარებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და გულის კუნთს აძლიერებს, რაც საბოლოოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე ძალიან დადებითად აისახება. როდესაც სარბენ ბილიკზე რეგულარულად დარბიხართ, გარკვეული დროის შემდეგ ნებისმიერი სახის კარდიოს შესრულებას მარტივად შეძლებთ და სუნთქვის პრობლემები არ შეგექმნებათ.

სარბენი ბილიკის ნაკლოვანებები

პოზის ცვლილება - სარბენ ბილიკზე რეგულარულმა სირბილმა შესაძლოა თქვენი სხეულის დაჭერის მანერა მნიშვნელოვნად შეცვალოს. ადამიანები, რომლებიც ბილიკზე ხშირად დარბიან სირბილისა და სიარულის მანერას იცვლიან. სირბილის დროს არასწორი პოზის დაჭერით შესაძლოა სახსრებისა და ზურგის ქვედა ნაწილის საერთო მდგომარეობა გაიუარესოთ.

მხოლოდ სხეულის ქვედა ნაწილი ვარჯიშდება - სარბენ ბილიკზე სირბილი სხეულის ქვედა ნაწილის გასავარჯიშებლად იდეალური დატვირთვაა, მაგრამ მთლიანი სხეულის დასატვირთად ნაკლებად გამოდგება. თუ კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ სხეულის ზედა ნაწილის კუნთები სარბენ ბილიკზე სათანადოდ არ იტვირთება.

კუნთოვანი მასის დანაკარგი - სარბენ ბილიკზე რეგულარულ სირბილს შეუძლია კუნთოვანი მასის დაკარგვამდე მიგიყვანოთ. აუცილებელია, ყოველი ვარჯიშის შემდეგ პროტეინებით მდიდარი საკვები მიიღოთ, ხოლო სარბენ ბილიკზე სირბილის შემდეგ ყოველ მეორე დღეს ძალოვანი ვარჯიშით დაკავდეთ.

უსაფრთხოების ნაკლებობა - სარბენ ბილიკზე სირბილი ყველასთვის არ არის მიზანშეწონილი. მოედანზე სირბილისგან განსხვავებით, ტრენაჟორზე სირბილს გაცილებით მეტი გამძლეობა და ამტანობა სჭირდება. შესაძლოა, თავბრუ მარტივად დაგეხვეთ. სიჩქარეების ხშირი ცვლის გამო კი მოულოდნელად დაეცეთ და რამე იტკინოთ.

სარბენი ბილიკი ძალიან დაგეხმარებათ, თუ: ვარჯიშის დაწყებამდე გახურებას გადაწყვეტთ, სხეულის ქვედა ნაწილიდან ზედმეტი ცხიმის დაწვა გსურთ, რეაბილიტაციას გადიხართ და ბილიკზე ნელი სიარული ძალების აღდგენაში გეხმარებათ, სირბილი გინდათ, მაგრამ გარეთ გასვლას ვერ ახერხებთ ან სტრესისგან გათავისუფლებას ცდილობთ. მოერიდეთ სარბენი ბილიკის გამოყენებას, თუ: ზურგის ტკივილი გაწუხებთ ან მუხლი დაგიზიანდათ, გულის ოპერაცია გაიკეთეთ ან მკურნალი ექიმი სირბილს გიკრძალავთ.

ელიპტიკური ტრენაჟორის უპირატესობები

სახსრებისთვის მოტანილი სარგებელი - ელიპტიკურ ტრენაჟორზე შესრულებული კარდიო სახსრებს ნაკლებად ტვირთავს, განსაკუთრებით მუხლის სახსარს. მსგავსი ტიპის ვარჯიში კიბეებზე ასვლის ან თხილამურებით სრიალისას საჭირო მოძრაობებს იმეორებს. მსგავსი ტიპის დატვირთვა უსაფრთხოა და დაზიანებების მიღებისგან გიცავთ.

მთელი სხეულის დატვირთვა - ფეხის კუნთების გარდა ელიპტიკური ტრენაჟორი ბიცეფსს, ტრიცეფსს, ზურგის კუნთებს და ტორსსაც ტვირთავს. საბოლოოდ თქვენ მთელ სხეულს ტვირთავთ, ბალანსის შენარჩუნებას სწავლობთ  და ტორსს იძლიერებთ.

კალორიების წვა - ელიპტიკურ ტრენაჟორზე 30 წუთში 200-300 კალორიის დაწვა შეგიძლიათ.

ელიპტიკური ტრენაჟორის ნაკლოვანებები

ძვლებს არ აძლიერებს - ელიპტიკურ ტრენაჟორზე ვარჯიში ძვლებსა და სახსრებზე ნაკლებად ზემოქმედებს. ეს კარგიც არის და ცუდიც. სარბენ ბილიკზე სირბილი ძვლების გაძლიერებაში გეხმარებათ, მაგრამ ტრავმების მიღების ალბათობას ზრდის. ელიტპიკური ტრენაჟორი ძვლებს არ აზიანებს, მაგრამ მათ გაძლიერებასაც ვერ უზრუნველყოფს.

ნაკლებად დინამიკურია - სარბენი ბილიკისგან განსხვავებით, რომელსაც დატვირთვის გასაზრდელად გადახრის სპეციალური რეჟიმი აქვს, ელიპტიკურ ტრენაჟორს მსგავსი ფუნქცია არ გააჩნია. თუ დატვირთვის გაზრდას და ახალი გამოწვევების მიღებას გადაწყვეტთ, ელიპტიკური ტრენაჟორი არ გამოგადგებათ.

ელიპტიკურ ტრენაჟორზე ვარჯიში აუცილებლად უნდა სცადოთ თუ: ტრავმისგან განკურნებას ცდილობთ, ძალიან გადაღლილი ხართ და ნაკლებად ინტენსიური ვარჯიში გჭირდებათ ან სხეულის ქვედა და ზედა ნაწილის ერთნაირად დატვირთვა გსურთ. ნუ გამოიყენებთ ელიპტიკურ ტრენაჟორს, თუ მკურნალი ექიმი ამის უფლებას არ გაძლევთ.

ელიპტიკური ტრენაჟორი თუ სარბენი ბილიკი - რომელი სჯობს კალორიების დასაწვავად?

ელიპტიკური ტრენაჟორი და სარბენი ბილიკი კალორიების დაწვაში ერთნაირად გეხმარებათ. თუმცა ყველაფერი თქვენს საბოლოო მიზანზეა დამოკიდებული. თუ მთელი სხეულის დატვირთვა გსურთ, სარბენი ბილიკის იმედად ნუ იქნებით. მისი გამოყენება სხეულის ქვედა ნაწილის ტონუსში მოსაყვანად უფრო გამოგადგებათ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრენაჟორზე ვარჯიშობთ, კარდიოს შესრულების შემდეგ ძალოვანი ვარჯიში არ დაივიწყოთ, რათა წონაში კლებასთან ერთად კუნთოვანი მასაც არ დაკარგოთ.

წარმატებებს გისურვებთ!

გაიარეთ ავტორიზაცია და შეაფასეთ სტატია


ცუდი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

კარგი

0

დან 0

0 ხმა

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა