სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ალკოჰოლი და ფიზიკური დატვირთვა - რამდენად უსაფრთხოა ნაბახუსევზე ვარჯიში?

გურმანებმა კარგად იციან, როგორ უხდება ერთმანეთს მაკარონი და ყველი, წიწაკა და მარილი, არაქისის კარაქი და ჯემი. როდესაც ქუჩაში მიმავალ ლამაზ და ბედნიერ წყვილს ვხედავთ, ვხვდებით, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ სამყაროში სრული ჰარმონია არ სუფევს. გარკვეული საგნების თუ მოვლენების ერთობა ძნელად წარმოგვიდგენია, რადგან მათ შორის აბსოლუტური დისჰარმონია და კონტრასტულობა შეინიშნება. როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანს ალკოჰოლი უყვარს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ვარჯიშისადმი გულგრილი იქნება, რადგან ცხოვრების არაჯანსაღი წესის მიმდევრებს, როგორც წესი, დარბაზში სიარული ნაკლებად იზიდავთ. მართალია, ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ მსგავსი კომბინაცია სამყაროში არც ისე იშვიათია, როგორც გვგონია.

დასაქმებული ადამიანების დიდ ნაწილს მძიმე სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დარბაზში წასვლაც სურს და ბარში ალკოჰოლის დაგემოვნებაც. როგორც წესი, ისინი ორივე სურვილს იკმაყოფილებენ. სავარაუდოდ, მათ თავიანთი ქმედებების  გაცნობიერება უჭირთ და არ ესმით, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ნასვამ მდგომარეობაში ვარჯიშს. ჩვენს სტატიაში ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის მიღებით გამოწვეულ ცვლილებებსა და ნასვამ მდგომარეობაში ვარჯიშის უკუჩვენებებზე გესაუბრებით.

რა გავლენას ახდენს ალკოჰოლი ადამიანის ორგანიზმზე?

ალკოჰოლი ადამიანის ჯანმრთელობაზე მრავალმხრივ ზემოქმედებს. ის განსაკუთრებით დიდ გავლენას ფსიქიკაზე ახდენს. ალკოჰოლი მიღებისთანავე წვრილი ნაწლავის მიერ შეიწოვება და მალევე ხვდება სისხლში. ის ადამიანის ტვინის ძირითად უჯრედებზე, მეტაბოლიზმზე, პროტეინის სინთეზსა და ორგანიზმში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან პროცესებზე უდიდეს გავლენას ახდენს. ადამიანების უმეტესობამ კარგად იცის, რომ ალკოჰოლი უარყოფითად ზემოქმედებს კანის ქსოვილებზე, ის მომნელებელი სისტემის მუშაობას აფერხებს, ასევე კოორდინაციის და განსჯის უნარს აქვეითებს. თუმცა ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ალკოჰოლის რეგულარული მიღება იწვევს.

მთავარი დარტყმა, რომელსაც სასმელი ორგანიზმს აყენებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოდის. პერმანენტულ სმას გულის უკმარისობის გამოწვევა შეუძლია. ალკოჰოლი არტერიული წნევის მატებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ის უკიდურეს ზიანს აყენებს ადამიანის ნერვულ სისტემას.  ალკოჰოლის ხშირი მიღებით გამოწვეული უსიამოვნებები ყველას ერთნაირად არ აწუხებს. ყველაფერი თქვენს ასაკზე, სქესზე, კვებით ჩვევებსა და ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული.

ნასვამ მდგომარეობაში ვარჯიში: პოტენციური რისკები

ყველასთვის ცხადია, რომ კოორდინაციის გაუარესების პირობებში, ბალანსის შენარჩუნება და განსაკუთრებული მოქნილობის გამოვლენა თითქმის შეუძლებელია. ნასვამ ადამიანს  სამყაროს ცხადად აღქმის უნარი არ აქვს, ის მოვლენებს სწორად ვერ აფასებს და არც ჩვეულებრივად აზროვნება შეუძლია. ცხადია, მსგავს მდგომარეობაში დარბაზში სტუმრობას აზრი არ აქვს. ნასვამი ადამიანი შეზღუდვებს არ ცნობს და მისთვის გადაულახავი წინააღმდეგობები არ არსებობს. ზედმეტ გამბედაობას კი ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ. თუ თქვენ ვარჯიშის დროს სიფრთხილის დაცვის უნარი არ შეგწევთ, არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ დარბაზში მყოფ სხვა ადამიანებსაც უქმნით საფრთხეს.

დარბაზში ვარჯიში ნაბახუსევზეც არ არის მიზანშეწონილი. თუ წინა ღამით ბევრი დალიეთ, დილით თავს კვლავ სუსტად და დამძიმებულად იგრძნობთ. უმჯობესია, ალკოჰოლის მიღების შემდეგ რამდენიმე დღით დაისვენოთ და მძიმე ფიზიკურ დატვირთვას თავი აარიდოთ. შესაძლოა, ნაბახუსევზე თავს კარგად გრძნობდეთ და არაფერს უჩიოდეთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს ორგანიზმში ყველაფერი წესრიგშია. ალკოჰოლი ძლიერი დიურეტიკია, ის ხშირად მოშარდვის  სურვილს გიჩენთ. თუ სითხის დიდი რაოდენობით  დანაკარგს ვარჯიშით გამოწვეული ოფლისდენაც დაერთო, დეჰიდრატაციის საფრთხე დაგემუქრებათ. ჰიდრატაციის დაბალი ხარისხი და კუნთების სისუსტე ნაბახუსევის ძირითადი სიმპტომებია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. თუ ღამით ძალიან ბევრს დალევთ (მით უმეტეს, თუ  მსგავს ქცევას ქრონიკული ხასიათი აქვს), დილით ვარჯიშმა, შესაძლოა, არითმია გამოიწვიოს, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

ალკოჰოლი ძლიერი დეპრესანტია, ის ნორმალური აქტივობის უნარს გართმევთ. ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს რეაქციის სიჩქარე უნელდება, ძალა და ამტანობა უქვეითდება, რის გამოც ფიზიკური დატვირთვა მისთვის, შესაძლოა, დამღუპველიც კი აღმოჩნდეს. ალკოჰოლის უარყოფითი ეფექტები სწრაფად არ გამოვლინდება. ვარჯიშის დროს, შესაძლოა, თავს ძალიან კარგად გრძნობდეთ და ჩათვალოთ, რომ არაფერი გაწუხებთ, თუმცა ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას არ გირჩევთ. რიგ შემთხვევებში, ნასვამ მდგომარეობაში მძიმე ფიზიკურმა დატვირთვამ, შესაძლოა, გონების დაკარგვამდე მიგიყვანოთ.

მართალია,  ნაბახუსევზე ვარჯიში ყოველთვის სარისკო სულაც არ არის, მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების დროს სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ორგანიზმი სტრესისგან  და ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლდა, დაბრაზში წასვლას მოერიდეთ. ვარჯიშის დაწყებას მხოლოდ მაღალი ჰიდრატაციის პირობებში აქვს აზრი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნათ. თუ ვარჯიში ძალიან გიყვართ და მასზე უარის თქმა არ შეგიძლიათ, ალკოჰოლი სამუდამოდ უნდა დაივიწყოთ, რადგან ეს უკანასკნელი ორგანიზმზე მრავალმხრივ ზემოქმედებს და ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.   

როგორ მოვიქცეთ, თუ ალკოჰოლის მიღებაც გვინდა და ვარჯიშიც?

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მრავალფეროვანი ცხოვრება იზიდავთ. ისინი ცდილობენ სოციალურად მაქსიმალურად აქტიურები იყვნენ, ყოველდღიურად დადიან სამსახურში, ხშირად ერთობიან მეგობრებთან ერთად, უარს არ ამბობენ ალკოჰოლზე და დარბაზში სიარულიც ძალიან მოსწონთ. თუ თქვენც ადამიანთა მოცემულ კატეგორიას მიეკუთვნებით და უარს ვერც ვარჯიშზე ამბობთ და ვერც ალკოჰოლზე, გირჩევთ, სამსახურის დასრულების შემდეგ ჯერ დარბაზში წახვიდეთ, შემდეგ კი -  ბარში. ცხადია, ალკოჰოლის მიღება არც ვარჯიშის შემდეგ მოგიტანთ სარგებელს, თუმცა ტრავმების მიღებისგან დაზღვეული იქნებით. თუ სავარჯიშოდ ნასვამი წახვალთ, ვარჯიშზე ვერ კონცენტრირდებით, ვერც სასურველ მიზანს მიაღწევთ და ვერც სიამოვნების მიღებას შეძლებთ.

თუ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ვარჯიშს მაინც გადაწყვეტთ, დაზიანებებისა და ტრავმების პრევენციის მიზნით შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:

ალკოჰოლის მიღებასა და ვარჯიშს შორის ინტერვალი მაქსიმალურად გაზარდეთ - მიღებული ალკოჰოლის ნაწილი ორგანიზმიდან 1-2 საათის შემდეგ გამოიდევნება. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და ალკოჰოლის მიღების შემდეგ გარკვეული დრო მოსვენებულ მდგომარეობაში გაატაროთ.

მიიღეთ ბევრი სითხე და ვარჯიშს მცირე დრო დაუთმეთ - ჰიდრატაციის გარეშე  სრულყოფილად ვერ ივარჯიშებთ. ტრავმების მიღების ალბათობის შესამცირებლად, ვარჯიშის ხანგრძლივობა შეამოკლეთ, რათა მეტისმეტად არ გადაიღალოთ და კოორდინაცია არ დაგერღვეთ.

ალკოჰოლის მიღებამდე სოლიდური საკვები მიირთვით - საკვების მიღება ალკოჰოლის შეწოვის პროცესს შეანელებს. ზედმეტად მძიმე საკვებს ნუ მიირთმევთ, რათა ვარჯიშის დროს თავისუფლად მოძრაობა შეძლოთ.

ივარჯიშეთ მაქსიმალურად დაბალი ინტენსივობით - მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები დაივიწყეთ. ნასვამ მდგომარეობაში ზედმეტი დატვირთვა რეკომენდებული არ არის. 

მიუხედავად იმისა, რომ ნასვამ მდგომარეობაში ვარჯიში გარკვეული ზომების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლებად საფრთხისშემცველი აღმოჩნდეს, გირჩევთ ნაბახუსევზე ფიზიკურ დატვირთვას მაქსიმალურად მოერიდოთ. უმჯობესია, თუ ვარჯიშს სამომავლოდ გადადებთ. ასე  ენერგიის დაზოგვასაც შეძლებთ და საკუთარ ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდებით.

წარმატებებს გისურვებთ!

 

გაიარეთ ავტორიზაცია და შეაფასეთ სტატია


ცუდი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

კარგი

0

დან 0

0 ხმა

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა