Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



9 მითი იოგას შესახებ, რომელიც არ უნდა დაიჯეროთ

მსოფლიო მასშტაბით იოგას პოპულარობა მნიშვნელოვნად იზრდება. მიუხედავად ამისა, ადამიანებს მის შესახებ ზუსტი და საჭირო ინფორმაცია ხშირად არ აქვთ. იოგას პრაქტიკასთან დაკავშირებით უამრავი მითი ვრცელდება, რომელთა უდიდესი ნაწილი ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოა. ჩვენს სტატიაში იოგას შესახებ გავრცელებულ 9 ცნობილ მითს გაგაცნობთ, რომელიც არ უნდა დაიჯეროთ.

იოგას მიმდევარი რომ გახდეთ, ელასტიური უნდა იყოთ

იოგას შესახებ გავრცელებული ერთ-ერთი მითის თანახმად, თქვენ აღნიშნული პრაქტიკით ვერ დაკავდებით, თუ მოქნილი და ელასტიური არ ხართ, რაც აბსურდული მოსაზრებაა. ეს იგივეა ვამტკიცოთ, რომ შხაპის მიღება მხოლოდ სუფთა ადამიანებისთვის არის ნებადართული ან დარბაზში სიარულის შესაძლებლობა მხოლოდ გამხდარ ადამიანებს აქვთ. რა თქმა უნდა, იოგასა და ელასტიურობას შორის კავშირი არსებობს, მაგრამ თქვენ არ მოგეთხოვებათ, რომ იოგას კლასში გაწევრიანებამდე მოქნილი იყოთ. აუცილებელი არ არის, რომ ხელებით ფეხის წვერებს ეხებოდეთ. ელასტიურობის დეფიციტი ხელს არ შეგიშლით, რომ იოგას მიმდევარი გახდეთ. დროთა განმავლობაში, იოგას დახმარებით უფრო მოქნილი და ელასტიური გახდებით. იოგას პრაქტიკას სწორედ იმიტომ ვუწოდებთ, რომ ის ბევრ რამეს გასწავლით. ელასტიურობა იოგას გაკვეთილებით მიღებული შედეგია, ის თვითნაბადი უნარი არ არის.

იოგა გამხდარი, ახალგაზრდა და ლამაზი ადამიანებისთვისაა

იოგას სარეკლამო რგოლებსა და ბროშურებზე ყოველთვის ახალგაზრდა, ლამაზი აღნაგობის, გამხდარ ქალბატონებს ვხედავთ, რომლებიც ულამაზეს სხეულებს იოგას სხვადასხვა პოზაში წარმოაჩენენ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა და გამხდარი ქალბატონების სარეკლამო რგოლებში გადაღება გამართლებულია, რადგან მსგავი რეკლამა ადამიანების დაინტერესებას უწყობს ხელს, თუმცა აღნიშნული ტიპის რეკლამების წყალობით იოგასთან დაკავშირებული მითებიც სწრაფად ვრცელდება. ადამიანები ფიქრობენ, რომ იოგა მხოლოდ გამხდარი და ლამაზი ქალბატონებისთვისაა, რაც უდიდესი შეცდომაა. იოგა ერთიანობის პრაქტიკაა. ის ნებისმიერი ადამიანისთვის სასარგებლო დატვირთვაა. იოგას პრაქტიკით დაკავება ახალგაზრდებთან ერთად ასაკოვან ადამიანებსაც შეუძლიათ. ის თანაბრად სასარგებლოა, როგორც გამხდარი, ასევე ჭარბწონიანი ადამიანებისთვისაც. 2016 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევით დგინდება, რომ იოგას კლასებში უმეტესად 50 წელს გადაცილებული ადამიანები წევრიანდებიან, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ იოგა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არ არის განკუთვნილი. იოგა ინკლუზიური პრაქტიკაა, რომელიც მაღალი მიმღებლობით ხასიათდება. თუ ჭარბწონიანი ხართ და იოგა  გიზიდავთ, მასზე უარი არ უნდა თქვათ.

იოგა რელიგიაა

იოგას პრაქტიკაში რელიგიური ელემენტები მრავლად გვხვდება. მას სპირიტუალური ხასიათი ნამდვილად აქვს, მაგრამ თავისი არსით იოგა რელიგია არ არის. აღნიშნული მითის გავრცელებას იოგას პრაქტიკის ინდური წარმომავლობა უწყობს ხელს. დასავლურ კულტურებში ფიქრობენ, რომ იოგას შესრულებისთვის გარკვეული რელიგიური მრწამსია საჭირო. იოგას შესრულება ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს შეუძლია. ცხადია, სპირიტუალური ვარჯიშების გამოყენებით თქვენ საკუთარი თავის გაკონტროლებას სწავლობთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახალი რელიგიის აღმსარებელი ხდებით.

იოგა მხოლოდ გაწელვის ვარჯიშებისგან შედგება

შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ იოგა გაწელვის ვარჯიშებისგან შემდგარი პრაქტიკა არ არის. მართალია, იოგას კლასში მისული ადამიანები უამრავ პოზას აფიქსირებენ, რომლებიც გაწელვის ვარჯიშების მსგავსია, მაგრამ იოგას პრაქტიკის ფიზიკური ელემენტი დიდი სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია. იოგა უმეტესად სწორად სუნთქვაზეა კონცენტრირებული. თქვენ სხეულს ამოძრავებთ, მოძრაობას სუნთქვასთან აკავშირებთ და მხოლოდ მოცემული წამით ცხოვრობთ. იოგას მთავარი დანიშნულება ჭარბი ენერგიებისგან გათავისულებაა, რათა ადამიანმა მედიტაცია და განტვირთვა შეძლოს. სწორედ ამიტომ არის იოგა პრაქტიკა და არა ვარჯიში. როდესაც იოგას მიმდევარი ხართ, იოგას ხალიჩაზე გატარებული 60 წუთი არაფერს წყვეტს, მთავარია, რა დაგრჩებათ ამ პრაქტიკიდან.

იოგა ძალიან მარტივი პრაქტიკაა

გულახდილად რომ ვისაუბროთ, იოგას ნამდვილად აქვს მარტივი პოზები, როგორიც არის მაგ. ბავშვის პოზა, რომელიც ზედმეტ გამოწვევებთან არ ასოცირდება და მძიმე ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვს. თუ თქვენ ინტენსიური კარდიო მოგწონთ, მძიმე წონებით იტვირთებით და ინტერვალურ ვარჯიშებს ასრულებთ, იოგას პრაქტიკა, შესაძლოა, მარტივად მოგეჩვენოთ. შეიძლება, არ მოისურვოთ დროის დახარჯვა ისეთ ვარჯიშზე, რომელიც ოფლს არ დაგაღვრევინებთ და თქვენგან ფიზიკურ დაძაბულობას ნაკლებად მოითხოვს. იოგა ერთი შეხედვით მარტივი პრაქტიკაა, მაგრამ სინამდვილეში ის ძალიან ბევრ გამოწვევას გპირდებათ. როდესაც ადამიანები იოგას კლასს ტოვებენ, ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ აღნიშნული პრაქტიკა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მათ წარმოედგინათ. იოგა ტრადიციული ვარჯიშებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ მისი სირთულე და სიმარტივე მხოლოდ თქვენს პირად არჩევანსა და სურვილზეა დამოკიდებული. თქვენ პრაქტიკის გაძლიერება და შემსუბუქება  შეგიძლიათ. როდესაც მორიელის პოზას აფიქსირებთ, თქვენ ურთულესი გამოწვევების წინაშე დგებით. იოგა, გარდა იმისა, რომ კალორიების წვაში გეხმარებათ, ბალანსისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაშიც გიწყობთ ხელს. გირჩევთ, იოგაზე უარს წინასწარ ნუ იტყვით. ათლეტებს იოგას შესრულების დროს ისეთ გამოწვევებთან უხდებათ გამკლავება, რომლებიც მათთვის სრულიად უცხოა. ვიდრე იოგას მარტივ პრაქტიკად ჩათვლით, გირჩევთ მის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ.

იოგა ძალიან რთული პრაქტიკაა

მართალია, ბევრი ადამიანი იოგას მეტისმეტად მარტივ პრაქტიკად განიხილავს, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს და თვლის, რომ იოგას შესრულებისთვის საჭირო ენერგია ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება. ბევრი ადამიანისთვის, ვისაც არასდროს უვარჯიშია, იოგა ძალიან რთული პრაქტიკაა. მათ საკუთარი კომფორტის ზონის დატოვება და ახალი გამოცდილების მიღება ძალიან აშინებთ. ისინი შიშობენ, რომ პოზებს სწორად ვერ დააფიქსირებენ. ახალ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდებიან და თავდაჯერებას დაკარგავენ. მართალია, შიში ძლიერი დემოტივატორია, მაგრამ უმჯობესია, თუ მის დაძლევას შეძლებთ და იოგას კლასს მიაკითხავთ. იოგა საკუთარი სხეულის მოსმენას გასწავლით, ნეგატიური ფიქრებისგან გაგათავისუფლებთ. გარდა ამისა, აღნიშნული პრაქტიკა მოდიფიცირებადი პოზებისგან შედგება, რაც საშუალებას გაძლევთ ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და გამოცდილების მიხედვით ივარჯიშოთ.

ორსულობის დროს იოგას შესრულება არ შეიძლება

ორსულობის დროს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უსაფრთხო ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია. იოგა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და კომფორტული დატვირთვაა. ის ორსულ ქალბატონებს რელაქსაციაში ეხმარება, რაც ნაკლებად სტრესული მშობიარობისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, იოგას პრაქტიკა კუნთებსა და სახსრებს მოქნილობას მატებს. შესაბამისად მშობიარობის პროცესი ნაკლებად მტკივნეულია. იოგას პრაქტიკის დროს ტრავმებისა და დაზიანებების მიღების ალბათობა მინიმალურია, რაც ორსულ ქალბატონებს და ნაყოფს გართულებებისგან იცავს. აუცილებელია, რომ ორსულმა ქალბატონებმა რაციონალურად ივარჯიშონ და ზედმეტ დატვირთვას ერიდონ. უმჯობესია, თუ მომავალი დედები კვალიფიციურ იოგას ინსტრუქტორთან ერთად ივარჯიშებენ, რათა ჭარბი დატვირთვისა და ტრავმების მიღებისგან თავის დაზღვევა შეძლონ.

იოგას პრაქტიკით დაკავება ძვირადღირებულ სავარჯიშო აღჭურვილობას მოითხოვს

თქვენ შეგიძლიათ იოგას აღჭურვილობის მწარმოებელი ბრენდების მაღაზიებს მიაკითხოთ და აღჭურვილობის შესაძენად კოლოსალური თანხები დახარჯოთ, მაგრამ ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობს. საჭირო არ არის, რომ სპეციალური ტანსაცმელი ჩაიცვათ და დარბაზში ასე მიხვიდეთ. ეს აბსურდული დამოკიდებულებაა, რომელიც მშვიდად და თავდაჯერებულად ვარჯიშში ხელს შეგიშლით. მთავარია, კომფორტულად გეცვათ. შეგიძლიათ, ნებისმიერი სპორტული ტანისამოსი მოირგოთ, რომელიც სახლში გაქვთ. იოგას კლასს თუ მიაკითხავთ, სპეციალური ხალიჩის შეძენა თავად არ მოგიწევთ, შესაბამისად, აღნიშნული პრაქტიკით დაკავება საკმაოდ იაფი დაგიჯდებათ.

იოგას შესრულებას ძალიან ბევრი დრო სჭირდება

იოგას ოფიციალური კლასები 30, 60 და 90 წუთიან დატვირთვას გთავაზობენ. არ იფიქროთ, რომ იოგას პრაქტიკისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად სულ ცოტა ერთი საათი ვარჯიში აუცილებელია. ინტერნეტში უამრავი იოგას ონლაინ კლასის მოძიება შეგიძლიათ, რომლებიც 5, 10 და 15 წუთიან დატვირთვას გთავაზობენ. თუ თქვენ დღის განმავლობაში ტელევიზორის ყურებისთვის ათი წუთის გამონახვა შეგიძლიათ, ე.ი. იოგას პრაქტიკისთვის დრო ნამდვილად გაქვთ, შესაბამისად, საკუთარი სიზარმაცის გასამართლებლად დროის დეფიციტის არგუმენტს ვერ გამოიყენებთ.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა