სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



როგორ დავწვათ 100 კალორია მარტივად?

ყოველდღიური სახალისო აქტივობები კალორიების წვაშიც ძალიან გვეხმარება. აუცილებელი არ არის, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც კალორიების დაწვას მოისურვებთ, დარბაზს მიაკითხოთ. ხშირად, სასურველი შედეგის მისაღებად მსუბუქი აქტივობების შესრულებაც სავსებით საკმარისია. ზოგიერთი ვარჯიში, რომელიც 100 კალორიის დაწვაში გეხმარებათ, თქვენგან მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს, ზოგს კი უფრო მეტი დრო სჭირდება. მსგავსი აქტივობების დღიურ რუტინაში ჩართვა საკმაოდ მარტივია, რადგან თქვენ ფიტნეს აღჭურვილობის შეძენა, დარბაზში წასვლა და ვარჯიშის შემდეგ შხაპის მიღება არ გჭირდებათ. გარდა ამისა, თითოეული აქტივობა, რომელსაც შემოგთავაზებთ, ძალისა და მოქნილობის მატებაშიც დაგეხმარებათ. თქვენ განწყობაც მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ და წონაც. თუ მოცემულ აქტივობებს დღეში რამდენჯერმე შეასრულებთ, 200, 300 და 500 კალორიას ძალიან მარტივად დაწვავთ. იმისთვის, რომ მოტივაცია არ დაკარგოთ,  აქტივობების ჩამონათვალი სამზარეულოში, თვალსაჩინო ადგილას მოათავსეთ, მეგობრები და თანამშრომლებიც აიყოლიეთ, რათა წონის გაუმჯობესებაზე ერთად იზრუნოთ.

  • კიბეებზე სიარული

კიბეებს ყველგან შეხვდებით, თქვენი სახლის მახლობლად, სამსახურში, სასტუმროშიც კი, როდესაც სამოგზაუროდ ხართ წასული. კიბეებზე 10 წუთის მანძილზე თუ ივლით, თქვენ 100 კალორიის დაწვას მარტივად შეძლებთ. ცხადია, კიბეებზე ასვლას ვგულისხმობთ. გარდა ამისა, ძლიერი და სექსუალური ფეხების ჩამოყალიბებაც არ გაგიჭირდებათ. სხეულის ქვედა ნაწილის თითოეული კუნთის ფორმირებისთვის კიბეებზე სიარული ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიშია. მართალია, კალორიების წვისთვის კიბეებზე ასვლას ენიჭება უპირატესობა, მაგრამ კუნთების ტონუსში მოყვანას და გავარჯიშებას კიბეებზე ჩასვლაც უწყობს ხელს.

  • გაწელვა და რელაქსაცია

ინტენსიური და რთული ვარჯიშების შესრულება თუ გღლით და გეზარებათ, სანერვიულო არაფერია. გაწელვისა და რელაქსაციის ვარჯიშების დახმარებით, თქვენ 30 წუთში 100 კალორიის დაწვა შეგიძლიათ. იგივე ხდება, როდესაც ნახევარი საათის განმავლობაში იოგას ასრულებთ. გარდა ამისა, გაწელვის ვარჯიშების დახმარებით თქვენ სახსრებს მოქნილობას მატებთ, სტრესს მნიშვნელოვნად ამცირებთ და ძილის რეჟიმის მოწესრიგებასაც ახერხებთ. თუ არ იცით, გაწელვისა და რელაქსაციის რომელი ვარჯიშები უნდა შეასრულოთ, გირჩევთ, ინფორმაცია ინტერნეტში მოიძიოთ.

  • მაგიდის ჩოგბურთი

მაგიდის ჩოგბურთს სხვაგვარად პინგ-პონგს ვუწოდებთ. ბოლოს როდის დაკავდით ამ არაჩვეულებრივი სპორტით? იცოდით, რომ პინგ-პონგის 20 წუთიანი სესია 100 კალორიისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ? გარდა ამისა, მაგიდის ჩოგბურთის დახმარებით ხელებისა და თვალების კოორდინაციის უნარს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ. თუ თქვენი მოწინააღმდეგე ძლიერი კონკურენტია და პინგ-პონგის თამაში კარგად გამოსდის, თქვენ გაცილებით მეტ კალორიას დაწვავთ, ვიდრე ჩვეულებრივ. მაგიდის ჩოგბურთი საკმაოდ ძლიერი აერობული დატვირთვაა, რომელიც უამრავ ახალ გამოწვევას გთავაზობთ.

  • სამუშაო მაგიდის მოწესრიგება

სამუშაო დღეებში შესვენებაზე კიბეების დასალაშქრად ან სასეირნოდ წასვლას ყოველთვის ვერ შეძლებთ, რადგან, შესაძლოა, მნიშვნელოვანი საქმის დამთავრება გქონდეთ მიზნად დასახული. თუ ასეა, ნუ აღელდებით. კალორიების დაწვა ოფისშიც შეგიძლიათ. როდესაც სამუშაო მაგიდას აწესრიგებთ, ნარჩენებს სანაგვე ურნაში ყრით და სხვა რუტინულ სამუშაოს ასრულებთ, თქვენ ერთ საათში 100 კალორიის დაწვას ახერხებთ. ეცადეთ ხშირად მოიწყოთ მცირე შესვენებები, როდესაც მსუბუქ გაწელვის ვარჯიშებს შეასრულებთ.

  • ფეხზე დგომა

გიფიქრიათ, რამდენად ბევრ კალორიას დაწვავდით, სამსახურში ფეხზე დამდგარი რომ მუშაობდეთ და არა დამჯდარი?! ფეხზე დგომისას თქვენ ყოველ 10 წუთში 10-ით მეტ კალორიას წვავთ, მჯდომარე პოზასთან შედარებით. აუცილებელი არ არის, რომ ძვირადღირებულ მაგიდასთან დადგეთ, რომელიც სპეციალურად ფეხზე მდგომი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. შეგიძლიათ, თანამშრომლებთან საუბრისას უბრალოდ ფეხზე დადგეთ და მნიშვნელოვანი საკითხები ასე მიმოიხილოთ. მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარების განხორციელების დროს შეგიძლიათ ფეხით იაროთ, რათა ზედმეტი კალორიებისგან გათავისუფლება შეძლოთ.

  • მეგობრებთან ერთად ცეკვა

თუ თქვენი მეგობრები თავისუფალ დროს კაფეში დასხდომას და გემრიელი კერძების დაგემოვნებას ამჯობინებენ, გირჩევთ, მათი გეგმების შეცვლა სცადოთ. ჭარბი კალორიებისგან გათავისუფლება თუ გსურთ, მეგობრებთან ერთად საცეკვაოდ უნდა წახვიდეთ. თუ სტანდარტული მოძრაობების გამოყენებით 30 წუთის მანძილზე იცეკვებთ, თქვენ 165 კალორიის დაწვას შეძლებთ. ცეკვისგან მიღებული სარგებელი მხოლოდ კალორიების წვაში არ არის. როდესაც თქვენ მეგობრებთან ერთად კაფეში წასვლაზე უარს აცხადებთ, ზედმეტი კალორიების მიღებისგან იცავთ თავს, რაც კალორიების დეფიციტის შექმნაში გეხმარებათ და ჭარბი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში გიწყობთ ხელს.

  • სახლის დასუფთავება

სახლი დასასუფთავებელი გაქვთ? თუ ასეა, გილოცავთ! სახლის დალაგება და დასუფთავება საკმაოდ ეფექტური ვარჯიშია, რომელიც ჭარბი კალორიებისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ. სახლის დასუფთავების სტანდარტული პროცედურები 30 წუთის მანძილზე 100 კალორიის დაწვაში გიწყობთ ხელს. მეტი კალორიის დასაწვავად, უფრო მეტი საქმე უნდა იტვირთოთ. რაც უფრო რთული პროცედურების ჩატარება მოგიხდებათ, შედეგი მით უფრო ეფექტური იქნება.

  • სიმაღლეზე ასვლა

ბუნებაში გასეირნებაზე უარი არასდროს თქვათ. სპორტული ფეხსაცმელი ჩაიცვით და მთებისკენ გაეშურეთ. როდესაც სიმაღლეების დაპყრობას ცდილობთ, თქვენ 100 კალორიას სულ რაღაც 15 წუთში წვავთ. მთებზე ასვლა გაცილებით მეტი კალორიის დაწვაში გეხმარებათ, ვიდრე სეირნობა, რადგან მთაზე ან გორაკზე სიარულის დროს თქვენ არაერთგვაროვან რელიეფზე გადაადგილდებით. სწორედ ამიტომ, თქვენი ფეხის კუნთები ორმაგი დატვირთვით მუშაობს. ფეხის კუნთებს მოძრაობაზე ეკისრება პასუხისმგებლობა. იმისთვის, რომ მოძრაობისას სტაბილურობის შენარჩუნება შეძლოთ, თქვენი ცენტრის კუნთები განსაკუთრებით იტვირთება. სიმაღლეზე ასვლის დროს, თქვენ მნიშვნელოვან კუნთებს ავარჯიშებთ და კალორიებსაც წარმატებით წვავთ.

  • როლიკებით სეირნობა

როლიკებით სეირნობა კალორიების წვის საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. თუ თქვენი სახლის სიახლოვეს არსებობს ადგილი, რომელიც როლიკებით გადაადგილებისთვის კომფორტული და უსაფრთხოა, გირჩევთ, ამ საქმით აუცილებლად დაკავდეთ. აუცილებელი არ არის, რომ ამ საქმის პროფესიონალი იყოთ, მთავარია, როლიკებით გადაადგილება შეგეძლოთ. დამწყებებიც კი მარტივი მოძრაობების შესრულების დროს 10 წუთში 100 კალორიის დაწვას ახერხებენ.

  • სირბილი

100 კალორიის უსწრაფესად დაწვის ყველაზე ეფექტური საშუალება სირბილია. ჭარბი ცხიმებისგან გასათავისუფლებლად პროფესიონალი მორბენალის უნარები არ გჭირდებათ. 10 წუთის განმავლობაში საშუალო სიჩქარით სირბილი 100 კალორიის დაწვაში დაგეხმარებათ. თუ თავდაპირველად ხანგრძლივი დროის მანძილზე სირბილს ვერ ახერხებთ, გირჩევთ ინტერვალური ვარჯიშით დაკავდეთ. ირბინეთ, შემდეგ გარკვეული დროის მანძილზე ისეირნეთ და ისევ სირბილი განაგრძეთ. ჭარბი კალორიებისგან გათავისუფლებას აღნიშნული მეთოდის გამოყენებითაც შეძლებთ.

  • ბაღში მუშაობა

მწვანე მცენარეების მოვლა თუ გიყვართ, კალორიების დაწვა არ გაგიჭირდებათ. თქვენ ბაღში მუშაობის დროს წონაში მნიშვნელოვნად იკლებთ. ყოველ 25 წუთში, როდესაც მიწას თხრით, მცენარეებს რგავთ ან სარეველებს ებრძვით, თქვენ 100 კალორიის დაწვას ახერხებთ. გარდა ამისა, თქვენ ძალიან დიდ დროს ატარებთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის სასიამოვნოა. ყოველდღიური მუშაობის წყალობით მშვენიერი ბაღის გაშენებასაც შეძლებთ. თუ ბოსტნეულის მოყვანით ხართ დაკავებული, ჯანსაღი საკვების წარმოებაც გამოგდით, რასაც კალორიების წვის პარალელურად ახერხებთ.

წარმატებებს გისურვებთ!

გაიარეთ ავტორიზაცია და შეაფასეთ სტატია


ცუდი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

კარგი

0

დან 0

0 ხმა

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა