სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ფლექსიტარიანული დიეტა

ფლექსიტარიანული დიეტა ორიენტირებულია მცენარეული პროდუქტებით კვებაზე, თუმცა არ კრძალავს ხორცისა და სხვა ცხოველური პროდუქტების ზომიერი რაოდენობით მიღებასაც. ის გაცილებით მოქნილია ვიდრე სრულად ვეგეტარიანული ან ვეგანური დიეტა. თუ თქვენ გსურთ თქვენს რაციონში  მცენარეული საკვების რაოდენობა გაზარდოთ, მაგრამ არ გინდათ ხორცზე უარის თქმა, მაშინ ფლექსიტარიანული დიეტა სწორედ თქვენთვისაა.

ფლექსიტარიანული დიეტის ავტორი დიეტოლოგი დაუნ ჯექსონ ბლატნერია. მის მიზანს წარმოადგენდა ადამიანებს ვეგეტარიანული დიეტის ყველა უპირატესობით ესარგებლათ, ამასთან უარი არ ეთქვათ ხორცის ზომიერად მიღებაზე. დიეტის სახელწოდება მის მთავარ პრიცნიპებს ერგება. Flexible (მოქნილი,ელასტიური) და Vegetarian (ვეგეტარიანული) ერთ სახელწოდებაში გაერთიანდა და ფლექსიტარიანულ დიეტად იწოდება.

ვეგეტარიანელები ცხოველური პროდუქტების მიღებას საკვებიდან სრულად არ გამორიცხავენ, მაშინ როდესაც ვეგანები  უარს ამბობენ  ხორცზე, კვერცხზე, რძესა და რძის პროდუქტებზე, ცხოველური წარმოშობის ნებისმიერ პროდუქტზე. რადგან ფლექსიტარიანელები ხორცსაც მიირთმევენ და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებსაც, ისინი არც ვეგანები არიან და არც ვეგეტარიანელები.

ფლექსიტარიანული დიეტა მკაცრად არ ზღუდავს კალორიების მიღებას და ცხოვრების წესად უფრო შეიძლება ჩავთვალოთ, ვიდრე დიეტად.

მისი ძირითადი პრინციპები შემდეგში მდგომარეობს:

  • მიირთვით ძირითადად ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები და მარცვლეული.
  • პროტეინები მცენარეული საკვებიდან უნდა მიიღოთ.
  • იყავით მოქნილები და დრო და დრო ცხოველური წარმოშობის პროდუქტები და ხორცი მიირთვით.
  • უპირატესობა ნატურალურ, გადაუმუშავებელ პროდუქტს მიანიჭეთ.
  • შეზღუდეთ შაქრის დანამატები და ტკბილეული.

ფლექსიტარიანული დიეტა ყურადღებას უფრო მეტად იმაზე ამახვილებს, თუ რისი ჭამაა ნებადართული და ნაკლებად აქცენტირებს აკრძალვებზე, რაც ჯანსაღი კვების მსურველთათვის ნამდვილი მისწრებაა. დიეტის ავტორის, დაუნ ჯექსონ ბლატნერის წიგნში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა მიეჩვიოთ ახალი რეჟიმით კვებას. ის გირჩევთ, კვირაში ერთხელ ხორცის მცირე რაოდენობით მიღებას დასჯერდეთ. საბოლოო ჯამში კი უნდა შეძლოთ, რომ გაცილებით მეტი მცენარეული პროდუქტი მიიღოთ, ვიდრე ხორცი.

ფლექსიტარიანული დიეტის სარგებლიანობა

ფლექსიტარიანულ დიეტას ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია. ვეგეტარიანული და ვეგანური დიეტების სარგებლიანობაზე უამრავი კვლევა არსებობს, რაც  აადვილებს ნახევრადვეგეტარიანული დიეტის დადებით მხარეებზე საუბარს.

დიეტა, რომელიც ბოჭკოთი და სასარგებლო ცხიმებით მდიდარი საკვების მიღებაზეა ორიენტირებული, გულის ჯანმრთელობისთვის ნამდვილი მისწრებაა. კვლევებით დასტურდება, რომ ვეგეტარიანელებს სხვა ადამიანებთან მიმართებაში გულის დაავადებების განვითარების 32 %- ით დაბალი რისკი აქვთ. რადგან ვეგეტარიანული საკვები მდიდარია ბოჭკოთი, ის ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას და ზრდის კარგი ქოლესტერინის რაოდენობას. ფლექსიტარიანული დიეტა უმეტესად მცენარეული საკვების მიღებაზეა ორიენტირებული, რის გამოც, სავარაუდოა, რომ ისიც ისეთივე სასარგებლო იქნება, როგორც ვეგეტარიანული დიეტა.

ფლექსიტარიანული დიეტა წონაში კლებასაც უწყობს ხელს. ის ზღუდავს მაღალკალორიულ, გადამუშავებულ პროდუქტებს და რაციონში უმეტესად დაბალკალორიულ მცენარეულ პროდუქტს რთავს. კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებიც მცენარეულ კვებას ანიჭებენ უპირატესობას, წონაში  სწრაფად იკლებენ.

ფლექსიტარიანულ დიეტას შეუძლია მეორე ტიპის დიაბეტის თავიდან აცილებაში დაგეხმაროთ. რადგან ის კრძალავს შაქრის დანამატებს, უსარგებლო ცხიმებს და ორიენტირებულია ბოჭკოთი მდიდარ პროდუქტზე, მას ნამდვილად შესწევს უნარი აღნიშნულ დაავადებას შეებრძოლოს. კვლევებით დასტურდება, რომ ნახევრად ვეგეტარიანულ კვებაზე მყოფი ადამიანები მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების გაცილებით დაბალი რისკის ქვეშ არიან იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ჩვეულებრივად იკვებებიან.

ფლექსიტარიანულ დიეტას სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს, რადგან ის ანტიოქსიდანტებით გაჯერებულ პროდუქტებს ანიჭებს უპირატესობას. 7 წლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ნახევრად ვეგეტარიანული კვების მიმდევრები  კოლორექტალური (მსხვილი და წვრილი ნაწლავის) სიმსივნის განვითარებისადმი 8%-ით ნაკლებად არიან მიდრეკილები, ვიდრე არავეგეტარიანელები .

ფლექსიტარიანული დიეტის უარყოფითი მხარეები

თუ დიეტას სწორად დაგეგმავთ, ის ძალიან სასარგებლოა. თუმცა ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა მკვებავი ნივთიერებების დეფიციტის პრობლემის წინაშე დადგეს, როდესაც ხორსცა და ცხოველურ პროდუქტებზე უარს იტყვის.

მკვებავი ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება ფლექსიტარიანული დიეტის მიმდევარს დააკლდეს:

  • ვიტამინ B12
  • თუთია
  • რკინა
  • კალციუმი
  • ომეგა 3

ვიტამინ B12-ის დეფიციტის რისკჯგუფში ნებისმიერი ვეგეტარიანელი შედის, რადგან ის მხოლოდ ცხოველურ პროდუქტებში გვხვდება. დიეტის მიმდევრებს, შესაძლოა მისი მიღება აბების სახით მოუხდეთ.

თუმცა არ უნდა დაივიწყოთ, რომ ფლექსიტარიანული დიეტა საშუალებას გაძლევთ მოქნილად იკვებოთ და რაციონში ჩართოთ ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. თუ დიეტას სწორად დაგეგმავთ, ვიტამინების ნაკლებობა არ შეგაწუხებთ.

წარმატებებს გისურვებთ!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა