Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



წონაში კლების ფსიქოლოგიური ფაქტორები

წონაში დაკლების მსურველებს გარკვეული საკითხები აწუხებთ და მათზე ფიქრს თავს ვერ ანებებენ. მათ შორის ყველაზე გავრცელებული შემდეგი კითხვებია: დღის განმავლობაში რამდენჯერ უნდა მივირთვათ? როგორ დავიცვათ მკვებავი ნივთიერებების ბალანსი? რამდენად უნდა დავიტვირთოთ თავი კარდიო ვარჯიშით? როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩვენი სავარჯიშო რუტინა? მართალია, თითოეული კითხვა წონაში კლების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენს გონებას პრაქტიკულ მცდელობებსა და ღონისძიებებზე მეტი ძალა აქვს.  წონაში კლების პროცესზე დიდ გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური ფაქტორები. მათ შორის გამოვარჩევთ 6 მათგანს, რომლებიც ამ რთულ გზაზე ყველაზე აქტიურად ფიგურირებენ და სხვა ფსიქოლოგიურ ასპექტებთან შედარებით მეტად ახდენენ ჩვენზე გავლენას.

შესაძლოა ჩვენ უამრავ წონაში კლების პროგრამას მივმართოთ და ფიტნეს გეგმებიც აქტიურად დავისახოთ, მაგრამ მენტალურმა პრობლემებმა უკან დაგვახევინონ. აზროვნებით თამაშს ჯანსაღ არჩევანზე უარყოფითი ან დადებითი გავლენის მოხდენის უნარი შესწევს. თუ გამუდმებით წარსულში ვიცქირებით და მას ჩვენზე ბატონობის უფლებას ვაძლევთ, ამით ვაბათილებთ იმ მიღწევებს, რომლებიც აწმყოში გვაქვს. მეორე მხრივ, ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული გონება უმძიმეს ეტაპებსაც მარტივად გადაგვალახინებს და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.  

მაშ ასე, გავეცნოთ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებსაც წონაში კლების პროცესზე დიდი გავლენის მოხდენის უნარი აქვთ.

წარსულ წარმატებებზე ფოკუსირება

თუ თქვენ სხვა ადამიანებს გავხართ, სავარაუდოდ, წონაში კლება წარსულშიც გიცდიათ. თუ ეს ასეა, დიდი ალბათობით, გარკვეულ ეტაპზე შედეგიც გექნებოდათ. შესაძლოა, ტკბილი გაზიანი სასმელი გამორიცხეთ, ან მკაცრად შეზღუდეთ კალორიების რაოდენობა და შედეგმაც არ დააყოვნა. ახლა კი, როდესაც კვლავ ძველებურ რუტინას იმეორებთ და წონაში დაკლებას იმავე გზებით ცდილობთ, სასწორის ნიშნული ადგილიდან არ იძვრის და თქვენთვის საოცნებო ციფრებს არ გიჩვენებთ. თქვენ იწყებთ ფიქრს, რომ თუ მსგავსი მეთოდი ადრე მუშაობდა, ახლა კი ვერაფერში გეხმარებათ, სამუდამოდ განწირული ხართ და წონაში დაკლებას ვეღარასდროს შეძლებთ. თუ ეს ასეა, დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი მეტაბოლური სისტემა გამუდმებით იცვლება და ვითარდება. ის, რაც 20 წლის ასაკში წონაში კლებას გიადვილებდათ, 30 ან 40 წლის ადამიანს ვერ დაგეხმარებათ. წონაში კლების პროცესზე მრავალი ფაქტორი ახდენს ზემოქმედებას, მათ შორის, ჰორმონალური ცვლილებები, ძილის ხანგრძლივობა, მიღებული საკვების რაოდენობა. იმის ნაცვლად, რომ პრობლემის მოკლევადიანი მოგვარების გზები ეძებოთ, თქვენი ფოკუსი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისკენ მიმართეთ. თუ მართლა გამოუვალ ვითარებაში აღმოჩნდებით და დამოუკიდებლად ვერაფერს გახდებით, წონაში კლების ექსპერტს მიმართეთ და გეგმები მისი დახმარებით შეიმუშავეთ.

საკუთარი მიღწევების სხვების წარმატებებთან შედარება

ადამიანები, რომლებსაც ერთნაირი მიზნები აქვთ, ერთმანეთისგან ბევრ რამეს სწავლობენ. მეორე მხრივ, მსგავს შემთხვევებში, ჩნდება ცდუნება, რომ გამუდმებით სხვების მიერ მიღწეულ მიზნებს დააკვირდეთ და თქვენი შედეგები მათსას შეადაროთ. უზიარებთ თუ არა სხვებს თქვენს გამოცდილებას? ანდობთ თუ არა საყვარელ ადამიანს თქვენს გეგმებს? კვლევები ადასტურებს, რომ ღირსეული პარტნიორები თავიანთ მეორე ნახევრებს წონაში კლების პროცესს მნიშვნელოვნად უადვილებენ, რადგან გამუდმებით მზად არიან მათს დასახმარებლად. სტრატეგიების გაზიარება და დახმარების შეთავაზება ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა საკუთარი შედეგების  სხვების მიღწევებთან შედარება კარგი იდეა არ არის. დაიმახსოვრეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ერთნაირად ვარჯიშობენ და იკვებებიან, ყოველთვის ერთნაირად არ გამოიყურებიან. თითოეულ ადამიანს განსხვავებული ფიზიკური წყობა და მეტაბოლიზმი აქვს, რაც შედეგების მრავალფეროვნებაზეც აისახება. იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით სხვებს ედრებოდეთ, მათი მიღწევებისგან უნდა ისწავლოთ.

ღელვა საკუთარ რადიკალიზმზე

ხომ არ შეწყვეტენ თქვენი მეგობრები თქვენთან ერთად სასადილოდ სიარულს ან ხომ არ დაწყვეტთ გულს ადამიანებს, რომლებმაც დაბადების დღის ტორტი მოგიმზადეს, თქვენ კი მის მირთმევაზე უარი განაცხადეთ?! მსგავსი კითხვები ხშირად აწუხებთ ადამიანებს, რომლებსაც წონაში კლება აქვთ გადაწყვეტილი. ხშირ შემთხვევაში ბევრი მათგანი სოციალური იზოლაციის შიშით  ცხოვრების ჩვეულ წესზე უარს ვერ ამბობს. საბედნიეროდ, ჯანსაღი კვება ბოლო ხანებში წარმოუდგენლად პოპულარული ხდება. ვეგეტარიანული საკვები, გლუტენისგან თავისუფალი და ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული პროდუქტი უფრო და უფრო ცნობადი და აღიარებული გახდა. აღნიშნული ცვლილებების გავლენით, თქვენ რადიკალად არ ჩაითვლებით თუ სპეციფიკურ კვებაზე გადახვალთ. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ. სასურველია, თუ ჯანსაღი კვებისა და მისი ეფექტურობის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ, რადგან ცოდნა ცვლილებების განხორციელებაში დაგეხმარებათ. როდესაც თქვენი ახალი არჩევანის სარგებლიანობაში დარწმუნდებით, მისგან თავის დახსნა აღარასდროს მოგინდებათ.

წარუმატებლობის შიში

თქვენს სიტყვებს წარმოუდგენელი ძალა აქვთ. იყენებთ თუ არა შემართების გასაძლიერებელ ფრაზებს? აცნობიერებთ თუ არა პოზიტიური აზროვნების გავლენას წონაში კლების პროცესზე? ენა, რომლითაც ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათს რეალურ ხასიათს. ჩვენი შედეგები უარყოფითად ან დადებითად განსაზღვრულია ჩვენივე აზროვნებითა და მეტყველებით. დასაწყისისთვის, შეგიძლიათ ყალბი თავდაჯერებით დაიმშვიდოთ თავი. თუ რეალური რწმენა არ გაქვთ, პირველ ეტაპზე, წინსვლას ამ გზითაც მოახერხებთ. იმუშავეთ თქვენს ლექსიკონზე და გაამდიდრეთ ის შემდეგი სიტყვებით: „მე შევძლებ“, „მე გამომივა“ და დაივიწყეთ შემდეგი ფრაზები: „მე ვცდი“, „იმედია, რამე გამოვა.“

ყველაფერი ან არაფერი

თუ სრულყოფილებას ეძებთ, გირჩევთ, მსგავსი აზროვნებისგან თავი შორს დაიჭიროთ. უმჯობესია, რეალურ შედეგებზე ორიენტირდეთ. სრულყოფილება, შესაძლოა, კარგი შედეგის მტრად იქცეს. თქვენი არჩევანის ძალის რწმენა რეალური უნდა იყოს. გადაჭარბებებს კი ერიდეთ! ყოველთვის შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენ ადამიანი ხართ და ამას ვერაფერი შეცვლის. სრულყოფილება არაფერში გჭრიდებათ!

წარმატების შიში

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მცდელობას არ იშურებენ, რათა წონაში დაიკლონ. ისინი სიამოვნებით ვარჯიშობენ და ჯანსაღ კვებასაც აქტიურად მისდევენ, თუმცა მიუხედავად ამისა, დაკლებულ კილოგრამებს ადვილად აღიდგენენ და უსასრულო მცდელობათა ჯაჭვს ქმნიან, საბოლოოდ კი არაფერი გამოდის. ასეთ შემთხვევაში, საქმე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს. მსგავსი ადამიანები საბოტაჟს უწყობენ საკუთარ წარმატებას. საქმე იმაშია, რომ ისინი ეჩვევიან საკუთარ ყოფას და სხეულს, რომლითაც წლების მანძილზე ცხოვრობენ. მართალია, მათი სურვილი წონაში დაიკლონ, ერთი შეხედვით გულწრფელია, მაგრამ სიღრმისეული დაკვირვება გვიჩვენებს, რომ  ასეთ ადამიანებს ძალიან ეშინიათ ცვლილებების.

შედეგის მიღწევის შემთხვევაში, ხომ არ გარდაიქმნებიან ისინი ახალ პიროვნებებად? იქნება თუ არა ცხოვრება ისევ ისეთი მშვენიერი და კომფორტული, როგორიც ის წლების მანძილზე იყო? შესაძლოა, ეს კითხვები გეუცნაუროთ კიდეც, მაგრამ ისინი საკმაოდ გავრცელებულია მათ შორის, ვისაც საკუთარ ცხოვრებაში გრანდიოზული ცვლილებების შეტანა აქვს განზრახული. თუ თქვენც მსგავსი კითხვები გაწუხებთ, ეცადეთ, პირველ ადგილზე თქვენი სურვილი დააყენოთ და წონაში კლება მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადოთ. ეცადეთ, ჩამოწეროთ ყველა პოზიტიური ასპექტი, რომლებიც წონაში კლებას ახლავს თან. იფიქრეთ თქვენს ახლობელ ადამიანებზეც და იმაზე, თუ როგორ გაახარებთ მათ თქვენი წარმატებებით. შეგიძლიათ, დაწეროთ თქვენი განცდებისა და შეგრძნებების შესახებაც. როდესაც ყველაფერს ფურცელზე გადაიტანთ, საკუთარ მდგომარეობას უკეთ გააცნობიერებთ და თქვენს შინაგან სამყაროსაც კარგად გაიცნობთ. თქვენი ფსიქოლოგიური პრობლემების რაციონალური ანალიზი კი მათ დაძლევაში დაგეხმარებათ. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ამ გზით ნებისმიერ შიშს გადალახავთ და ყველა გამოწვევას გაუძლებთ!

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა