Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



როგორ დავიზღვიოთ თავი ზამთარში წონის მატებისგან

წარმოიდგინეთ აპრილის თვე და გაზაფხულის თბილი დღეები. თქვენ ამინდის შესაბამისად უნდა შეიმოსოთ და გარდერობის გადახალისებას იწყებთ, თუმცა საგაზაფხულო სამოსში თავს არც ისე კომფორტულად გრძნობთ. თუ მეხსიერებას დაძაბავთ თქვენი დისკომფორტის მიზეზსაც მარტივად მიაგნებთ. გაიხსენეთ ზამთრის ცივი დღეები, როდესაც ცხელი შოკოლადის მირთმევით ტკბებოდით, ცუდი ამინდის გამო ვარჯიშს თავს არიდებდით და ზამთრის გრძელ ღამეებში არც გემრიელ საჭმელზე ამბობდით უარს. ამ ყოველივემ კი თქვენი სხეულის პარამეტრები მნიშვნელოვნად შეცვალა.

ზამთარში წონის მატება იშვიათ მოვლენას ნამდვილად არ წარმოადგენს. ცივი ამინდი სიზარმაცისა და ნებივრობისთვის შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის. თუმცა საკმარისი მონდომების შემთხვევაში, ნამდვილად შეგიძლიათ უარი თქვათ ჭარბი ულუფების მირთმევასა და უმოძრაო ცხოვრების წესზე. სტატიაში გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ზამთარში წონის მატების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.

ფიტნესი მთავარ პრიორიტეტად აქციეთ

ვარჯიში მთელი წლის განმავლობაში თქვენს საყვარელ აქტივობას უნდა წარმოადგენდეს, თუმცა ზამთარში მას ორმაგი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. ფიზიკური აქტივობა არამხოლოდ ზედმეტი კილოგრამებისგან დაგიცავთ, ენდორფინების გამომუშავებაშიც დაგეხმარებათ, რაც დეპრესიულ განწყობას აგარიდებთ. მეტი ხალისისთვის შეგიძლიათ სავარჯიშო რუტინა გაიმრავალფეროვნოთ და ზამთრის სპორტითაც დაკავდეთ, როგორებიცაა თხილამურებით ან ყინულზე სრიალი. ზამთრის აქტივობები ძირითადად ჯგუფურ ხასიათს ატარებს, რაც დაგეხმარებათ მეგობრული ატმოსფეროს შექმნასა და დროის სასიამოვნოდ გატარებაში, პარალელურად კი წონაშიც დაიკლებთ.

შეიმუშავეთ სპეციალურად დღესასწაულებისთვის განკუთვნილი კვების სტრატეგია

ზამთარი ცნობილია დღესასწაულების სიმრავლით. სპეციალური კვების სტრატეგიის გარეშე წონაში მატებას თავიდან ვერ აიცილებთ. „ყველაფერი ან არაფერი“ ის თეზისი არ არის, რომელიც ზამთარში გამოგადგებათ. საკუთარ თავს საყვარელი კერძების მცირე ულუფებით ტკბობის უფლება მიეცით. როდესაც თქვენთვის სანუკვარ კერძს მიირთმევთ, მაქსიმალურად ისიამოვნეთ. გადაძღომამდე კი არასდროს ჭამოთ. ეცადეთ ყურადღება გარემოზე და თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე გადაიტანოთ. დღესასწაულების მთავარი დანიშნულება ხომ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებაა. ამიტომ ჭამას ძირითად პრიორიტეტად ნუ გამოაცხადებთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების სიახლოვით დატკბეთ.

საყვარელ საკვებს უფლებას ნუ მისცემთ დისკომფორტი შეგიქმნათ

გემრიელად მომზადებული პასტა და ოჯახური, ცხელი კერძები ზამთარში კომფორტულ ატმოსფეროს შეგიქმნით. მსგავსი რაციონით ორგანიზმს სითბოს უნარჩუნებთ და შიმშილის გრძნობაც აღარ გაწუხებთ. შესაძლოა, ცხელ-ცხელი და გემრიელი კერძების მირთმევით სულიერი სიამოვნება მიიღოთ, მაგრამ თქვენს სხეულს ბევრს ვერაფერს არგებთ. იმის ნაცვლად, რომ ზამთრის მოწყენილობას საკვების მეშვეობით ებრძოლოთ, დაფიქრდით, რატომ იმატებთ წონაში და რა გიქმნით ყველაზე მეტ დისკომფორტს. თუ გცივათ, ცხელი ჩაი მიირთვით, რომელშიც ნაკლები შაქარია და ზედმეტი კალორიების მიღებისგან დაზღვეული იქნებით. თუ სითბოს ესწრაფვით, შეგიძლიათ პლედი გადაიფაროთ. კარგ ამინდში მეგობარს დაურეკეთ და ერთად გაისეირნეთ, დაგეგმეთ სახალისო აქტივობები. ეცადეთ, კარგად გაერკვეთ გამუდმებული შიმშილის რეალურ მიზეზებში. მათი გააზრება სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

თუ საყვარელი კერძების მირთმევას თავს ვერ ანებებთ, ეცადეთ, ზომიერი ულუფები მიიღოთ. მომზადებისას კი დაბალკალორიული პროდუქტები შეარჩიეთ. თუ მოახერხებთ, კერძები ჯანსაღი მეთოდებით მოამზადეთ, შეწვის ნაცვლად მოხარშეთ, ან გამოაცხვეთ. მომზადებულ კერძს ერთბაშად ნუ მიირთმევთ. რამდენიმე ულუფად გადაანაწილეთ.

სიფრთხილით შეარჩიეთ ზამთრის სასმელები

ცივ ამინდებში განსაკუთრებით პოპულარული ხდება ცხელი სასმელები. მათი უმეტესობა კი ძალიან კალორიულია, მაგ. ცხელი შოკოლადი. მართალია, ცდუნება დიდია, რომ ცივ დღეებში მსგავსი სასმელი დააგემოვნოთ, მაგრამ კარგად დაფიქრდით. შესაძლოა, ერთმა ჭიქამ 500 კალორია შეგმატოთ. თუ ძალიან გიყვართ ზამთრის ცხელი სასმელები, ეცადეთ ისინი დაბალცხიმიანი რძით ან ნაღებით გააზავოთ. შაქარი კი მაქსიმალურად შეზღუდეთ. საუკეთესო გზა კი მათი ალტერნატივის გამოძებნაა, მაგ. ჩაის ან ყავის. თუ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და მაღალკალორიული სასმლის მიღება მოგიხდებათ, ეცადეთ, პატარა ჭიქით მიირთვათ.

ერიდეთ ჯგუფურ შეკრებებზე გემრიელად მირთმევას

ზამთარში მეგობრები ხშირად იკრიბებიან, თბილ გარემოს არჩევენ და კერძების მრავალფეროვანი არჩევანიც აქვთ. თუ თქვენი მეგობრებიც ასე იქცევიან, დიდი ალბათობით, თქვენც მათთან ერთად იქნებით. ერთობლივი ჭამა, როგორც წესი, ძალიან სასიამოვნოა და როდესაც სხვები გემრიელად ილუკმებიან, თავის შეკავება წარმოუდგენლად ძნელია. სავარაუდოდ, თქვენც დიდი სიამოვნებით შეუერთდებით მეგობრებს, რომლებიც განსხვავებულ კერძებს უშიშრად აგემოვნებენ. არ აქვს მნიშვნელობა ჯანსაღი კვების პრინციპებს იცავთ თუ არა, სოციალური გარემო თქვენზე მაინც იმოქმედებს. ცხადია, მეგობრებთან ყოფნაზე უარს ვერ იტყვით. თუმცა ეცადეთ, ისეთი რესტორანი შეარჩიოთ, სადაც ყველასთვის შესაფერისი მენიუ ექნებათ და თქვენ დაბალკალორიული კერძების მირთმევას მოახერხებთ. თუ რომელიმე მეგობართან იკრიბებით, ეცადეთ სახლში მოამზადოთ ჯანსაღი საკვები და თან წაიყოლოთ. ასე თქვენს მეგობრებსაც გაუმასპინძლდებით და ზედმეტი კალორიების მიღებასაც აიცილებთ თავიდან.

მოერიდეთ სახლში მოწყენით ჯდომას

ცივი ამინდის და სუსხის პირობებში, სავარაუდოდ, სახლში ბევრ დროს გაატარებთ. მოწყენილობას ადამიანები საკვების მეშვეობით ებრძვიან. გემრიელი კერძები ყურადღების გადატანაში გეხმარებათ, სასიამოვნო შეგრძნებით გავსებთ და სტრესორებისგან თავის დაღწევასაც ახერხებთ. თუმცა თუ გსურთ გაზაფხულისთვის გადანახული ტანსაცმელი მოიხდინოთ, მეტი მოთმინების გამოჩენა გმართებთ. მოწყენილობის დასაძლევად შეგიძლიათ შემდეგ ხერხებს მიმართოთ: დღესასწაულებზე ფოტოები გადაიღეთ და ამ პროცესით ისიამოვნეთ, მეტი დრო დაუთმეთ კითხვას, გაწევრიანდით სამკითხველო წრეებში, მოაწყვეთ ფიტნეს წვეულებები, მოიპატიჟეთ მეგობრები და ერთად ივარჯიშეთ, სცადეთ ახალი მოძრაობები, ინსპირაციისთვის ჟურნალებიდან და წიგნებიდან ამოჭერით გამამხნევებელი ფრაზები, გააკეთეთ დაფა და ყველა ციტატას ერთად მოუყარეთ თავი, დაისახეთ ახალი გეგმები, მოიძიეთ ახალი იდეები, გონება გამუდმებით ამუშავეთ და საკვებზე ნაკლებად იფიქრეთ.

გაციებას უფლება არ მისცეთ ვარჯიშში ხელი შეგიშალოთ

ზამთარი გაციებისა და სურდოს სეზონია. რადგან თქვენ დროის უმეტეს ნაწილს დახურულ სივრცეში ატარებთ, ბაქტერიებისა და ვირუსების სამიზნე ხდებით. გარდა ამისა, ზამთარში ორგანიზმი გაცილებით დიდი სტრესის ქვეშ იმყოფება, რაც მის იმუნურ სისტემას ასუსტებს. როდესაც ცივდებით, სავარაუდოდ გაცილებით მეტს მიირთმევთ, ვიდრე ჩვეულებრივ. ფიზიკური აქტივობით კი თავს არ იწუხებთ. სწორედ ამიტომ, გაციებას მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ. ხელები ხშირად დაიბანეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში ვინმე ავადმყოფობს. შიშველი ხელით ცხვირს, თვალებსა და პირს ნუ შეეხებით. ხშირად გამოყენებად ნივთებს რეგულარულად უნდა ჩაუტაროთ დეზინფექცია. იმუნური სისტემისა და მეტაბოლიზმის გასაძლიერებლად დღე-ღამეში 8 საათი მაინც იძინეთ, რეგულარულად ივარჯიშეთ და ბევრი წყალი დალიეთ.

უსმინეთ თქვენს სხეულს

ზამთარში მეტსიმეტად ხართ დაკავებული ახლობლებისთვის საჩუქრების შეძენით, სამსახურის საქმეებით და ამინდის გამო ღელვით, რაც საკუთარ შეგრძნებებზე დაკვირვებაში ხელს გიშლით. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს ორგანიზმს და მის მოთხოვნებს. გამუდმებით აკონტროლეთ წონა. დააკვირდით, რამდენად იხდენთ ტანსაცმელს, ჩაიცვით თბილად. სტრესისგან თავის დასაღწევად დააკვირდით საკუთარ ფიქრებს, გააცნობიერეთ, რა გაწუხებთ, რაზე დარდობთ, როგორ გრძნობთ თავს და კონკრეტულ ვითარებაში რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?! შესაძლოა, გეგონოთ, რომ გშიათ, მაგრამ თუ თქვენს ორგანიზმს დააკვირდებით, აღმოაჩენთ,  რომ წყლის მიღება გჭირდებათ. ეცადეთ, ცივი ზამთარი ბედნიერად გაატაროთ და მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა