Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



10 რჩევა ენერგიის მოსამატებლად

ენერგიის ნაკლებობა და ფიზიკური სისუსტე ყველასთვის ნაცნობი პრობლემაა. თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უგრძნია უენერგიობა. ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როდესაც მეგობრებთან ერთად საინტერესო ფილმზე ან წვეულებაზე ვერ წახვედით, რადგან საწოლიდან ადგომის ძალა არ გქონდათ.

ენერგიის ნაკლებობა ფიზიკური სიმპტომების გარდა, როგორებიცაა კუნთების ტკივილი და მთელს სხეულში დაღლილობის შეგრძნება, უსურვილობითაც ვლინდება. თქვენ აღარ გიტაცებთ ის საქმიანობები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით აკეთებდით. ადამიანებს, რომლებსაც უენერგიობა აწუხებთ, კონცენტრაცია გაცილებით უძნელდებათ, მოთმინების უნარი უქვეითდებათ და ფრუსტრაციის შეგრძნება უძლიერდებათ. კვების ექსპერტ სამანტა ჰელერის თქმით, ასეთ ადამიანებს მცირე გამოწვევებთან ბრძოლაც კი ძალიან უჭირთ. თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები თქვენთვის უცხო არ არის, გულს ნუ გაიტეხთ. არსებობს უამრავი საშუალება, რომელსაც თქვენთვის ძველი შემართების დაბრუნება შეუძლია. ენერგიის მოსამატებლად შეგიძლიათ სხვა და სხვა ნაცად ხერხს მიმართოთ. გთავაზობთ ჯანდაცვის ექსპერტების მიერ შემოთავაზებულ 10 მეთოდს, რომლებიც ენერგიის მომატებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ მათგან რამდენიმე სცადოთ, ან ყველა რჩევა გაითვალისწინოთ. შედეგი აუცილებლად თვალსაჩინო იქნება.

  • მიიღეთ მეტი მაგნეზიუმი

ჯანსაღი კვების მიმდევარი თუ ხართ, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა ნამდვილად არ უნდა გაწუხებდეთ. თუ მიუხედავად ყველაფრისა თავს მაინც შეუძლოდ და დაღლილად გრძნობთ, შესაძლოა, მაგნეზიუმის დეფიციტი გქონდეთ. აღნიშნული მინერალი ორგანიზმში მიმდინარე 300-მდე ბიოქიმიურ რეაქციაში იღებს მონაწილეობას და გლუკოზის ენერგიად გარდაქმნის პროცესშიც აქტიურად არის ჩართული. მაგნეზიუმის თუნდაც უმნიშვნელო დეფიციტი ენერგიის ნაკლებობას იწვევს. კვლევებით დადასტურდა, რომ ქალბატონებს, რომლებსაც მაგნეზიუმის ნაკლებობა აწუხებდათ, გულისცემის სიხშირე გაცილებით სწრაფი ჰქონდათ და ფიზიკური აქტივობისას დიდი რაოდენობით ჟანგბადს საჭიროებდნენ, ხოლო მაგნეზიუმის დეფიციტის აღმოფხვრის შემდეგ მათ მსგავსი პრობლემა აღარ ჰქონიათ. მაგნეზიუმის რეკომენდებული დოზა დღის განმავლობაში ქალბატონებისთვის 300 მილიგრამია, მამაკაცებისთვის კი - 350. მაგნეზიუმის მარაგის შესავსებად ხშირად მიირთვით ნუში ან ქეშიუ, გაზარდეთ მარცვლეულის მიღება, უარს ნუ იტყვით თევზზე.

  • ხშირად ისეირნეთ

დაღლილობის დროს სეირნობის სურვილი, ალბათ, ნაკლებად გექნებათ. ბევრი თვლის, რომ სიარულით კიდევ უფრო დაიქანცება. ჯანდაცვის ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ მოძრაობა ენერგიის ერთ-ერთი წყაროა. განსაკუთრებით ეფექტური ამ მხრივ სიარულია. სეირნობა ყოველთვის შეგიძლიათ, ამისთვის არც რაიმე აღჭურვილობა გესაჭიროებათ და არც სპეციალური პირობები. კვლევებით დადასტურდა, რომ 10 წუთიან გამაჯანსაღებელ სიარულს არამხოლოდ ენერგიის მომენტალური გაზრდა შეუძლია, არამედ მისი ეფექტურობა საათობით გრძელდება. თუ რამდენიმე კვირის მანძილზე მსგავს სეირნობებს ყოველდღიურ რუტინად აქცევთ, უენერგიობა არ შეგაწუხებთ.

  • ენერგიის მოსამატებლად  მცირე ხნით წათვლიმეთ

კვლევებით დასტურდება, რომ ჭარბი ინფორმაციის მიღება და ტვინის ზედმეტი გადაძაბვა ენერგიას გვართმევს. 60 წუთიანი თვლემა არამხოლოდ ზედმეტი დაძაბულობის გვერდითი ეფექტების გადალახვაში გვეხმარება, არამედ ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაციის შენახვას და დამახსოვრებასაც უწყობს ხელს.

  • ნუ გამოტოვებთ საუზმეს

ადამიანები, რომლებიც დილით საუზმობენ დღის განმავლობაში კარგ ხასიათზე არიან და არც ენერგიის ნაკლებობას უჩივიან. დილით კვება ორგანიზმს საჭირო ენერგიით ამარაგებს და დღის მანძილზე მთელი სხეული ტონუსშია. აღნიშნული მხოლოდ საუზმეს არ ეხება. დღის განმავლობაში ნებისმიერი კვების გამოტოვება ორგანიზმს აზიანებს. კვების მოუწესრიგებელი რეჟიმი თავბრუსხვევას და დაღლილობას იწვევს. აუცილებლად იკვებეთ ჯანსაღად და სწორად. დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიირთვით და ენერგია არ მოგაკლდებათ.

  • შეამცირეთ სტრესი და ერიდეთ სიბრაზეს

სტრესი ენერგიის მთავარი მტერია. ის შფოთვის ერთ-ერთი მიზეზია, შფოთვა კი უამრავ ენერგიას გვართმევს. როგორც მღელვარება და შიში, სტრესიც უენერგიოდ გტოვებთ და ფსიქიკას გიმახინჯებთ, არ აქვს მნიშვნელობა დატვირთული რეჟიმით ცხოვრობთ, თუ მთელ დღეს საწოლში ატარებთ. თუნდაც მსუბუქი, მაგრამ ხანგრძლივი სტრესი, ენერგიას გაცლით და დროთა განმავლობაში თავად იგრძნობთ, თუ რა სწრაფად იღლებით და რამდენად სუსტდება თქვენი შემოქმედებითი უნარები. ენერგიის მაჩვენებლებს დაბლა სწევს მოულოდნელი სიბრაზეც. მთელი თქვენი ძალა სიბრაზის გამოხატვაზე იხარჯება, რის შედეგადაც უენერგიოდ რჩებით. დღის განმავლობაში აუცილებლად გჭირდებათ მეტი სარელაქსაციო აქტივობა, რათა თავი აარიდოთ უარყოფით ემოციებსა და განცდებს. ზოგიერთი ადამიანი განწყობას ვარჯიშით და აქტიური ცხოვრების სტილით იმაღლებს, ზოგს კი მშვიდი მუსიკის მოსმენა, განმარტოვება და სასიამოვნო წიგნის წაკითხვა ურჩევნია. არ აქვს მნიშვნელობა, რა მეთოდით დაძლევთ სტრესს. მისი დამარცხება გამოგაფხიზლებთ და ორგანიზმს გაგიძლიერებთ. ენერგიის ნაკლებობაც აღარ შეგაწუხებთ.

  • სვით მეტი წყალი და ნაკლები ალკოჰოლი

დეჰიდრატაცია მხოლოდ წყურვილის შეგრძნებით არ ვლინდება. წყლის ნაკლებობას დაღლილობის შეგრძნების გამოწვევაც შეუძლია. თავბრუსხვევა და სისუსტე დეჰიდრატაციის აშკარა ნიშნებია. პრობლემის გადაჭრა კი მარტივია.  ერთი ჭიქა წყალი მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. ვარჯიშის შემდეგ ენერგიის აღსადგენად წყლის დალევა აუცილებელია. თუ გრძნობთ, რომ ღამის სრულყოფილი ძილის შემდეგაც თავს სუსტად გრძნობთ, ე.ი. საღამოს საათებში ალკოჰოლის მიღებას თავი უნდა დაანებოთ. ალკოჰოლი ძალიან ამარტივებს დაძინების პროცესს, თუმცა ის ღრმა ძილის ერთ-ერთი მტერია. შედეგად თქვენ კარგად გამოძინებას ვერ ახერხებთ, რადგან 8 საათიანი ზედაპირული ძილის შემთხვევაშიც კი ენერგიას საკმარისად ვერ აღიდგენთ.  ალკოჰოლის მიღების შეზღუდვით, ღამით სრულყოფილ დასვენებას შეძლებთ. მეორე დღეს კი ენერგიულად იქნებით.

  • მიირთვით მეტი მარცვლეული და ნაკლები შაქარი მიიღეთ

სისხლში შაქრის რაოდენობის დაბალანსება აუცილებელია. ტკბილი პროდუქტებით კვებისას თქვენ ენერგიით ივსებით და სისხლში შაქრის დონეც იმატებს, თუმცა ეს უკანასკნელი მალევე ეცემა და თქვენც სისუსტე გაწუხებთ. თუ ასე დღეში რამდენჯერმე მოიქცევით, ღამით აუტანელი დაღლილობა შეგაწუხებთ. თუ ჯანსაღ მარცვლეულს მიირთმევთ, დღის განმავლობაში საკმარისი ენერგია გექნებათ.

  • უარი არ თქვათ ჯანსაღი ხემსის მირთმევაზე

ჯანსაღ ხემსში მხოლოდ საუზმესა და სადილს შორის მცირე ულუფებით კვება არ იგულისხმება. ექსპერტები გვთავაზობენ პროტეინების, მცირე რაოდენობით ცხიმებისა და ბოჭკოს კომბინაციას. ხემსზე არაქისის კარაქის ან თხილეულით მორთული იოგურტის მირთმევა ენერგიით აგავსებთ. პროტეინები ძალას შეგმატებთ, ხოლო ცხიმები ენერგიას ხანგრძლივად შეგინარჩუნებთ.

  • მიირთვით ლატე

ერთი ჭიქა მაგარი ყავის ნაცვლად დაბალცხიმიანი ლატე მიირთვით. რძე თქვენს ლატეს პროტეინებითა და კალციუმით გაამდიდრებს, რაც ენერგიას შეგმატებთ და ძვლებსაც გაგიძლიერებთ. თუ ლატეს ნუშსაც მიაყოლებთ, სისუსტე და დაღლილობა არ შეგაწუხებთ. 

  • შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და  განსაზღვრეთ სისხლში რკინის შემცველობა

თუ ყველა მცდელობის მიუხედავად თავს მაინც უენერგიოდ გრძნობთ, ექიმს უნდა მიმართოთ და ფარისებრი ჯირკვალი გადაიმოწმოთ. სასურველია სისხლში რკინის შემცველობის განსაზღვრაც. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა განსაკუთრებით ქალბატონებს აწუხებთ. ის თავს იჩენს მშობიარობის შემდეგ ან პერიმენოპაუზის პერიოდში. თუ თქვენი უენერგიობის მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციაა, აღნიშნულ პრობლემას მედიკამენტებით  ადვილად მოაგვარებთ. დაღლილობის მიზეზი შესაძლოა ანემიაც იყოს. რკინის ნაკლებობაც უფრო ხშირად ქალბატონებს აწუხებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მენსტრუალური გამონადენი უხვია ან ქალი რეპროდუქციულ ასაკში იმყოფება. აღნიშნული პრობლემის დაძლევაც სპეციალური მედიკამენტების მიღებითა და ადეკვატური კვების რეჟიმის კომბინაციით შეიძლება.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა