სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



9 საუკეთესო პროდუქტი კუნთის ზრდისთვის

მამაკაცების უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ პროტეინები კუნთოვანი მასის ზრდის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. ვარჯიშის დროს მძიმე წონით აზიდვების შედეგად მიღებული სტრესი კუნთოვან ქსოვილს აზიანებს. ვარჯიშის შემდეგ კი კუნთოვანი ქსოვილის აღდგენითი პროცესი იწყება, რომელიც ცალკეულ კუნთოვან უჯრედებს ზრდას აიძულებს. აღნიშნული პროცესი წარმატებით რომ დაგვირგვინდეს, ორგანიზმს ამინომჟავების  მარაგის შევსება ესაჭიროება.

კუნთოვანი მასის ზრდისთვის მხოლოდ პროტეინების მიღება საკმარისი არ არის. მძიმე წონებით აზიდვების დროს ორგანიზმი ცხიმსა და ენერგიას გლიკოგენის სახით ხარჯავს, ამიტომ აუცილებელია საკვებ რაციონში ნახშირწყლების ჩართვა, რათა კუნთების გლიკოგენით მომარაგება მოხერხდეს და ინსულინის დონემაც არ დაიწიოს, რადგან ეს უკანასკნელი კუნთებისკენ ამინომჟავების ტრანსპორტირებაზეა პასუხისმგებელი. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საკვების ხარისხს. არაჯანსაღი პროდუქტების დიეტაში ჩართვით, კუნთოვანი მასის ფორმირების პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებთ.

გთავაზობთ 9 საუკეთესო საკვებ პროდუქტს, რომელთა ნაწილი ვარჯიშამდე, ხოლო ნაწილი ვარჯიშის დასრულების შემდეგ უნდა მიირთვათ. კუნთოვანი მასის ზრდა მალე აშკრად შესამჩნევი გახდება.

ნუში

ნუში მცენარეული პროდუქტია, რომელიც პროტეინებით ძალიან მდიდარია. ¼ ფინჯანი ნუში 8 გრამამდე პროტეინს შეიცავს. ერთი საშუალო ზომის კვერცხში ¼ ფინჯან ნუშთან შედარებით 2 გრამით ნაკლები პროტეინია. გარდა ამისა ნუში მდიდარია უჯერი, ჯანსაღი ცხიმებითა და მაგნეზიუმით. მაგნეზიუმი უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც ორგანიმზში მიმდინარე 300-მდე ქიმიურ რეაქციაშია ჩართული, მათ შორის ცილის სინთეზისა და მეტაბოლიზმის პროცესებშიც.

ხაჭო

შესაძლოა გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ ცნობილ ბოდიბილდერთა უმრავლესობა ხაჭოს აქტიურად მიირთმევს. თუ დაბალცხიმიანი ან უცხიმო ხაჭოს შეფუთვაზე დატანილ ეტიკეტს კარგად გაეცნობით, ყველაფერს მიხვდებით. ½ ფინჯანი დაბალცხიმიანი ხაჭო 14 გრამამდე პროტეინს შეიცავს, ამასთან კალორიულობა დაბალი აქვს და მასში ცხიმის შემცველობა დაახლოებით 2 გრამამდეა. შეგიძლიათ გვენდოთ, ხაჭო ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია!

ხამანწკები

მართალია, ხამანწკებს, როგორც კუნთის ზრდისთვის მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტს, ნაკლებად იცნობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ათლეტები მას აქტიურად რთავენ საკუთარ რაციონში. 100 გრამი ხამანწკა 20 გრამამდე პროტეინს შეიცავს, ხოლო ცხიმის შემცველობა მას საკმაოდ დაბალი აქვს და დაახლოებით 5 გრამს უტოლდება. ხამანწკები მდიდარია თუთიით და ამ მხრივ ის სხვა პროდუქტებს ბევრად აღემატება. მაგნეზიუმთან ერთად თუთიაც ცილის სინთეზის პროცესში აქტიურად არის ჩართული. თუ კუნთოვანი მასის მატება თქვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, ხამანწკებზე უარს ნუ იტყვით.

შოკოლადის რძე

სხეულის პარამეტრების გასაუმჯობესებლად რძის მიღება აუცილებელია. ამის შესახებ, ალბათ, ყველამ კარგად ვიცით. ეს ინფორმაცია არამხოლოდ ბავშვებმა, არამედ მოზრდილებმაც უნდა გაითვალისწინონ. რძე ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელიც ამინომჟავებითაა გაჯერებული და ცხიმებს ნაკლებად შეიცავს (უნდა მიიღოთ დაბალცხიმიანი რძე). 100 გრამი შოკოლადის რძე 20 გრამ პროტეინს შეიცავს. გარდა ამისა თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ მარწყვის, ვანილისა და შოკოლადის სასიამოვნო არომატებით დატკბეთ. შოკოლადის რძის დახმარებით კვებისგან სიამოვნებასაც მიიღებთ და სარგებელსაც. კუნთების ზრდა და გემრიელი ულუფა ერთად - დაგვეთანხმეთ, რომ ამაზე უკეთესს ვერაფერს შემოგთავაზებდით.

საქონლის მჭლე  ხორცი

წითელი ხორცი, განსაკუთრებით კი საქონლის მჭლე ხორცი, პროტეინის ნამდვილ საბადოს წარმოადგენს. ასე რომ, მისთვის თავის არიდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ასოცირდება სტიგმასთან „წითელი ხორცი“, ნამდვილად არ ივარგებს. 100 გრამი საქონლის მჭლე ხორცი 27 გრამამდე პროტეინს შეიცავს. საქონლის ხორცში ცხიმები საკმაოდ დიდი რაოდენობითაა. 100 გრამ პროდუქტში 11 გრამამდე ცხიმია, რაც დამატებით 200 კალორიას გულისხმობს. მიუხედავად ამისა, საქონლის ხორცი სხვა ხორცპროდუქტებთან შედარებით გაცილებით მეტ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. ის მდიდარია ვიტამინ B12-ით, თუთიითა და რკინით. თითოეული მათგანი კუნთების ზრდისა და განვითარების პროცესში უდიდეს როლს ასრულებს.

სოიო

არ აქვს მნიშვნელობა ტოფუს მიირთმევთ, სოიოს რძეს თუ უბრალოდ სოიოს მარცვალს, თითოეული მათგანის სარგებლიანობა ძალიან მაღალია. 1 ფინჯანი სოიო 20 გრამამდე ამინომჟავებს შეიცავს. მისი შედარება არცერთ სხვა მცენარეულ კულტურასთან არ შეიძლება, რადგან სოიოს კონკურენციას ვერცერთი მათგანი ვერ გაუწევს. ის ხორცის ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივასაც წარმოადგენს, რადგან მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. კუნთების ზრდისა და ჩამოყალიბების პროცესში სოიოს უდიდესი როლის შესრულება შეუძლია.

კვერცხი

მოსამზადებლად ადვილი, დასაგემოვნებლად კი სასიამოვნო - კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელსაც კუნთის ზრდაზე ორიენტირებული მამაკაცები მიირთმევენ. თითოეული კვერცხი 6-8 გრამამდე პროტეინს შეიცავს, ამასთან საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტია. საშუალო ზომის კვერცხი 60 კალორიას შეიცავს. კვერცხი მხოლოდ იმიტომ არ არის ასეთი პოპულარული, რომ მასში ბევრი პროტეინია. მთავარი ის არის, რომ კვერცხში შემავალი პროტეინის ტიპი უნიკალურია. მას მაღალი ბიოლოგიური ღირებულება აქვს და შესათვისებლადაც არ არის რთული. მისი გამოყენება კუნთის ზრდისთვის საკმაოდ ეფექტურად შეიძლება.

ქათმის ხორცი

ქათმის ხორცზე ახალს ვერაფერს გეტყვით, რადგან მისი ქება, ალბათ, ბევრისგან გსმენიათ. ის კუნთების ზრდისთვის შეუცვლელ პროდუქტად ითვლება. 100 გრამი ქათმის თეთრი ხორცი 31 გრამამდე პროტეინით მოგამარაგებთ, რაც მთავარია თქვენ მხოლოდ 4 გრამ ცხიმს მიიღებთ. თუ ქათმის ხორცის უგემრიელეს გემოსაც გაიხსენებთ და მისი მომზადების მრავალფეროვან შესაძლებლობებსაც გაითვალისწინებთ, დარწმუნდებით, რომ ამაზე უკეთეს პროდუქტს ვერც ინატრებდით. თუ კუნთების ზრდა გადაწყვიტეთ, თქვენს რაციონში ქათმის ხორცი აუცილებლად უნდა ჩართოთ!

თევზი

კუნთების ზრდისა და განვითარებისთვის სასარგებლო პროდუქტების  შესახებ საუბრისას, თევზს გვერდს ვერ ავუვლით. თევზი ამ მხრივ ნებისმიერი საკვები პროდუქტის დაჩრდილვას ახერხებს. მაგალითისთვის ორაგული ავიღოთ. 100 გრამი ორაგული არამხოლოდ 25 გრამ პროტეინს შეიცავს, ის უამრავი სასასრგებლო ნივთიერებითაა გაჯერებული. თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, თევზის მირთმევაზე უარს ნურასდროს იტყვით. ორაგული მდიდარია უჯერი ცხიმებითა და ომეგა 3-ით. ის ვიტამინ D-ს საუკეთესო წყაროსაც წარმოადგენს. სხვა თევზებთან შედარებით, თინუსი და ორაგული განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტებს წარმოადგენენ. ასე რომ, თუ კუნთოვანი მასის ზრდაზე ზრუნავთ, მათ მიღებაზე უარი არ თქვათ.

 

 

 

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა