სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



შესაძლებელია წონის დაკლება მხოლოდ ვარჯიშით?

ზედმეტ კალორიებთან ბრძოლით და მათი მიღებისგან თავის შეკავებით ნუ დაისტრესებით, უმჯობესია მეტი ყურადღება ფიზიკურ დატვირთვას დაუთმოთ. აღნიშნული მესიჯი ბოლო დროს აგორებულ სარეკლამო კამპანიებს ეკუთვნით, რომლებიც სიმსუქნის პრობლემაში ძირითადად არა ჭარბ კვებასა და ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მიღებას, არამედ ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობას ადანაშაულებენ. მსგავსი რეკლამები ცდილობენ  ვარჯიში დიეტის საპირწონე მნიშვნელოვან ძალად აქციონ. თუმცა რამდენად აქვს აღნიშნულ მტკიცებას რეალური საფუძველი? თუ  ქცევით თერაპევტ შარლოტა მერქის ვენდობით, თანამედროვე სარეკლამო კამპანიები რეალობას აცდენილი არიან და ჯანსაღი კვების როლს სათანადოდ ვერ აფასებენ. მხოლოდ რეგულარული ვარჯიშით წონაში დაკლება საკმაოდ საკამათო და საეჭვო საკითხია, რადგან, როგორც წესი, ვარჯიში მადას აძლიერებს. თუმცა უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც ფიზიკურად უნდა დაიტვირთოთ. შარლოტა მერქის თქმით, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, მეტად არიან კონცენტრირებულნი საკუთარ ჯანმრთელობაზე და იციან, რა არის მათთვის სასარგებლო, შესაბამისად ისინი ცდილობენ ჯანსაღი ცხოვრების წესს აქტიურად მისდიონ, რაც მათ გარეგნობაზეც აისახება. თუმცა არსებობს რიგი შემთხვევები, როდესაც ვარჯიშს ადამიანისთვის ამ მხრივ სარგებლის მოტანა არ შეუძლია.

კვლევები აჩვენებს, რომ დიეტა ხშირად წონაში მატებას უწყობს ხელს. შარლოტა მერქის თქმით, აღნიშნული მოსაზრება სიმართლესთან ძალიან ახლოსაა. ადამიანები, რომლებიც მკაცრ დიეტებს იცავენ, საკუთარ თავს ზედმეტად ზღუდავენ, რაც საბოლოო ჯამში მათზე ფსიქოლოგიურად უარყოფით გავლენას ახდენს. როგორც წესი, ეს ადამიანები საკვების ჭარბად მიღებისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი გარკვეულ პროდუქტებზე უარს აცხადებენ, რაც ამ პროდუქტებისადმი მოთხოვნილებას უფრო აძლიერებს. ისინი ძირითადად მოკლევადიან მიზნებზე არიან ორიენტირებულნი და წინ არ იყურებიან. თუ წონაში დაკლება ნამდვილად გსურთ, თქვენი ქცევები და ჩვევები სამუდამოდ უნდა შეცვალოთ. სხვა შემთხვევაში დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ დაკლებულ კილოგრამებს სწრაფადვე აღიდგენთ.

ფიტნეს ექსპერტ სტივ ბლერის თქმით, სიმსუქნის ფენომენი ჯერ კიდევ კარგად არ არის გამოკვლეული, შესაბამისად მოცემულ საკითხზე მსჯელობისას, მყარი მოსაზრებების გამოთქმისგან თავის შეკავება გვმართებს. აუცილებელია სიმსუქნის პრობლემის უფრო დეტალური და სიღრმისეული კვლევა. თუმცა ყველამ ვიცით, რომ სიმსუქნის ძირითად მიზეზად ჭარბი კალორიების მიღება გვევლინება. ეს საკითხი საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. ამასთან ადამიანები საკმარისად არ ვარჯიშობენ და ფიზიკურად არ იტვირთებიან. შესაბამისად წონაში მატება გარდაუვალი ხდება, თუმცა იმის მტკიცება, რომ კვებითი ჩვევების გამომუშავების გარეშე სიმსუქნის პრობლემასთან გამკლავება მხოლოდ ფიზიკური დატვირთვით შეიძლება, ალბათ, გადაჭარბებულია, რადგან ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა უარი თქვან ტკბილ, განსაკუთრებით კი გაზიან  სასმელებზე. სიმსუქნის პრობლემის მასშტაბების ზრდას ტკბილი სასმელების აქტიურმა მოხმარებამ ძალიან შეუწყო ხელი. ჯანდაცვის ორგანიზაციები გამუდმებით  მოითხოვენ სკოლებში ტკბილი გაზიანი სასმელების შეტანის აკრძალვას. გაზიანი სასმელების ცნობილი მწარმოებლები კი ცდილობენ ისეთი რეკლამები შექმნან, რომლებშიც ზედმეტი კალორიების და შაქრის მიღების საფრთხეებს მაქსიმალურად დააკნინებენ, ხოლო ფიზიკური დატვირთვის როლს გამოკვეთენ, რაც უპირველესად მათ კომერციულ მიზნებს ემსახურება.

წონაში კლების საუკეთესო გზას რადიკალური, მაგრამ მყარი ცვლილებების განხორციელება წარმოადგენს. არ არის აუცილებელი თქვენს კვებით ჩვევებში აბსოლუტური ცვლილებების შეტანა. საკმარისია დღიურად 300 ან მეტი კალორიით ნაკლები მიირთვათ და უარი თქვათ ტკბილ, შაქრიან პროდუქტებზე, ასევე სხვა კალორიულ საკვებსა და ალკოჰოლზე. ადამიანებს მოუწევთ სიმართლეს თვალი გაუსწორონ და აღიარონ, რომ ხანგრძლივი და სტაბილური ცვლილებების გარეშე წონაში კლება შეუძლებელია. წონაში კლების პროცესი მარათონია და არა სპრინტი, ამის აღიარება კი ბევრს არ სურს. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ფორმაში ყოფნისთვის ვარჯიშს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. როდესაც დიეტობთ და ზედმეტ კალორიებზე უარს ამბობთ, თქვენი ორგანიზმი ღატაკდება. ფიზიკურ აქტივობას კი მისი ფორმაში მოყვანა შეუძლია. ის მნიშვნელოვნად ამაღლებს განწყობას. თქვენს გონებას გარკვეული მიზნისკენ მიმართავს, შესაბამისად ზედმეტი საკვების და ხემსის მიღებისგან თავის შეკავება გიადვილდებათ. ვარჯიშს სტრესორების დათრგუნვის წარმოუდგენელი უნარი აქვს, შესაბამისად მას გახდომის მსურველთათვის უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია.

ვარჯიშს არა მხოლოდ ადამიანის ფსიქიკური გაჯანსაღება შეუძლია, მას ჩვენი ორგანიზმისთვის სხვა უამრავი სარგებელიც მოაქვს. ფიზიკური დატვირთვისას დიდი რაოდენობით კალორიებს ვწვავთ, ის აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემასაც. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ფიზიკური ფორმის ჩამოყალიბებისთვის ვარჯიში მნიშვნელოვანია, მხოლოდ მას ვერ დავეყრდნობით, რადგან ეს ნამდვილად არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვჭირდება.

არის თუ არა ვარჯიში საკმარისი წონაში კლებისთვის? აღნიშნულ საკითხზე კვლევები კვლავ აქტიურად გრძელდება. სარეკლამო კამპანიები, რომლებიც გარკვეული საკვების თუ სასმელის რეკლამირების გამო ადამიანების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, დიეტის მნიშვნელობას აკნინებენ, რაც ეთიკურად დაუშვებელი და მიუღებელია. ექსპერტთა უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ მხოლოდ ვარჯიშით დასახული მიზნის მიღწევა შეუძლებელია. აუცილებელია ცხოვრების წესის სრული გარდაქმნა და ჯანსაღი კვების პრინციპების ერთგულება. არც მხოლოდ დროებითი, მკაცრი დიეტები მოგცემთ შვებას. ვარჯიშისა და ჯანსაღი კვების კომბინაცია საუკეთესო არჩევანია, რომლის გაკეთებაც წონაში კლების მსურველებს შეუძლიათ, თუმცა ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლა ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ ადამიანები ადვილად იჯერებენ მითებს და საკუთარი პრობლემის მოსაგვარებლად მარტივი გზების მოძიებას ცდილობენ.

წარმატებებს გისურვებთ!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა