Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



სასარგებლო რჩევები ზედმეტი ცხიმების დასაწვავად

თქვენ კვლავ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლების პრობლემის წინაშე დგახართ და არ იცით როგორ მოიქცეთ? ნუ შეგეშინდებათ, რადგან მარტო არ ხართ! ქალების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დაკარგულ კილოგრამებს ისინი, როგორც წესი, ძალიან სწრაფად აღიდგენენ. ამისთვის 6 თვეც სავსებით საკმარისია. მათი უმრავლესობა თავიანთი ცხოვრების მანძილზე არაერთ დიეტას იცავს, თუმცა უშედეგოდ. ბოლოდროინდელი კვლევები კი გვიჩვენებს, რომ დაკლებული კილოგრამებისგან საბოლოოდ გათავისუფლება სავსებით შესაძლებელია. დიეტოლოგები და კვების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არსებობს სპეციალური სტრატეგიები, რომელთა მეშვეობით თქვენ როგორც ზედმეტი ცხიმებისგან გათავისუფლებას, ასევე მიღებული შედეგების შენარჩუნებასაც აუცილებლად შეძლებთ. გავეცნოთ თითოეულ მათგანს.

გამოიყენეთ ცხიმები ცხიმის დასაწვავად

საკვები პროდუქტები ერთი სახის ცხიმებს შეიცავენ, თუმცა ადამიანის ორგანიზმში ცხიმის სხვა და სხვა ნაირსახეობა გვხვდება. ე.წ. თეთრი ცხიმი თქვენს დაუძინებელ მტრად უნდა აღიქვათ და მისგან გათავისუფლება ნებისმიერი გზით უნდა სცადოთ. რაც შეეხება ყავისფერ ცხიმს, ის ორგანიზმისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონეა და დიდ გავლენას ახდენს თერმოგენეზის პროცესზე. მას კალორიების წვის პროცესის გააქტიურების უნარიც შესწევს. აღნიშნულ პროცესში კი ვარჯიში ძალიან დიდ როლს ასრულებს, რადგან, როგორც ცნობილია, ფიზიკური დატვირთვისას ორგანიზმში დიდი რაოდენობით ჰორმონი ირისინი გამომუშავდება, რომელიც ხელს უწყობს თეთრი ცხიმების ყავისფერ ცხიმებად ტრანსფორმაციის პროცესს. კვირაში 5-ჯერ ნახევარ საათიანი ვარჯიშით ადვილად შეძლებთ ცხიმის წვის პროცესის გააქტიურებას, ასე რომ გამოიყენეთ საკუთარი ცხიმები თქვენს სასარგებლოდ.

მიიღეთ D ვიტამინი

მოცემული ვიტამინის ყოველდღიური მიღება ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. მინესოტას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტას იწყებდნენ და ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი არ აღენიშნებოდათ, გაცილებით უკეთ იკლებდნენ წონაში, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული ვიტამინი აკლდათ. გარდა ამისა, კვლევებმა ცხადყო, რომ D ვიტამინი ჰორმონ ლეპტინის მოქმედებასაც ააქტიურებს. ეს უკანასკნელი კი თქვენ მიერ დანაყრების შეგრძნებების სწორ აღქმაზეა პასუხისმგებელი. D ვიტამინის მარაგის შევსება მხოლოდ საკვების დახმარებით ძალიან რთულია, ამიტომ, შესაძლოა, თქვენ მისი დანამატის სახით მიღებაც მოგიხდეთ. კვების ექსპერტები საჭირო ვიტამინების დანამატის სახით მიღებას აქტიურად უწევენ რეკომენდაციას.

შეიქმენით სათანადო განწყობა

თქვენ დესერტის მირთმევის სურვილი არ გაქვთ, მაგრამ თქვენი მეგობრები მოსვენებას არ გაძლევენ და გთხოვენ მათი ულუფა გაიზიაროთ. თქვენც ნებდებით და ტირამისუს გემრიელ ულუფას შეექცევით. თქვენ გაუცნობიერებლად  დიდ შეცდომას უშვებთ და საკუთარ თავს ზედმეტი ცხიმების დაგროვების საფრთხის წინაშე აყენებთ. ადამიანებს ხშირად აქვთ სურვილი სხვებს ასიამოვნონ და ამ მიზეზით ხასიათის სისუსტეს ავლენენ. მსგავსი პრობლემა განსაკუთრებით ქალბატონებს აწუხებთ. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მამაკაცები უფრო მეტი აზარტულობით გამოირჩევიან, ქალები კი სოციალურ ურთიერთობებსა და ზრდილობიან ქცევას გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სწორედ ამიტომ ქალბატონები ხშირად იმასვე აკეთებენ, რასაც მათი მეგობრების უმრავლესობა, რადგან არ სურთ ვინმეს აწყენინონ. გამოიმუშავეთ საჭირო უნარები და შეიქმენით სათანადო განწყობა, რათა სხვების ნება-სურვილს ადვილად არ დაემორჩილოთ. როდესაც მეგობრები დესერტის მირთმევას გთავაზობენ, ზრდილობიანად, მაგრამ დარწმუნებით უთხარით, რომ უკვე სათანადოდ დანაყრებული ხართ და ზედმეტი კალორიების მიღება არ გსურთ.

ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე

კვლევები ადასტურებს, რომ ჯანსაღი საკვების მირთმევა და სპეციალური კვების რეჟიმის შემუშავება ადამიანებს ხშირად საპირისპირო ქმედებებისკენ უბიძგებს. მათ სურთ თავი დააღწიონ შეზღუდვებს და საკუთარ თავს გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის უფლება მისცენ. ისინი ცდილობენ მაღალკალორიული და გემრიელი კერძები მიირთვან, რადგან თავს შეზღუდულად გრძნობენ. პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროთ, რომ სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბების პროცესში მსგავს წინააღმდეგობებს ხშირად გადააწყდებით. ასეთ დროს გონება უნდა მოიკრიბოთ და გაიხსენოთ, თუ რამდენჯერ დაგიშვიათ მსგავსი შეცდომები. ალბათ, წარსულშიც არაერთხელ გადაგიხვევიათ დასახული მიზნისკენ მიმავალი გზიდან და საკუთარი თავის განებივრების სურვილით შეპყრობილს უარი გითქვამთ ჯანსაღ ჩვევებზე. საკუთარი შეცდომების გაცნობიერება და ანალიზი ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მომავალში მსგავსი გადაცდომებისგან დაგაზღვევთ და მტკიცე ხასიათის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

მშვიდად და აუჩქარებლად მიირთვით

ადამიანთა უმრავლესობა ძალიან სწრაფად ჭამს, რაც გადაძღომას უწყობს ხელს. თქვენ იმაზე მეტს ჭამთ, ვიდრე გსურთ და მოგეთხოვებათ. დამშვიდდით, ისწავლეთ აუჩქარებლად ჭამა და ზედმეტი ცხიმებისგან თავის დაღწევასაც შეძლებთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც თითოეულ ლუკმას 40-ჯერ მაინც ღეჭავდნენ, 12 %-ით ნაკლებ საკვებს მიირთმევდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ლუკმას მხოლოდ 15-ჯერ ღეჭავდა. როდესაც აუჩქარებლად მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმი ნაკლებ გრელინს გამოიმუშავებს. ეს უკანასკნელი შიმშილის ჰორმონია და თქვენი მადის გამოღვიძებას უწყობს ხელს. ნელი კვების დროს სისხლს მკვებავი ნივთიერებები გაცილებით სწრაფად მიეწოდება, ტვინიც სწრაფად იღებს საჭირო იმპულსებს, რომელთა დახმარებითაც იგებს, რომ დამატებით საკვების მიღება საჭირო აღარ არის. ეცადეთ მშვიდად მიირთვათ. თითოეული ლუკმა მაქსიმალურად კარგად დაღეჭეთ და გადაძღომას ერიდეთ.

მოატყუეთ თქვენი მადა

ადამიანებს ძალიან უჭირთ გარკვეულ პროდუქტებზე უარის თქმა. ეს განსაკუთრებით ტკბილეულსა და საკონდიტრო ნაწარმს ეხება. აღნიშნულს თავისი ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს. კვლევებმა აჩვვენა, რომ ზოგიერთი ადამიანი გარკვეული პროდუქტებისადმი ჰიპერსენსიტიურობით ხასიათდება. მაგ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერაფრით ამბობენ უარს შოკოლადზე ან ნაყინზე. ასეთ შემთხვევებში საყვარელ საკვებზე უარის თქმა ძალიან ძნელია, მაგრამ თქვენ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ და ცდუნების დაძლევა შეძლოთ. ექსპერტები გირჩევენ, რომ მადის მოტყუების ტექნიკებს დაეუფლოთ. ეს ძალიან ძნელია, რადგან თანამედროვე სამყარო საყვარელი პროდუქტების ფართო არჩევანს გვთავაზობს და ყოველ ნაბიჯზე არაერთი კვების ობიექტი გვხვდება, რომლებიც მადისაღმძვრელი სურნელით თავბრუს გვახვევენ. როდესაც იგრძნობთ, რომ ნაყინის მირთმევის დაუძლეველი სურვილი გკლავთ, დაიწყეთ იმაზე ფიქრი, რამდენი სარგებლის მიღებას შეძლებთ, თუ თქვენს სურვილზე მაღლა დადგებით. წარმოიდგინეთ თქვენი მშვენიერი, ჭარბი ცხიმებისგან თავისუფალი და მოქნილი სხეული. ასე ფიქრი სურვილის დაძლევაში დაგეხმარებათ. ენერგია და კმაყოფილების შეგრძნება რომ არ მოგაკლდეთ, ჯანსაღი საკვები უხვად მიიღეთ. ხილსა და ბოსტნეულზე უარს ნუ იტყვით.

ივარჯიშეთ

კვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკის მოსახლეობის ¾-ს ორგანიზმში სიმსუქნის ხელშემწყობი გენის მაღალი მაჩვენებელი აღენიშნება. აღნიშნული გენი ადამიანს ჭარბწონიანობის საფრთხის წინაშე აყენებს. ის 20-30 %-ით ზრდის წონაში მატების რისკს და ორგანიზმში ცხიმების დაგროვების პროვოცირებას ახდენს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მსგავსი გენის მატარებელი ხართ თუ არა. სიმსუქნე არავითარ შემთხვევაში არ არის განაჩენი, რომელსაც თავს ვერ დააღწევთ. ბრიტანელი მკვლევარების მიერ ჩატარებულმა უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვარჯიშს გენეტიკის დამარცხების უნარი შესწევს. ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს, რომლებიც სიმსუქნის ხელშემწყობი გენის მატარებლები არიან, ნაკლებად ემუქრებათ ჭარბწონიანობის საფრთხე მათთან შედარებით, ვინც პასიური ცხოვრების წესს მისდევს, თუმცა ზემოთ ხსენებული გენის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი აქვთ. არავინ გეუბნებათ, რომ ტრიათლონის ათლეტივით უნდა ივარჯიშოთ. საკმარისია კვირაში რამდენიმე საათი საშუალო ან მაღალი ინტენსივობის ვარჯიშს დაუთმოთ. საუკეთესო შემთხვევაში კვირის განმავლობაში 5 საათით მაინც უნდა დაიტვირთოთ. 3 დღე კარდიოს უნდა დაუთმოთ, ხოლო ძალოვანი ვარჯიშისთვის 2 დღეც საკმარისია. ცხიმის წვის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებასთან ერთად ფიზიკურ აქტივობაზეც არ ამბობენ უარს.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა