სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



რომელია ვარჯიშისთვის საუკეთესო დრო?

თანამედროვე ადამიანებს გადატვირთული გრაფიკის გამო ვარჯიშისთვის დროის გამონახვა ძალიან უძნელდებათ. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, სოციალურ ვალდებულებებთან გამკლავება და საოჯახო საქმეებისთვის თავის მიძღვნა ფიზიკური დატვირთვისთვის დროს ნაკლებად ტოვებს. მიუხედავად ამისა, ადამიანების დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, რომ ვარჯიშს მათი ჯანმრთელობისთვის წარმოუდგენლად დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

ფიზიკური დატვირთვისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება თუ გსურთ, ვარჯიშისთვის საუკეთესო დრო უნდა შეარჩიოთ. უმჯობესია, თუ ვარჯიშით ყოველთვის დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში დაკავდებით. ჩვენს სტატიაში ვარჯიშისთვის საუკეთესო დროის განსაზღვრაში დაგეხმარებით, რათა თქვენი ფიტნეს მიზნების ასრულება უფრო მარტივად შეძლოთ.

დილის ვარჯიში და მისგან მიღებული სარგებელი

დილით ვარჯიშს თქვენი ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია. პირველ რიგში, დილის ვარჯიშები დროის დაზოგვაში გეხმარებათ. როდესაც ფიზიკურად დღის დასაწყისში იტვირთებით, სხვა საქმეების შესასრულებლად ძალიან დიდი დრო გრჩებათ. გარდა ამისა, თქვენს ორგანიზმში დიდი რაოდენობით ენდორფინი გამოიყოფა. იმის გაცნობიერება, რომ დილის 9 საათამდე უმნიშვნელოვანესი საქმის შესრულება შეძელით, სიხარულისა და სიამაყის განცდით აგავსებთ. თქვენ აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ გამონახოთ დღის განმავლობაში თავისუფალი დრო, რათა ფიზიკურად დაიტვირთოთ, რაც თქვენი ფსიქიკისთვის უზარმაზარი შვებაა. თუ დილით ივარჯიშებთ, თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და საკუთარი თავისთვის ძალიან დიდი დრო დაგრჩებათ, რაც სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

დილით ვარჯიში საკვების მიმართ თქვენს დამოკიდებულებასაც მნიშვნელოვნად შეცვლის. კვლევებით დასტურდება, რომ ქალბატონები, რომლებიც დილით რეგულარულად ვარჯიშობენ ტკბილეულისადმი ნაკლებ მიდრეკილებას ავლენენ, ვიდრე ის ქალები, რომლებიც დღის პირველ ნახევარში ფიზიკურად არ იტვირთებიან. გარდა ამისა, დილის ვარჯიშები დღის განმავლობაში უფრო აქტიურს და მოძრავს გხდით, რაც კალორიების დაწვაში ძალიან გეხმარებათ. თუ დღეს ფიზიკური დატვირთვით იწყებთ, მეტაბოლიზმი გიუმჯობესდებათ და დღის განმავლობაში ცხიმებს წარმატებით წვავთ.

საღამოს ვარჯიშები ადამიანებს ხშირად ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს უქმნის. ფიზიკური დატვირთვა გულისცემას გიჩქარებთ და თქვენი სხეულის ტემპერატურაც იმატებს, რაც დაძინებაში ხელს გიშლით. კვლევებით დასტურდება, რომ ის ადამიანები, რომლებიც დილის ვარჯიშებს ანიჭებენ უპირატესობას, ღამით მარტივად იძინებენ. გარდა ამისა, ითვლება, რომ უზმოზე ვარჯიში კალორიების დაწვას უწყობს ხელს. კვლევებით დგინდება, რომ მშიერ კუჭზე ვარჯიშისას 20 %-ით მეტი კალორიის დაწვას ახერხებთ, ვიდრე დანაყრებულ მდგომარეობაში დატვირთვისას. თუ წონაში კლება გსურთ, უმჯობესია, თუ ფიზიკურად უზმოზე დაიტვირთებით.

საღამოს ვარჯიში და მისგან მიღებული სარგებელი

მართალია დილის დატვირთვას თქვენი ორგანიზმისთვის უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია, მაგრამ არც საღამოს და ღამის ვარჯიშებისგან მიღებული სარგებელი უნდა დავივიწყოთ. თუ ვარჯიშს საღამოს გადაწყვეტთ, დილით უკეთ გამოძინებას შეძლებთ. დღის განმავლობაში თქვენი ორგანიზმი ენერგიით ივსება, კუნთების ცხოველქმედება უმჯობესდება და ისინი დატვირთვისთვის მეტად არიან მზად, ვიდრე დილით. როგორც წესი, თქვენი სხეული საღამოს საათებში დატვირთვისადმი მეტ გამძლეობას ავლენს, ვიდრე უზმოზე ვარჯიშისას. აღნიშნულ ფაქტს არაერთი კვლევა ადასტურებს.

შუადღის ორი საათიდან საღამოს 6 საათამდე თქვენი სხეულის ტემპერატურა თავის მაქსიმუმს აღწევს. თუ საღამოს საათებში ივარჯიშებთ, ფიზიკური დატვირთვისთვის საუკეთესო დროს შეარჩევთ, რადგან ვარჯიში ყველაზე ეფექტური სწორედ მაშინ არის, როდესაც სხეულის ტემპერატურა მაღალია. გარდა ამისა, საღამოობით ორგანიზმი მოძრაობის დროს ჟანგბადის ათვისებას უკეთ ახერხებს, რაც საკუთარი ფიზიკური რესურსის უკეთ გამოყენებაში გეხმარებათ. დილის ვარჯიშების შესრულებისას, გახურებისთვის გაცილებით მეტი დროის და ენერგიის დახარჯვა გჭირდებათ, ვიდრე საღამოს საათებში, რადგან სხეული დღის განმავლობაში საკმარისად იტვირთება და დღის მეორე ნახევარში დატვირთვისთვის მეტ მზადყოფნას ავლენს. საღამოს საათებში ვარჯიშის დროს თქვენ ვარჯიშზე მეტად ხართ ფოკუსირებული, ვიდრე დილით, რადგან სტრესისგან გათავისუფლებას და განტვირთვას მონდომებით ცდილობთ.

საღამოს საათებში, როგორც წესი, თქვენი რეაქციის უნარი უმჯობესდება და გარეგან იმპულსებზე უფრო სწრაფად რეაგირებთ. თუ მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშების შესრულებას გეგმავთ, უმჯობესია, ეს დღის მეორე ნახევარში გააკეთოთ. მსგავსი დატვირთვის შესრულებისას სიფხიზლე და სწრაფი რეაგირება აუცილებლად დაგჭირდებათ. უმჯობესია, თუ სარბენ ბილიკზეც საღამოს საათებში ირბენთ. ასე ფიზიკური ტრავმებისა და დაზიანების მიღებისგან თავს მეტად დაიცავთ. დღის მეორე ნახევარში არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე მატულობს, რაც მოძრაობების გაუმჯობესების და დახვეწის შესაძლებლობას გაძლევთ, რადგან თქვენი ორგანიზმი დატვირთვის გაძლიერებისთვის სათანადოდ ემზადება და მეტი გამძლეობითაც გამოირჩევა.

მართალია, ფიტნეს ექსპერტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ღამის საათებში ვარჯიში ჩაძინების პრობლემებს გიქმნით, მაგრამ მთელი რიგი კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებიც წონებით აზიდვებს დღის მეორე ნახევარში ასრულებდნენ, უკეთ ახერხებდნენ გამოძინებას, ვიდრე ის ათლეტები, რომლებიც აღნიშნული ვარჯიშებით დილის საათებში იყვნენ დაკავებულნი. თუ კვლევებს ბრმად ვერ ენდობით, შეგიძლიათ, ვარჯიში დილითაც სცადოთ და დღის მეორე ნახევარშიც. სავარჯიშო რუტინა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავეთ. დღის განრიგი თქვენი შესაძლებლობებისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით ჩამოაყალიბეთ.

კვლევების შედეგები და ექსპერტთა მოსაზრებები ხშირად ურთიერგამომრიცხავია, თუმცა ერთი რამ ცხადია: ვარჯიში თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად დილის საათებში იტვირთებით თუ უპირატესობას ღამის ვარჯიშებს ანიჭებთ, ფიზიკური დატვირთვისგან სარგებლის მიღებას ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადამიანების უმეტესობას თავის მოვლისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის ძალიან ცოტა დრო რჩება, ვარჯიშისთვის დროის გამონახვა ყველამ უნდა შეძლოს. ეცადეთ, თქვენი დღის განრიგის გათვალისწინებით ფიზიკური დატვირთვისთვის დროის საუკეთესო მონაკვეთი შეარჩიოთ.

ინდივიდუალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით თავადვე მიხვდებით, თუ დღის რომელ ნაწილში სჯობს ვარჯიში. მთავარია, ფიზიკურად ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს დაიტვირთოთ, ასე ვარჯიშისგან მიღებულ სარგებელს ერთიორად გაზრდით და თავს გაცილებით ჯანსაღად იგრძნობთ, ვიდრე ოდესმე. გახსოვდეთ, თუ გსურთ ვარჯიშისგან სასურველი შედეგი მიიღოთ, ფიზიკურ დატვირთვას რეგულარული ხასიათი უნდა ჰქონდეს.

წარმატებებს გისურვებთ!

 

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა