Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



როგორ შევინარჩუნოთ ფორმა ზამთარში?

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ჩვენი ფიზიკური აქტივობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს. რა თქმა უნდა, ცივ ამინდში გარეთ სირბილს სახლში თბილად ყოფნა და საყვარელი სატელევიზიო პროგრამების ყურება გვირჩევნია, პარალელურად არც ცხელი შოკოლადის დაგემოვნებაზე ვამბობთ უარს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზამთარი მხოლოდ 3 თვეს გრძელდება და ის მარადიული არ არის. რაც უფრო მეტად დავიზარებთ ვარჯიშს, სამომავლოდ მით მეტი ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს, რათა ზაფხულს უნაკლო სხეულითა და მომხიბლავი ფორმებით შევხვდეთ. სწორედ ამიტომ, ზამთარში მოდუნება და ფიზიკური აქტივობის სრულად დავიწყება გონივრული გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის.

ჩვენს სტატიაში ზამთრის ცივ დღეებში მოტივაციის ასამაღლებლად საინტერესო რჩევებს გაგაცნობთ, რომელთა გათვალისწინება სიზარმაცის დაძლევასა და ფორმის შენარჩუნებაში ძალიან დაგეხმარებათ.

  • შეიძინეთ ზამთრის სპორტული ტანისამოსი

ზამთარში სარბენად გამოსულს სიცივე იმდენად გთრგუნავთ, რომ ფიზიკური აქტივობის ყველანაირ სურვილს გიკარგავთ. არავის სიამოვნებს გაყინული ფეხებით სირბილი. თუ სიცივე ძვლებში ატანს და სირბილისას საშინელ დისკომფორტს განიცდით, ბუნებრივია, მოტივაცია სწრაფად დაგიქვეითდებათ. თუ დარბაზში ვარჯიშობთ და კარდიოს შესრულების შემდეგ გარეთ გამოხვალთ, სხეულის მაღალი ტემპერატურის გამო, შესაძლოა, იფიქროთ, რომ გარემოს ტემპერატურაც საკმაოდ მაღალია. აღნიშნული შეცდომა შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ და სეზონური ვირუსით დაავადდეთ. მსგავსი გართულებების თავიდან ასაცილებლად ზამთრის სპორტული ტანისამოსი შეიძინეთ. იყიდეთ სპეციალური მოსაცმელი, რომელსაც ვარჯიშის დროს ხელის მარტივი მოძრაობით გაიხდით და ჩაიცვამთ. როდესაც ვარჯიშს დაასრულებთ, აუცილებლად თბილად უნდა გეცვათ. უშუალოდ ფიზიკური დატვირთვის დროს კი შეგიძლიათ თბილი მოსაცმელი დროებით გაიხადოთ.

  • შეიმუშავეთ  სავარჯიშო  გეგმა

გეგმების ნაკლებობა ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას გულისხმობს. თუ სავარჯიშო გეგმას წინასწარ შეიმუშავებთ, თავს სიზარმაცის ნებას ნაკლებად მისცემთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის (წვიმიანი, თოვლიანი ან ძალიან ცივი ამინდი) სპეციალური სავარჯიშო რუტინა უნდა შეიმუშაოთ, რათა ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის შემთხვევაში ფიზიკურ დატვირთვაზე უარის თქმა არ მოგიხდეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვარჯიშის შემდეგ ძალების აღდგენას.

  • ივარჯიშეთ დახურულ სივრცეში

ზაფხულობით ბუნების წიაღში ვარჯიში თუ გიყვართ, ზამთარში თქვენს რუტინაში მცირედი ცვლილებების შეტანა მოგიწევთ. ეცადეთ, დახურულ შენობაში ივარჯიშოთ. თუ მაღალი ინტენსივობის ინტერვალურ ვარჯიშებს აქამდე 30 წუთს უთმობდით, ზამთარში 20 წუთიანი ვარჯიშიც სავსებით საკმარისია. მთავარია, მოქნილობა გამოავლინოთ. როდესაც გარეთ ვარჯიშობთ, მოძრაობისთვის გაცილებით დიდი სივრცე გაქვთ, ვიდრე დახურულ შენობაში. როდესაც სავარჯიშო ადგილს იცვლით, შესაძლოა, დატვირთვის ხანგრძლივობისა და სიხშირის შეცვლა დაგჭირდეთ. თუ გარეთ სირბილს გეგმავთ და მოულოდნელად თოვლი მოვა, სახლში უქმად ყოფნას სჯობს სხეულის მასის გამოყენებით ივარჯიშოთ. ზამთრის ცივი ამინდით ბოროტად ნუ ისარგებლებთ. თუ სურვილი გექნებათ, ვარჯიშს ყოველთვის შეძლებთ.

  • გაწევრიანდით დარბაზში ან აიყვანეთ პერსონალური ინსტრუქტორი

ფიტნეს მიზნების მისაღწევად დარბაზში გაწევრიანება საუკეთესო გზაა. პერსონალური ინსტრუქტორი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. სავარჯიშო რუტინის მოსაწესრიგებლად დარბაზში სიარული ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. როდესაც იცით, რომ თქვენი პერსონალური ინსტრუქტორი დარბაზშია და თქვენ გელოდებათ, თავს სისუსტის გამოჩენის უფლებას ნაკლებად მისცემთ. თუ იგრძნობთ, რომ ზამთარში დამოუკიდებლად ვარჯიში გიჭირთ და სიზარმაცე გიტევთ, დახმარებისთვის პერსონალურ ინსტრუქტორს მიმართეთ.

  • იზრუნეთ სპორტული უნარების განვითარებაზე

ზამთარში მხოლოდ რუტინულ ფიზიკურ დატვირთვას ნუ დასჯერდებით. თუ ყოველდღიურად ერთი და იმავე ვარჯიშების შესრულება გღლით, ეცადეთ თქვენი ფიზიკური აქტივობა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოთ. ზამთარში უამრავი სპორტის სახეობით შეგიძლიათ დაკავდეთ. სპორტით დაინტერესება ახალი ადამიანების გაცნობაში დაგეხმარებათ, რაც ზამთრის მოღუშულ დღეებს უფრო ხალისიანსა და სასიამოვნოს გახდის. შეგიძლიათ, სპორტის ახალი სახეობა შეისწავლოთ. ამ გზით თქვენს მოტივაციას მნიშვნელოვნად გაზრდით და თავდაჯერებაც შეგემატებათ. სპორტულ აქტივობებში მეგობრებთან ერთად ჩაერთეთ. ზამთარი საუკეთესო დროა თხილამურებით სრიალისთვის. ზამთრის კურორტზე დროის სასიამოვნოდ და ჯანსაღად გატარება ფორმის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ და დადებით განწყობაზეც დაგაყენებთ.

  • გახსოვდეთ, რომ ზაფხული აუცილებლად მოვა

ზამთარი მალე გაივლის და თბილი სეზონი ისე მოგიახლოვდებათ, რომ მის შესახვედრად მომზადებას ვერც კი მოასწრებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში თქვენი მოხდენილი ფიგურით თავის მოწონება აუცილებლად მოგინდებათ. მეგობრებთან ერთად სანაპიროზე დროის სასიამოვნოდ გატარება თუ გსურთ, ფორმის შენარჩუნებაზე ზამთარშივე უნდა იზრუნოთ. რაც შეიძლება ხშირად იფიქრეთ ზაფხულზე, ეს მოტივაციის გაზრდაში დაგეხმარებათ. ზამთარში ზაფხულის ცხელი დღეებისთვის სათანადოდ უნდა მოემზადოთ. კარგად გააცნობიერეთ, რომ დრო სწრაფად გადის და ფორმის დაკარგვის შემთხვევაში, მისი დაბრუნება ძალიან გაგიჭირდებათ.

  • დახმარებისთვის მეგობარს მიმართეთ

მეგობართან ერთად ვარჯიში სასიამოვნოც არის და საინტერესოც. თუ დარბაზში მარტო წასვლა გეზარებათ და მოტივაცია გაკლიათ, დახმარებისთვის მეგობარს მიმართეთ. მასთან ერთად ფიზიკური დატვირთვა დამღლელ და მოსაწყენ აქტივობად აღარ მოგეჩვენებათ, არც ზამთრის სიცივე შეგაწუხებთ. ეცადეთ, ისეთ ადამიანთან ერთად ივარჯიშოთ, რომელსაც თქვენი მსგავსი ფიტნეს მიზნები აქვს და რომელიც გამოცდილებით თქვენზე წინ ან უკან არ დგას. როდესაც ზამთრის ცივ დღეებში სავარჯიშო განწყობა არ გექნებათ, მეგობრის მარტო დატოვებას მაინც არ მოისურვებთ, რაც თქვენი ფიტნეს გეგმების შესრულებაში დაგეხმარებათ.

  • განივითარეთ ახალი უნარ-ჩვევები

მზიან ამინდში ვარჯიში საკმაოდ სახალისო და მარტივი აქტივობაა. როდესაც მზე აცხუნებს და ყველა კარგ განწყობაზეა, ფიზიკური დატვირთვა არც თქვენ გეზარებათ. ზამთრის მოახლოებასთან ერთად სახლიდან გასვლა უფრო და უფრო გიძნელდებათ, რადგან ცივ ამინდში ვარჯიშის სურვილი ნაკლებად გაქვთ. ზამთარში მოტივაციის გასაზრდელად ახალი უნარ-ჩვევების განვითარება დაგეხმარებათ. დარბაზში წასვლის წინა ღამეს სპორტული ტანსაცმელი ჩანთაში წინასწარ ჩაალაგეთ. როდესაც დილით გამზადებულ ჩანთას დაინახავთ, სავარჯიშოდ წასვლა ნაკლებად დაგეზარებათ. მალე თავად დარწმუნდებით, რომ ყოველდღიურ ჩვევებს ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

  • საკუთარ თავს ვარჯიშის მნიშვნელობის შესახებ შეახსენეთ

თქვენ იმიტომ ვარჯიშობთ, რომ გარკვეული მიზნის მიღწევა გსურთ. შესაძლოა, გახდომა გინდოდეთ, ან საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავდეთ ან ძალის მატებაზე ოცნებობდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა კონკრეტულ მიზანს ისახავთ. მთავარია, რომ თქვენს ფიზიკურ აქტივობას თავისი მიზეზი აქვს, ეს მიზეზი კი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მის გამო ფიზიკურად რეგულარულად იტვირთებით. როდესაც თქვენს ფიტნეს მიზნებს მარტივად აღწევთ და დარბაზში სიარული შედეგიანი აღმოჩნდება, მოტივაციის დაკარგვის საფრთხე მატულობს, მით უმეტეს, თუ ზამთრის ცივი დღეები დისკომფორტს გიქმნით და გარკვეულ დაბრკოლებად გესახებათ. როდესაც იგრძნობთ, რომ მოტივაციას კარგავთ, საკუთარ თავს ვარჯიშის მნიშვნელობის შესახებ შეახსენეთ.

  • ახალი გამოწვევების არ უნდა შეგეშინდეთ

გამოწვევების არ უნდა გეშინოდეთ.  მართალია, ახალ სირთულეებთან შეჯახება, შესაძლოა, მტკივნეულიც იყოს და სარისკოც, მაგრამ როდესაც გამოწვევებზე იმარჯვებთ, თავდაჯერება გემატებათ. თქვენ რწმუნდებით, რომ სინამდვილეში იმაზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ, ვიდრე გეგონათ, რომ შეგეძლოთ. ზამთრის ცივ დღეებში თავს დაღლილად და უმოტივაციოდ თუ იგრძნობთ, აუცილებლად დაიწყეთ ახალ გამოწვევასთან ბრძოლა. შეგიძლიათ მიზნად დაისახოთ ცივ ამინდში სირბილი, ახალი სავარჯიშო რუტინის ჩამოყალიბება ან თქვენი ფიტნეს შედეგების გაუმჯობესება. თუ გამოწვევებს არ შეუშინდებით, არამხოლოდ მათ გადალახვას შეძლებთ, ახალი ენერგიითაც დაიმუხტებით, რაც მოტივაციის გაზრდაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.

წარმატებებს გისურვებთ!

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა