სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



როგორ დავამარცხოთ მეტეორიზმი?

ყველას გვინდა, რომ წვეულებაზე წასვლისას შესანიშნავად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ  ხშირად ჩიფსების ჭარბად მირთმევის ან გაზიანი სასმელებისადმი გადაჭარბებული მიდრეკილების გამო, შარვლის ჩაცმა ძალიან გვიძნელდება. მეტეორიზმი არამხოლოდ ვიზუალს გვიმახინჯებს, ის სერიოზულ ფიზიკურ დისკომფორტსაც გვიქმნის. მედიკოსები გვარწმუნებენ, რომ მუცლის შებერილობა  ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს და მისი თავიდან აცილება მარტივად შეგვიძლია. ჩვენს სტატიაში მუცლის არიდან ცხიმების მოშორებაზე არ გესაუბრებით, თუმცა ვეცდებით მეტეორიზმით გამოწვეული დროებითი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმაროთ. ენდოკრინოლოგები და დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ თუ მუცლის შებერვა გულის ან ფილტვის პრობლემებით არ არის გამოწვეული, ე.ი. მისი მიზეზი ნაწლავებში ზედმეტი აირების დაგროვებაა.

პოპულარული მითის თანახმად მუცლის შებერილობის მიზეზი ზედმეტი სითხეების დაგროვებაც შეიძლება გახდეს. სითხის აკუმულაცია აბდომინალური ზონიდან არასდროს იწყება. სითხის დაგროვების პირველ სიმპტომებს ფეხებსა და მუხლებში იგრძნობთ. ჩვენს სტატიაში მეტეორიზმის გამომწვევ მიზეზებს გაგაცნობთ და მათთან ბრძოლის საინტერესო მეთოდებს შემოგთავაზებთ.

  • ეცადეთ, ყაბზობა თავიდან აიცილოთ

სითხეების მიღებისგან თავის შეკავება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და უჯრედისით ღარიბი პროდუქტებით კვება ყაბზობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზებად გვევლინება. კონსტიპაცია თავის მხრივ შებერილობას იწვევს. ყაბზობის თავიდან ასაცილებლად ქალბატონებმა დღის განმავლობაში 25 გრამამდე ბოჭკო უნდა მიიღონ, მამაკაცებმა კი - 38 გრამი. უპირატესობა მიანიჭეთ ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს, პარკოსნებსა და თხილეულს. დღის განმავლობაში 6-8 ჭიქა წყალი მაინც უნდა დალიოთ. ფიზიკურად კვირის განმავლობაში 5-ჯერ 30 წუთით მაინც უნდა დაიტვირთოთ. თუ უჯრედისით ღარიბ საკვებს ანიჭებთ უპირატესობას, აღნიშნული მავნე კვებითი ჩვევა საბოლოოდ უნდა დაივიწყოთ.

  • გამოიკვლიეთ, ხომ არ გაქვთ  ლაქტოზის აუტანლობა  ან  ალერგია მარცვლეულზე

ალერგიასა და ლაქტოზის აუტანლობას მეტეორიზმის გამოწვევა შეუძლია. ზუსტი დასკვნების გამოსატანად აუცილებლად ეწვიეთ ექიმს. ადამიანების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ალერგიის ან ლაქტოზის აუტანლობის დიაგნოზს თავად უსვამს, რის გამოც ბევრ ჯანსაღ პროდუქტს რაციონიდან აბსოლუტურად უმიზეზოდ გამორიცხავს. შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლის გარეშე ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. თუ შებერილობის მიზეზი ლაქტოზის აუტანლობა ან მარცვლეულზე ალერგიაა, მაშინ აღნიშნული პროდუქტების მიღება უნდა შეზღუდოთ. ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში უპირატესობა დაძველებულ ყველსა და იოგურტს უნდა მიანიჭოთ, რადგან ორივე მათგანი ლაქტოზას ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს.

  • გადაეჩვიეთ  სწრაფად  ჭამას

საკვების დაუღეჭავად და სწრაფად ჭამის შემთხვევაში, თქვენ დიდი რაოდენობით ჰაერს ყლაპავთ, რის გამოც მეტეორიზმი გიტევთ. დამშვიდდით და ნელა ჭამა ისწავლეთ. თქვენი თითოეული კვება მინიმუმ 30 წუთს უნდა გრძელდებოდეს. საკვების გადამუშავება პირის ღრუშივე იწყება. როდესაც პროდუქტს სათანადოდ ღეჭავთ, შებერილობის განვითარების რისკები მინიმუმამდე დაგყავთ. მშვიდად და აუღელვებლად ჭამა საკვების არომატისა და გემოს უკეთ აღქმაშიც გეხმარებათ, რის გამოც კვებისგან მეტი სიამოვნების მიღებას ახერხებთ. გარდა ამისა, კვლევებით დასტურდება, რომ საკვების სათანადოდ დაღეჭვის შემთხვევაში, თქვენ გაცილებით ნაკლებს მიირთმევთ, ვიდრე ჩვეულებრივ, რაც წონის დაკლებაშიც გეხმარებათ.

  • მოერიდეთ გაზიანი სასმელების მიღებას

გაზიანი სასმელების მიღებისას (თუნდაც დიეტური იყოს), მუცელში დიდი რაოდენობით აირები გროვდება, რაც დისკომფორტს გიქმნით და შებერილობას უფრო ამწვავებს. უპირატესობა მიანიჭეთ სხვადასხვა არომატით გამდიდრებულ წყალს, მაგ. ლიმონის, ლაიმის, კიტრის და ა.შ. თუ მსგავსი ტიპის სასმელი არ გიზიდავთ, ეცადეთ ყოველდღიურად მიღებული გაზიანი სასმელების მოცულობა მინიმუმამდე დაიყვანოთ. თუ შებერილობა გაწუხებთ, თქვენთვის ძალიან სასარგებლოა პიტნის ჩაის მირთმევა. მისი დახმარებით მეტეორიზმს მარტივად გაუმკლავდებით.

  • საღეჭი  რეზინის  შეძენისგან თავი შეიკავეთ

საღეჭი რეზინის ღეჭვისას თქვენ დიდი რაოდენობით ჰაერს ყლაპავთ, რაც საბოლოოდ მუცლის შებერვას იწვევს. თუ საღეჭ რეზინზე მეტისმეტად ხართ დამოკიდებული, ეცადეთ ის რაიმე სასარგებლო საკვებით ან ხემსით ჩაანაცვლოთ. თქვენთვის ძალიან სასარგებლოა ჯანსაღი, ბოჭკოვანი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა. მეტი მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ რაციონში ცხიმის დაბალი შემცველობის მქონდე პოპკორნიც ჩართოთ.

  • მოერიდეთ შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს

ადამიანების დიდ ნაწილს მეტეორიზმი იმიტომ ტანჯავს, რომ დიდი რაოდენობით შაქრის შემცველ პროდუქტებს იღებს. როგორც წესი, მათ ძალიან უყვართ ტკბილი სასმელებისა და ალკოჰოლის დაგემოვნება, რაც მეტეორიზმს კიდევ უფრო ამწვავებს. კვების ექსპერტები შაქრის შემცველი პროდუქტების მირთმევისგან თავშეკავებისკენ მოგიწოდებენ და გირჩევენ, რომ დღის განმავლობაში ტკბილი სასმელის და საკვების მხოლოდ 2-3 ულუფა უნდა მიირთვათ. სხვაგვარად მუცლის შებერილობისგან გათავისუფლებას ვერ შეძლებთ.

  • თავი შეიკავეთ ნატრიუმის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების მიღებისგან

გადამუშავებული საკვები დიდი რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს და ბოჭკოთი ძალიან ღარიბია. როდესაც უპირატესობას მსგავს პროდუქტებს ანიჭებთ, თქვენ შებერილობის განვითარების სერიოზული საფრთხე გემუქრებათ. აუცილებლად გამოიმუშავეთ საკვები პროდუქტების ეტიკეტის წაკითხვის ჩვევა. როდესაც გადამუშავებულ, გაყინულ ან დამარინადებულ პროდუქტს ყიდულობთ, ეცადეთ უპირატესობა ისეთ საკვებს მიანიჭოთ, რომელშიც ნატრიუმის შემცველობა 500 მილიგრამს არ აღემატება. დღის განმავლობაში 1500-2300 მილიგრამ ნატრიუმზე მეტი არ უნდა მიიღოთ. საკვების შეძენისას ეცადეთ ისეთ ეტიკეტიანი პროდუქტი შეარჩიოთ, რომელსაც აწერია: „არ შეიცავს ნატრიუმს“, „ნატრიუმის დაბალი შემცველობა“ ან „ნატრიუმის მინიმალური შემცველობა“.

  • თავი შეიკავეთ ლობიოს ხშირად მირთმევისგან

თუ ლობიოს მიირთმევთ, უნდა იცოდეთ, რომ  ის მეტეორიზმის განვითარებას უწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც მას ხშირად მიირთმევენ და აღნიშნული პროდუქტისადმი მაღალი მგრძნობელობა აქვთ. შებერილობის გამომწვევად ასევე გვევლინება ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დასახელებული მაღალბოჭკოვანი და სასარგებლო ბოსტნეულის მირთმევისგან თავის შეკავება გმართებთ. ლობიო და სხვა სასარგებლო პროდუქტები თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ, თუმცა არა ჭარბი რაოდენობით. ულუფების მოცულობა სიფრთხილით უნდა განსაზღვროთ და მხოლოდ იმდენი საკვები უნდა მიირთვათ, რამდენსაც გართულებების გარეშე აიტანთ. შეგიძლიათ მსგავსი ბოსტნეულის ან პარკოსნის მიღების პარალელურად მეტეორიზმის საწინააღმდეგო პრეპარატი მიიღოთ, რათა მუცლის შებერილობის თავიდან აცილება შეძლოთ.

  • იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით

იმის ნაცვლად, რომ დღის განმავლობაში სამჯერ დიდი ულუფებით იკვებოთ, უპირატესობა მცირე ულუფებს და გახშირებულ კვებას უნდა მიანიჭოთ. მსგავსი კვების სტრატეგია გადაძღომის შედეგად განვითარებული უსიამოვნო შეგრძნებების და მუცლის შებერილობისგან თავის დახსნაში დაგეხმარებათ. ხშირად კვება სისხლში შაქრის დონის დაბალანსებაშიც დაგეხმარებათ და შიმშილის გრძნობასაც შეამცირებს. დღის მანძილზე 5-ჯერ ან 6-ჯერ უნდა იკვებოთ. დარწმუნდით, რომ მიღებული კალორიების რიცხვი თქვენი ორგანიზმის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

  • უპირატესობა მიანიჭეთ შებერილობის საწინააღმდეგო საკვებსა და სასმელს

კვლევებით დასტურდება, რომ ისეთი საკვები პროდუქტები, როგორებიცაა ანანასი, ჯანჯაფილი, ოხრახუში, იოგურტი და პიტნის ჩაი, მეტეორიზმის განვითარებისგან გიცავთ. თითოეული ზემოთ დასახელებული პროდუქტი დიდი რაოდენობით პრობიოტიკებს შეიცავს. ეს სასარგებლო ბაქტერიები კი შებერილობისგან თავის დახსნაში გეხმარებათ. თუ აღნიშნულ პროდუქტებს ბალანსირებულად  მიიღებთ, შედეგს ძალიან მალე დაინახავთ.

მეტეორიზმის თავიდან ასაცილებლად ან წონაში დასაკლებად სპეციალური აბების დალევა, შიმშილობა და კვებაზე უარის თქმა არ გჭირდებათ. მუცლის არიდან ჭარბი ცხიმების მოშორება თუ გსურთ, მხოლოდ აბდომინალური ზონიდან ცხიმის დაწვისთვის განკუთვნილი ვარჯიშები ვერ დაგეხმარებათ. აუცილებლად უნდა მიმართოთ ისეთი ტიპის დატვირთვას, რომელიც მუცლის კუნთების გაძლიერებას უწყობს ხელს. უპირატესობა მიანიჭეთ პილატესს და სავარჯიშო ბურთის გამოყენებით ივარჯიშეთ.

 

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა