სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



მკერდის უკონტროლო ზრდა მამაკაცებში - როგორ დავამარცხოთ გინეკომასტია?

მზის გულზე გარუჯვა, ცურვა, შხაპის მიღება, სექსი - თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი აქტივობაა, რომელთა შესრულება მხოლოდ წელს ზემოთ ან სრულიად შიშველს გიხდებათ.  მამაკაცები, რომლებსაც მკერდის უკონტროლო ზრდის პრობლემა აქვთ, მსგავსი ტიპის აქტივობებისგან სიამოვნების მიღებას ვეღარ ახერხებენ. აღნიშნულ პრობლემას სამედიცინო ენაზე გინეკომასტია ეწოდება და ის ჰორმონალური დარღვევებით არის გამოწვეული. როდესაც მამაკაცის ორგანიზმში ესტროგენის მოცულობა ტესტოსტერონისას მნიშვნელოვნად აღემატება, მისი სხეულის ფორმები ფემინურ იერსახეს იძენს.

უახლესი კვლევებით დგინდება, რომ მსგავსი პრობლემების წინაშე მამაკაცების თითქმის ნახევარი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გინეკომასტიის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ქალის თეთრეულის მაღაზიაში უნდა წახვიდეთ. მკერდის უკონტროლო ზრდის პროცესის შეჩერება სავსებით შესაძლებელია. თუ  დარბაზში გინეკომასტიის სრულად დამარცხებას ვერ შეძლებთ, დარჩენილი ნაკლოვანებების დაფარვაში სწორად შერჩეული ტანისამოსი დაგეხმარებათ, უკიდურეს შემთხვევაში კი აღნიშნული პრობლემისგან პროფესიონალი ექიმი გაგათავისუფლებთ.

რა არის გინეკომასტია?

გინეკომასტიას ზედმეტი ცხიმების დაგროვება ან მკერდის ქსოვილის შეშუპება იწვევს. მამაკაცები აღნიშნულ პრობლემას საკმაოდ მწვავედ აღიქვამენ. მათი თავდაჯერება მნიშვნელოვნად იკლებს. ისინი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოები არიან და ხშირად ფსიქოლოგიური პრობლემებიც ექმნებათ. როდესაც ჰორმონალური ბალანსი ან წონა სწრაფ და მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის მამაკაცის მკერდის ქსოვილი შესამჩნევად იზრდება. ხშირად მსგავსი ზრდა სტეროიდების მიღებისასაც ფიქსირდება. ფსევდოგინეკომასტიის დროს მკერდის მოცულობა იზრდება, მაგრამ არა მკერდის ქსოვილის ხარჯზე. როგორც წესი, მსგავსი ცვლილებები ცხიმის დაგროვებით ან ჯირკვლების ზომაში მატებით არის გამოწვეული, რაც უპირველეს ყოვლისა, წონაში მოულოდნელი მატებით აიხსნება. გინეკომასტიას ჰორმონალური ბალანსის დარღვევა იწვევს, ფსევდოკინეკომასტიას კი - ცხიმების დაგროვება.

რატომ ეზრდებათ მამაკაცებს მკერდი უკონტროლოდ?

მამაკაცები ფიქრობენ, რომ მკერდის მოულოდნელი ზრდა უკონტროლო პროცესია და მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. როგორც წესი, მსგავს შემთხვევაში ისინი თავს სასოწარკვეთილად გრძნობენ და უსამართლობის განცდა ეუფლებათ. მამაკაცები ვერ ხვდებიან, რომ გინეკომასტიის განვითარება უმეტესწილად მათი მიზეზით ხდება. როგორც წესი, პროცესი შეუქცევადი არ არის და შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში მისი შეჩერება შესაძლებელია. როდესაც  ყოველდღიურად იმაზე მეტ კალორიას იღებთ, ვიდრე წვავთ, თქვენ წონაში მატების საფრთხე გემუქრებათ. ჭარბი ცხიმები მკერდის არეშიც გიგროვდებათ. დაგროვილი ცხიმები ჰორმონ ლეპტინის ნორმალურ გამომუშავებას ხელს უშლის, რაც ტესტოსტერონის დონის დაცემას იწვევს. ჰორმონალური ცვლილებები კი მამაკაცის გარეგნობაზე უარყოფითად აისახება.

მკერდის უკონტროლო ზრდა ხშირად ასაკთან დაკავშირებული ცვლილებებითაც არის გამოწვეული. როდესაც მამაკაცები შუახნის კრიზისს განიცდიან და მოზრდილ მუცელთან გამკლავებას ცდილობენ, მათ ხშირად გინეკომასტიასთანაც უხდებათ ბრძოლა. 50 წელს გადაცილებული მამაკაცების ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავება ნელდება, რის გამოც მათ გულ-მკერდის ლამაზი ფორმების შენარჩუნება უჭირთ. რიგ შემთხვევებში მკერდის უკონტროლო ზრდა ალკოჰოლის რეგულარულ და გადაჭარბებულ მიღებასთანაც არის კავშირში. ყველასთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლი წონაში მატებას უწყობს ხელს. ლუდის დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმში ესტროგენის გამომუშავებას ასტიმულირებს, რის გამოც მამაკაცებს მკერდის ქსოვილები მოულოდნელად ეზრდებათ. გინეკომასტიის გამომწვევი შესაძლოა დიდი რაოდენობით ნატურალურ ზეთზე დამზადებული პროდუქტების გამოყენებაც გახდეს. როგორც წესი, მსგავსი პროდუქტები ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს, რაც თავის მხრივ, მკერდის უკონტროლო ზრდის მიზეზი ხდება.

მამაკაცები, რომლებიც სტეროიდებს აქტიურად იყენებენ, ხშირად მკერდის ზომის უკონტროლო ზრდას უჩივიან. მართალია, ისინი სხეულის გარკვეულ უბნებზე მასის მატებას მიესალმებიან, მაგრამ აღნიშნულ ზონაში ცხიმების დაგროვება ან ქსოვილთა შეშუპება მათთვის სასიამოვნო ნამდვილად ვერ იქნება. ანაბოლიური სტეროიდების ორგანიზმში შეწოვისას ესტროგენის დონე მნიშვნელოვნად მატულობს, რის გამოც მკერდის ზომაც შესამჩნევად იზრდება. მკერდის ზომის უკონტროლო მატება, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებითაც აიხსნას. თუ თქვენ თირკმლის ან ღვიძლის სერიოზული დაავადებები გაწუხებთ, ან კლაინფელტერის სინდრომით დაიბადეთ და ზედმეტი X ქრომოსომა გაქვთ, შესაძლებელია, გინეკომასტიის განვითარების საფრთხე შეგექმნათ. თუ ამჩნევთ, რომ თქვენი მკერდი ფორმას შესამჩნევად იცვლის, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.

როგორ უნდა გათავისუფლდეთ გინეკომასტიისგან?

მკერდის უკონტროლო ზრდის შეჩერებას თუ გადაწყვეტთ, ცხოვრებაში ბევრი უმნიშვნელო და მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება მოგიწევთ. პირველ რიგში, სათანადო დიეტის დაცვაზე უნდა იზრუნოთ. დასაწყისისთვის ნახშირწყლებისა და უსარგებლო ცხიმების მიღებაზე უნდა თქვათ უარი. უპირატესობა ჯანსაღ ხორცსა და ცილოვან პროდუქტებს უნდა მიანიჭოთ. ხილი და ბოსტნეული თქვენს საუკეთესო მეგობრებად უნდა ჩათვალოთ. ჯანსაღი და ბალანსირებული კვების რეჟიმის შემუშავება პრობლემასთან გამკლავებაში ძალიან შეგიწყობთ ხელს. სხეულის ტონუსში მოსაყვანად და ზედმეტ ცხიმებთან გასამკლავებლად დარბაზში მისვლაც დაგჭირდებათ. ვარჯიშის დახმარებით ტესტოსტერონის დონის ამაღლება შეგიძლიათ, რაც გინეკომასტიისგან გასათავისუფლებლად აუცილებელია.

მართალია,  აბების თუ მედიკამენტების ურეცეპტოდ მიღება გინეკომასტიის ჩამოყალიბების მიზეზადაც შეიძლება იქცეს, მაგრამ თუ მათი სწორად შერჩევა შეგიძლიათ, პრობლემისგან გათავისუფლება  არ გაგიჭირდებათ. მკერდის უკონტროლო ზრდის  შესაჩერებლად ჰორმონალური დისბალანსის სამკურნალო მედიკამენტები შეიძინეთ. თუ თქვენი პრობლემა ძალიან სერიოზულია, შესაძლოა, ვარჯიშმა, დიეტამ და სპეციალურმა აბებმა ვერ გიშველოთ. მსგავს შემთხვევაში თქვენ ქირურგიული ჩარევა დაგჭირდებათ. მკერდის დაპატარავების ოპერაციას თანამედროვე მამაკაცები ხშირად იტარებენ. თქვენი პრობლემის გადასაჭრელად აუცილებლად დაუკავშირდით კვალიფიციურ პლასტიკურ ქირურგს, რომელიც თქვენთვის საუკეთესო ალტერნატივას შემოგთავაზებთ.

როგორი ტანსაცმელი უნდა ატაროთ, თუ   მკერდი უკონტროლოდ გეზრდებათ?

ტანსაცმელი თქვენს პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუმცა ის თავდაჯერებას ნამდვილად შეგმატებთ. მთავარია, ფიზიკური ნაკლის დაფარვა შეძლოთ. ამისთვის ტანსაცმლის ფერი და ფორმა დაკვირვებით უნდა შეარჩიოთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორი აღნაგობის ხართ, ტანზე ვიწროდ მომდგარი ტანსაცმლის ტარებისგან თავი შეიკავეთ. უპირატესობა შედარებით მსუბუქ ტანისამოსს მიანიჭეთ. ეცადეთ, თხელი მაისურების შეძენას ერიდოთ. უმჯობესია, ნაქსოვი ტანსაცმელი ატაროთ. გარდერობის განახლებისას ტანისამოსის სტილიც სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ. თუ ისეთ ტანსაცმელს შეიძენთ, რომელიც თქვენს პრობლემას შეუმჩნეველს გახდის, თავს გაცილებით თავდაჯერებულად იგრძნობთ. უპირატესობა მიანიჭეთ დახურულ და ყელიან მაისურებს.

რა სახის ვარჯიშები უნდა შეასრულოთ გინეკომასტიის დასამარცხებლად?

გინეკომასტიის დასაძლევად ფიზიკურ დატვირთვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. სულაც არ არის აუცილებელი, რომ მთელი დღე პრესის ვარჯიშების შესრულებაში გაატაროთ. უპირატესობა ისეთ რუტინას მიანიჭეთ, რომელიც სხეულის ყველა კუნთს თანაბრად ტვირთავს. რაც უფრო მეტი კუნთია ჩართული ვარჯიშში, მით უფრო ინტენსიურად იტვირთებით. თქვენთვის სასარგებლო ვარჯიშებია: მკვდარი აწევა, ჩაჯდომები და აზიდვები. დიდი დრო უნდა დაუთმოთ კარდიოს შესრულებასაც. აღნიშნული ვარჯიშების დახმარებით კუნთოვანი მასის მატებას შეუწყობთ ხელს, ხოლო მკერდის ზრდას შეანელებთ. საუკეთესო ვარჯიში თქვენთვის წონებით აზიდვებია. სწორედ აღნიშნული ტიპის დატვირთვა ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს და ჰორმონალური დისბალანსის დამარცხებაში გეხმარებათ.

ცხიმის წვისა და კუნთოვანი მასის ჩამოსაყალიბებლად კვირაში 3-ჯერ სრული დატვირთვით უნდა ივარჯიშოთ. ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად გახურდით, მისი დასრულების შემდეგ კი მსუბუქი გაწელვის ვარჯიშები შეასრულეთ. სწორად შერჩეული სავარჯიშო რუტინა მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ და დატვირთვის პროცესში ცხიმებს აქტიურად დაწვავთ.

წარმატებებს გისურვებთ!

 

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა