სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



შტანგა თუ განტელები - რომელს მივანიჭოთ უპირატესობა?

შტანგისა და განტელის უპირატესობებთან თუ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით დებატები წონებით მოვარჯიშე ათლეტებს შორის საკმაოდ ხშირია. მათი ნაწილი თვლის, რომ განტელების დახმარებით ძალის მატება და კუნთოვანი მასის ზრდა გაცილებით მარტივად ხდება, ვიდრე შტანგის გამოყენებით. ზოგიერთ ათლეტს კი საპირისპირო მოსაზრება აქვს. იმისთვის, რომ გავარკვიოთ, თუ რომელი სავარჯიშო ინვენტარი უნდა შევარჩიოთ წონებით ვარჯიშისას, უმჯობესია დეტალურად გავეცნოთ თითოეული მათგანის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს.

  • განტელებით ვარჯიში მოქნილი მოძრაობების შესრულების საშუალებას გაძლევთ

განტელებით ვარჯიშისას თქვენს სხეულს ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია მოძრაობა. თქვენ თითოეული კიდურის დამოუკიდებლად გადაადგილება შეგიძლიათ. შტანგით ვარჯიშის დროს იძულებული ხართ გარკვეული პოზა დააფიქსიროთ და მოძრაობა მნიშვნელოვნად გეზღუდებათ. სწორედ ამიტომ, განტელებით ვარჯიშისას თქვენ მეტი თავისუფლება გეძლევათ. შეგიძლიათ, ისეთი მოძრაობები შეასრულოთ, რომლებსაც ყოველდღიური აქტივობების დროს ასრულებთ. განტელებით ვარჯიშის დროს თავს კომფორტულად და მსუბუქად გრძობთ. გარდა ამისა, მსგავსი ტიპის დატვირთვა თქვენი ორგანიზმისთვის უსაფრთხოა.

განტელებით ვარჯიშისას ტრავმების პრევენციას უფრო ეფექტურად ახერხებთ, ვიდრე შტანგით დატვირთვის დროს. შტანგის გამოყენებით სკამზე პრესის ვარჯიშის შესრულება ძალიან ბევრ გამოუცდელ ათლეტს უძნელდება. მათ ხშირად მხრების ტკივილი აწუხებთ, რადგან ვარჯიშის დროს შეცდომებს უშვებენ. მსგავსი ტიპის დატვირთვა განტელების გამოყენებით ნაკლებად ტრავმულია. ათლეტებს შესაძლებლობა აქვთ მოძრაობის შესრულებისას მეტი მოქნილობა გამოვალინონ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ განტელებით შესრულებული პრესის ვარჯიში მეტად ეფექტურია, ვიდრე შტანგით დატვირთვა. თუმცა, ტრავმების მიღების თავიდან აცილება თუ გსურთ, უმჯობესია, უპირატესობა განტელებს მიანიჭოთ.

  • განტელებით ვარჯიში მყესებსა და სახსრებს ნაკლებად აზიანებს

შტანგის გამოყენებით ვარჯიში ძალიან ბევრი ათლეტისთვის მყესებისა და სახსრების დაზიანების მიზეზი ხდება. ფიქსირებულ პოზაში ვარჯიში იდაყვებს, მაჯებს, მხრებს და სხვა მნიშვნელოვან ზონებს მნიშვნელოვნად აზიანებს, რადგან მოქნილი მოძრაობების შესრულების საშუალება ნაკლებად გეძლევათ. როდესაც შტანგის გამოყენებით ტრიცეფსის გაძლიერებას ცდილობთ, იდაყვების ტკივილი ხშირად შეგაწუხებთ. ეს ძალიან ბევრი ათლეტის პრობლემაა. განტელებზე გადართვა მაჯების შემობრუნების საშუალებას გაძლევთ, რაც პრობლემის დაძლევაში გეხმარებათ. იგივე მეორდება, როდესაც პრესის ან ბიცეფსის ვარჯიშებს ასრულებთ. შტანგა პრობლემებს ძალიან ხშირად გიქმნით, განტელებით ვარჯიში კი ნაკლებად სტრესულია.

  • განტელები ბალანსის დაცვაში გეხმარებათ

განტელებით ვარჯიშის დროს, როდესაც ორივე ხელს თანაბარი წონებით ტვირთავთ, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ სხეულის ორივე მხარეს ერთნაირად ავარჯიშებთ. შტანგით ვარჯიშის დროს ის მხარე იტვირთება, რომელიც უფრო ძლიერი და გავარჯიშებულია, ეს ყოველივე კი გაუცნობიერებლად ხდება. შტანგით ვარჯიშისას კუნთებს შორის ძალისა და მოცულობის დისბალანსი ხშირად შეინიშნება. თუ ამჩნევთ, რომ სხეულის ერთი მხარე მეორეზე ძლიერი და განვითარებული გაქვთ, უმჯობესია, შტანგის ნაცვლად განტელებს მიანიჭოთ უპირატესობა.

  • განტელები ექსკლუზიური ვარჯიშების შესრულების საშუალებას გაძლევთ

შტანგის გამოყენებით შესასრულებელი ვარჯიშების ნუსხას თვალს თუ გადაავლებთ, აღმოაჩენთ, რომ ნებისმიერი დატვირთვის ვარიაციის შესრულება განტელებითაც შეგიძლიათ. თუმცა, თუ განტელებით შესრულებული ვარჯიშების შტანგით შესრულებას ცდით, მიხვდებით, რომ მნიშვნელოვნად იზღუდებით. განტელების გამოყენებით საკმაოდ მრავალფეროვანი ვარჯიშების შესრულების შესაძლებლობა გეძლევათ.

  • შტანგის გამოყენებით იდეალური პროგრესის მიღწევა შეგიძლიათ

ვარჯიშის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსებას ეფექტური შედეგის მიღება წარმოადგენს. შტანგის გამოყენებით დატვირთვა თქვენს სხეულს ტრანსფორმაციაში ეხმარება და ძალის მატებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. იდეალური პროგრესის მისაღწევად, უმჯობესია, თუ წონებს ეტაპობრივად და უმნიშვნელოდ გაზრდით. თუ გრძნობთ, რომ გარკვეულ წონას მარტივად უმკლავდებით, ზედმეტად ნუ გათამამდებით. უმჯობესია, წონა უმნიშვნელოდ გაზარდოთ. წონების უმნიშვნელოდ გაზრდის საშუალება შტანგით ვარჯიშის დროს უფრო გაქვთ, ვიდრე განტელებით დატვირთვისას. სწორედ ამიტომ, იდეალური პროგრესის მისაღწევად, უმჯობესია, თუ უპირატესობას შტანგას მიანიჭებთ და არა განტელებს.

  • მძიმე წონებით ვარჯიშისას შტანგით ვარჯიში გაცილებით მოსახერხებელია

გამოცდილების შეძენასთან ერთად, თქვენ ძალის მნიშვნელოვან მატებას იგრძნობთ, რის გამოც წონების გაზრდა აუცილებლად დაგჭირდებათ. როდესაც მძიმე წონებით ვარჯიშს დაიწყებთ, მიხვდებით, რომ შტანგას განტელებთან შედარებით ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. გულ-მკერდის პრესის ვარჯიშების შესრულებისას საწყისი პოზიციისთვის განტელების მაღლა აზიდვა დაგჭირდებათ. რა თქმა უნდა, აღნიშნული მოძრაობის შესრულება მსუბუქი წონებით ვარჯიშისას ძალიან მარტივია. როდესაც თქვენ გამოცდილებას იძენთ და მძიმე წონებით, მაგრამ ნაკლები გამეორებებით ვარჯიშობთ, განტელების მაღლა აზიდვა და საწყისი პოზიციის დაფიქსირება საკმაოდ რთულდება. ზოგჯერ მოცემული მოძრაობის შესრულებისას თქვენ ვარჯიშისთვის საჭირო ენერგიას სრულად ხარჯავთ. როდესაც იატაკიდან განტელებს იღებთ და მას მხრების ზემოთ აზიდავთ, ძალიან იღლებით. მართალია, გარკვეული ხრიკების გამოყენებით, თქვენ განტელების აზიდვის პროცედურის გამარტივება შეგიძლიათ, უკიდურეს შემთხვევაში კი სხვისგან დახმარებასაც მიიღებთ, მაგრამ ზედმეტი გართულებების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ შტანგით ვარჯიშს მიანიჭოთ უპირატესობა.

შტანგით პრესის ვარჯიშის შესრულებისას სავარჯიშო ინვენტარი თავიდანვე იმ პოზიციაზეა, რომელზეც უნდა იყოს. თქვენ ზედმეტი ძალისხმევა არ გჭირდებათ. როდესაც სხეულის ქვედა ნაწილის კუნთებს ავარჯიშებთ და ჩაჯდომებს აკეთებთ, მხრებზე შემოდებული მძიმე შტანგით ვარჯიში გაცილებით გიმარტივდებათ, ვიდრე ორივე ხელში მომარჯვებული იმავე სიმძიმის განტელებით მოძრაობა.

  •  კუნთების ჩართულობის მაღალი ხარისხი

თქვენს უმთავრეს მიზანს კუნთოვანი მასის ზრდა თუ წარმოადგენს, უპირველეს ყოვლისა ის კუნთები უნდა გამოკვეთოთ, რომელთა გავარჯიშებაც გსურთ და დარწმუნდეთ, რომ ვარჯიშის დროს მათ დატვირთვას სათანადოდ ახერხებთ. ვარჯიშიდან მეორე დღეს კუნთების ტკივილი და გადაადგილების პრობლემები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიზნისკენ სწორად მიდიხართ. მთავარია, კუნთები, რომელთა გავარჯიშებაც გსურთ, მაქსიმალურად დატვირთოთ. თუ თქვენ ზურგის ვარჯიშებს ასრულებთ, მაგრამ ზურგის დატვირთვას ვერ გრძნობთ და სიმძიმე ბიცეფსის არეში განიცდება, ე.ი. თქვენ შეცდომას უშვებთ. ასევე ხდება გულ-მკერდის პრესის ვარჯიშის შესრულებისასაც. თუ გულ-მკერდის პრესს ასრულებთ და დატვირთვას ტრიცეფსის ან მხრების არეში გრძნობთ, ე.ი. სწორად არ ვარჯიშობთ. ადამიანების დიდ ნაწილს უჭირს სასურველი კუნთების სათანადოდ გავარჯიშება. ისინი ამას მხოლოდ გარკვეული ტიპის ვარჯიშების შესრულებისას ახერხებენ. როგორც წესი, შტანგით დატვირთვის დროს ათლეტები მარტივად ახერხებენ იმ კუნთების გამოკვეთას, რომელთა გავარჯიშებასაც მიზნად ისახავენ. თუმცა ზოგიერთ ადამიანს, სასურველი კუნთების გავარჯიშება განტელებით დატვირთვის დროს უფრო უადვილდება.

  • შტანგა თუ განტელები - რომელს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?

შტანგასა და განტელებს შორის არჩევანის გაკეთება თუ გსურთ, ძალიან ბევრი დეტალის გათვალისწინება მოგიწევთ. მართალია, ადამიანებს დასაბუთებული და საბოლოო პასუხების მოსმენა უყვართ, რათა არჩევანის გაკეთებისას ბევრი ფიქრი არ დასჭირდეთ, თუმცა ამ შემთხვევაში შეუძლებელია, რომ ყველა ათლეტისთვის საუკეთესო სავარჯიშო ინვენტარად რომელიმე მათგანის დასახელება შევძლოთ. შტანგასა და განტელებს თავიანთი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვთ, რის გამოც,  არჩევანის გაკეთებისას თქვენი მიზნებითა და ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოთ.

თქვენი არჩევანი, შესაძლოა, ვარჯიშიდან ვარჯიშამდე შეიცვალოს. თითოეულ სავარჯიშო რუტინას განსხვავებული ინვენტარი ესაჭიროება. ბევრია დამოკიდებული თქვენს პერსონალურ მახასიათებლებსა და გემოვნებაზეც. შტანგაც და განტელებიც საკმაოდ მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. თუ მათი გამოყენებისას თქვენი მიზნებით იხელმძღვანელებთ და თითოეული ინვენტარის ნაკლს და ღისებას გაითვალისწინებთ, სასურველი შედეგის მიღება არ გაგიჭირდებათ. უმეტეს შემთხვევაში, ათლეტებს სავარჯიშო რუტინაში კომბინირებული ვარჯიშების ჩართვა ესაჭიროებათ, რის გამოც ისინი დატვირთვისას შტანგასა და განტელებს საკმაოდ აქტიურად იყენებენ.

წარმატებებს გისურვებთ!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა