სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ესტროგენის ბლოკატორი საკვები პროდუქტები მამაკაცებისთვის

ასაკის მატებასთან ერთად მამაკაცების ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე იკლებს. აღნიშნული პრობლემა 45 წელს გადაცილებული მამრობითი სქესის წარმომადგენლების 40 %-ს აწუხებს. ესტროგენის ბლოკატორების დახმარებით ორგანიზმში ტესტოსტერონისა და ესტროგენის დონეების დაბალანსება მარტივდება, რაც მამაკაცებს ჯანსაღი ფორმისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ძალიან ეხმარება. ისეთი საკვები პროდუქტების მირთმევა, რომლებიც ესტროგენის მთავარ ბლოკატორებად გვევლინებიან, ტესტოსტერონის დაბალი დონით გამოწვეული უსიამოვნო სიმპტომების შემცირებასა და სასურველი ფორმის შენარჩუნებაში შეგიწყობთ ხელს.

ტესტოსტერონის დონის დაქვეითებით გამოწვეული უსიამოვნებები

მამაკაცებს, რომლებსაც ესტროგენის მაღალი დონე ან ტესტოსტერონის დაბალი მაჩვენებლები აქვთ, ქვემოთ დასახელებული სიმპტომებიდან ერთი ან რამდენიმე მათგანი რეგულარულად აწუხებთ. თავბრუსხვევა, ჭარბი წონა, ორგანიზმში ცხიმის დონის მატება, კუნთოვანი მასის დანაკარგი, ერექციული დისფუნქცია, უხასიათობა, ძალის ნაკლებობა, კონცენტრაციის უუნარობა, მეხსიერების დაქვეითება, თმის ცვენა და სტერილურობა - ეს იმ უსიამოვნო სიმპტომებისა და გვერდითი ეფექტების  მოკლე ჩამონათვალია, რომლებსაც მამაკაცების ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის დაქვეითება იწვევს. ესტროგენის ბლოკატორების აქტიური მიღება თქვენი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ტესტოსტერონის დონის დარეგულირება ენერგიის მატებასა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში გეხმარებათ.

6 ეფექტური ესტროგენის ბლოკატორი საკვები პროდუქტი

ტესტოსტერონის დონის დაქვეითებას თუ უჩივით, ქვემოთ ჩამოთვლილი საკვები პროდუქტები თქვენს ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად ჩართეთ.

  • კურკუმა

კურკუმა აზიის ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებული სანელებელია და მას სხვადასხვა დიეტებშიც აქტიურად რთავენ. გარდა იმისა, რომ კურკუმა კერძებს საუცხოო გემოსა და სურნელს მატებს, ის ესტროგენის ძლიერი ბლოკატორიცაა. გარდა ამისა, კვლევებით დგინდება, რომ კურკუმას მეტაბოლური სინდრომის გვერდითი ეფექტების, ასევე შფოთვითი აშლილობის და ართრიტის სიმპტომების შემცირება შეუძლია. ის ძალიან სასარგებლოა სისხლში ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლადაც. კურკუმა ვარჯიშით გამოწვეული კუნთების ტკივილის დამარცხებაშიც დაგეხმარებათ და ძალების აღდგენის პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს. გემრიელად და ჯანსაღად რომ მიირთვათ, კურკუმა წვნიანებში, სალათებში, ბრინჯით, ბოსტნეულითა და კვერცხით მომზადებულ კერძებში აქტიურად გამოიყენეთ.

  • სოკო

უახლესი კვლევებით დგინდება, რომ სოკო ესტროგენის ეფექტური ბლოკატორია. ტესტოსტერონის დონის დასარეგულირებლად, სხვადასხვა ნაირსახეობის სოკო რეგულარულად მიირთვით. სალათები, წვნიანები და ბოსტნეულის კერძები სოკოთი ხშირად გაამდიდრეთ.

  • ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეული

ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეულის შემადგენლობაში ესტროგენის მსგავსი კომპონენტები უხვად გხვდება, სწორედ ამიტომ, როდესაც აღნიშნული ტიპის პროდუქტს მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმი ტესტოსტერონს ესტროგენად აღარ გარდაქმნის. ესტროგენის ეფექტურ ბლოკატორებს თუ ეძებთ, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, კალე და თალგამი ხშირად მიირთვით. აღნიშნული პროდუქტები შეგიძლიათ ხემსის სახით მიიღოთ ან ჯანსაღი მწვანე სალათი მოამზადოთ და გემრიელად მიირთვათ. სალათის მომზადებისას აუცილებლად გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი, რათა ჯანსაღი ცხიმების მიღება შეძლოთ.

  • სელის მარცვლები

სელის მარცვლები პოლიფენოლის ერთ-ერთი მთავარი საბადოა. მათი დახმარებით ორგანიზმში ესტროგენის გამომუშავების სიხშირეს მნიშვნელოვნად შეამცირებთ. სელის მარცვლები ფიტოესტროგენის წყაროა, რის გამოც, ვიდრე მათ რეგულარულ მიღებას გადაწყვეტთ, ექიმთან კონსულტაცია აუცილებლად გაიარეთ. სელის მარცვლების დამატება  წვნიანებში, სალათებსა და შვრიის ფაფებში შეგიძლიათ.

  • მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი ესტროგენის ბლოკატორი პოლიფენოლის კიდევ ერთი ჯანსაღი და ბუნებრივი წყაროა. კვლევებით მტკიცდება, რომ მას ორგანიზმის ნეიროდეგენერაციული დაავადებებისგან დაცვის უნარიც შესწევს. მწვანე ჩაის დახმარებით წონაში დაკლებასაც მოახერხებთ, რაც ესტროგენის დონის კლებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მწვანე ჩაი საუზმეზე, ლანჩზე ან კვებებს შორის შაქრიანი სასმელების ნაცვლად მიიღეთ. უმჯობესია თუ ჩაის უშაქროდ მიირთმევთ, რათა წონაში მატება თავიდან აიცილოთ და ორგანიზმი გაიჯანსაღოთ.

  • ყურძენი

ყურძენსა და ყურძნის წვენში არსებული ერთ-ერთი ინგრედიენტი - რესვერატოლი ესტროგენის ძლიერ ბლოკატორად გვევლინება. უახლესი კვლევებით დასტურდება, რომ ყურძენს ან მის შემცველ პროდუქტებს ორგანიზმში ესტროგენის წარმოების შეფერხების უნარი შესწევს. ყურძნის მირთმევა ხემსის სახით შეგიძლიათ. კვებებს შორის რამდენიმე მარცვალი ყურძენი მიირთვით. შეგიძლიათ ყურძენი ბერძნულ იოგურტთან ერთად მიიღოთ ან მისგან გემრიელი სმუზი მოამზადოთ.

ტესტოსტერონის დონის ასამაღლებელი სხვა მეთოდები და საშუალებები

ესტროგენის ბლოკატორების მიღების გარდა, ტესტოსტერონის დონის ასამაღლებლად სხვა ეფექტური საშუალებების გამოყენებაც შეგიძლიათ. ოპტიმალური ჰორმონალური ბალანსის მისაღწევად ცხოვრების სტილის შეცვლა მოგიხდებათ. ყურადღებით გაეცანით სტატიაში შემოთავაზებულ რჩევებს. მათი დახმარებით ესტროგენის დონის დაქვეითებასა და ტესტოსტერონის დონის ამაღლებას სწრაფად შეძლებთ.

  • მიირთვით ტესტოსტერონის დონის ასამაღლებელი პროდუქტები

ტესტოსტერონის გამომუშავების ხელშესაწყობად გარკვეული საკვები პროდუქტები რეგულარულად უნდა მიიღოთ. ბროწეული, ხამანწკები, რძის შრატის ცილა, ქოქოსი, ზეითუნის ზეთი, ნიორი, თხილეული, კვერცხი და ავოკადო ის პროდუქტებია, რომლებიც ტესტოსტერონის დონის ამაღლებაში დაგეხმარებათ. თუ ჰორმონალური ფონის მოწესრიგება გსურთ, ერიდეთ მცენარეული ზეთის, შოკოლადის, ყველისა და ალკოჰოლის მიღებას.

  • თავი შეიკავეთ ესტროგენის დონის ასამაღლებელი პროდუქტების მიღებისგან

ჰორმონალური დისბალანსის თავიდან ასაცილებლად ესტროგენის დონის ასამაღლებელი საკვები პროდუქტების მიღებისგან თავი შეიკავეთ. წითელი ხორცი, რძე, ალკოჰოლი, პარკოსნები და მარცვლეული ესტროგენის გამომუშავებას აძლიერებს, რის გამოც მათ ხშირ მიღებას არ გირჩევთ. სოიოს შემადგენლობაში შემავალი ფიტოესტროგენები თქვენს ორგანიზმში ესტროგენის წარმოებას აფერხებს, თუმცა კვლევებით დგინდება, რომ სოიოს მიღება სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულ ეფექტს ახდენს. მან შესაძლოა ორგანიზმში ესტროგენის დონე გაზარდოს ან შეამციროს, ყველაფერი კი ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული.  

  • ყურადღება მიაქციეთ წონას

არაერთი კვლევით დადასტურდა, რომ წონაში კლებას ორგანიზმში ესტროგენის ცირკულაციის შენელება შეუძლია. თუ თქვენ ჭარბწონიანობის პრობლემა გაქვთ, ფორმაში ჩადგომაზე ზრუნვა დროულად უნდა დაიწყოთ. საჭმლის ჭამამდე 2 ჭიქა წყალი მაინც უნდა დალიოთ. ტკბილი სასმელების ნაცვლად ყოველდღიურად მიიღეთ წყალი, უშაქრო ჩაი და ყავა. მოერიდეთ ხელოვნური დამატკბობლებით გაჯერებულ დიეტურ სასმელებსა და საკვებს. დღე-ღამის მანძილზე სულ ცოტა 7 საათის მანძილზე უნდა გეძინოთ. ეცადეთ, სტრესულ გარემოში ყოფნას მოერიდოთ. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ბოსტნეულს, რომელიც სახამებელს არ შეიცავს. თქვენი თეფშის ნახევარი ბოსტნეულით გაავსეთ, ¼ პროტეინებით მდიდარ პროდუქტს დაუთმეთ, ხოლო დარჩენილი ¼ სახამებლიან პროდუქტებს. ყოველდღიურად იმოძრავეთ და ვარჯიშით ხშირად დაკავდით. სპეციალურად მამაკაცებისთვის განკუთვნილი წონაში კლების პროგრამები მოიძიეთ და ფორმაში ჩადგომაზე ყოველდღიურად იზრუნეთ.

ტესტოსტერონის დონის დაქვეითება თუ გაწუხებთ, პირველ რიგში, კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიაკითხოთ. თქვენი კვების რეჟიმის, სავარჯიშო პროგრამისა და ცხოვრების სტილის ეფექტურობის შესამოწმებლად სისხლში ჰორმონების დონე რეგულარულად უნდა გადაამოწმოთ. თმის ცვენას, წონაში მატებას და სისუსტეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაც იწვევს. ექიმთან ვიზიტი პრობლემის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ.

წარმატებებს გისურვებთ!

 

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა