Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



სირბილი მშობიარობის შემდეგ - რა უნდა ვიცოდეთ?

სირბილი სპორტით გატაცებული ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აქტივობაა. მათი უდიდესი ნაწილი თვლის, რომ კარდიოს აღნიშნული ნაირსახეობა ყველასთვის კომფორტული ფიზიკური დატვირთვაა, რადგან ზედმეტ აღჭურვილობასა და ინვენტარს არ საჭიროებს. ახალბედა დედები კი მიიჩნევენ, რომ მათთვის ნებისმიერი სახის ვარჯიში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ბავშვის დაბადება ქალის ცხოვრებაში ყველაფერს მნიშვნელოვნად ცვლის, რის გამოც მათ ფიტნესისთვის დროის გამონახვა ძალიან უძნელდებათ.

პასიური ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანები ხუმრობენ, რომ სირბილი დამოკიდებულებას იწვევს. მორბენლები კი მათ სავსებით ეთანხმებიან. დედებს აქტიური ცხოვრების წესზე გადასვლა განსაკუთრებით მაშინ უძნელდებათ, თუ ისინი ორსულობის დროს არ ვარჯიშობდნენ. მშობიარობის შემდეგ სირბილის დაწყება რისკებთან არის დაკავშირებული, რის გამოც ახალბედა დედებმა კარდიოს შესრულებამდე  გარკვეულ დეტალებს აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება. დროზე ადრე სირბილის დაწყებამ, შესაძლოა, ქალბატონები ინკონტინენციის (შარდის შეუკავებლობის) პრობლემის წინაშე დააყენოს. ზოგიერთი მათგანი სერიოზულ ტრავმებსაც იღებს, არ არის გამორიცხული სახსრის ამოვარდნაც. ახალბედა დედებს ვარჯიშის დაწყებამდე სულ ცოტა 6 კვირით დასვენება მაინც უხდებათ, თუმცა როდესაც სირბილზე ვსაუბრობთ, აღნიშნული დროის ინტერვალი, შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც.

მშობიარობიდან 6 კვირის მანძილზე დაუშვებელია წონებით ვარჯიში ან კარდიოს შესრულება, მათ შორის სირბილიც. მშობიარობის პროცესი ორგანიზმზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. აბდომინალური კუნთები ორსულობის მანძილზე ერთმანეთს მნიშვნელოვნად შორდება. ბავშვის გაჩენის შემდეგ აღნიშნული კუნთები სუსტდება. მნიშვნელოვანი ძვრები ხდება ქალის ორგანიზმშიც. მისი შინაგანი ორგანოები მთელ რიგ ცვლილებებს განიცდიან. ამ ყოველივეს მშობიარობით გამოწვეული სტრესიც ემატება. კვლევებით დასტურდება, რომ მშობიარობის შემდეგ ქალბატონები იმავე მდგომარეობაში იმყოფებიან, როგორშიც მძიმე ქირურგიული ჩარევის შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი ბუნებრივი მშობიარობის შედეგად ჩნდება, თუ საკეისრო კვეთით, ქალის ორგანიზმი ნებისმიერ შემთხვევაში გადაღლილი და გამოფიტულია.

ქალბატონებმა, რომლებიც სირბილით აქტიურად კავდებიან, ბავშვების გაჩენიდან 6 კვირის მანძილზე ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობისგან თავი უნდა შეიკავონ, თუმცა ვიდრე ინტენსიური კარდიოს შესრულებას დაიწყებენ, აუცილებელია დამატებით 2-3 კვირა მუცლის კუნთების გაძლიერებას დაუთმონ.  სირბილით სრულფასოვნად რომ დაკავდეთ, აბდომინალური კუნთები აუცილებლად უნდა გააძლიეროთ. მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ ძლიერი მუცლის კუნთები არავის აქვს. ინტერნეტში უამრავი სავარჯიში პროგრამის მოძიება შეგიძლიათ, რომლებიც ახალბედა დედებს ფიზიკური დატვირთვისთვის სათანადოდ მომზადებაში ეხმარება. თითოეული პროგრამა მუცლის კუნთებისა და მენჯის სარტყლის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. მენჯის სარტყელი მშობიარობის შემდეგ განსაკუთრებით სუსტდება, რის გამოც მუცლის ზონასთან ერთად ისიც განსაკუთრებულ ყურადღებას და ზრუნვას საჭიროებს. თუ სირბილის დაწყებამდე მენჯის სარტყლის გაძლიერებაზე არ იზრუნებთ, ვარჯიშის დროს შარდის შეუკავებლობა აუცილებლად შეგაწუხებთ. არ არის გამორიცხული, რომ ვარჯიში სახსრის ამოვარდნილობის პრობლემით დაასრულოთ. სწორედ ამიტომ, სირბილის დაწყებამდე აღნიშნული ზონის გაძლიერებაზე აუცილებლად იმუშავეთ.

მშობიარობის შემდეგ აუცილებლად მოიძიეთ სპეციალურად მუცლისა და მენჯის ზონისთვის განკუთვნილი სავარჯიშო პროგრამები. სირბილით დაკავება თუ გსურთ, წელის ზონის გაძლიერებაზეც უნდა იზრუნოთ. ქალბატონების დიდ ნაწილს ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ სუნქთვის უკმარისობა აწუხებს. სწორედ ამიტომ, სირბილის დაწყებამდე აუცილებლად დაეუფლეთ სუნთქვით ტექნიკებს, რათა უსიამოვნო შეგრძნებებისგან გათავისუფლება და სრულფასოვნად დატვირთვა შეძლოთ. მართალია, 6-8 კვირა მშობიარობის შემდეგ ძალების აღდგენისთვის საკმარისად ითვლება, მაგრამ ყველაფერი ქალის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. შესაძლოა, სირბილისთვის მოსამზადებლად თქვენ უფრო მეტი დრო დაგჭირდეთ. ვარჯიში ადრეულ ეტაპზე რომ არ დაიწყოთ, ყურადღებით გაეცანით იმ საფრთხილო ნიშნებსა და სიმპტომებს, რომლებიც ფიზიკურ სისუსტეზე მიგანიშნებენ. თუ სირბილის ან ხტუნვის დროს შარდის შეუკავებლობა გაწუხებთ ან მენჯის არეში ტკივილი აღგენიშნებათ, ე.ი. სირბილის დასაწყებად მზად არ ხართ.

ქალბატონები, რომლებმაც ვარჯიში ნაადრევად დაიწყეს, იმ უცნაურ შეგრძნებებზე საუბრობენ, რომლებიც სირბილის დროს ეუფლებოდათ. მათი დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ვარჯიშის დროს ცალკეულ ორგანოთა ამოვარდნის შეგრძნება აწუხებს. თუ თქვენ მსგავსი სიმპტომები აღგენიშნებათ, ვარჯიში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ და კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. ძვლების ტკივილიც იმის მიმანიშნებელია, რომ თქვენ სირბილი ნაადრევად დაიწყეთ. თუ გვერდები გტკივათ და სახსრები იმაზე მეტად გაწუხებთ, ვიდრე ჩვეულებრივ, ე.ი. სირბილის დაწყება კიდევ რამდენიმე კვირით უნდა გადადოთ. ქალბატონები, რომლებიც სირბილს ყოველგვარი ფიზიკური მომზადების გარეშე იწყებენ, საკუთარ თავს საფრთხეში იგდებენ, რადგან მათ ტრავმების მიღების მაღალი ალბათობა აქვთ. ორსულობის დროს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები მყესებისა და იოგების მოქნილობას და ელასტიურობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, რაც მშობიარობის პროცესს აადვილებს. აღნიშნული ცვლილებები სირბილისთვის ნაკლებად გამოსადეგია.  მყესებისა და იოგების ზედმეტი ელასტიურობა სპორტული ტრავმების მიღების ალბათობას ზრდის. ის, შესაძლოა, შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზადად იქცეს. სწორედ აღნიშნულ ცვლილებებს უკავშირდება მენჯის დიაფრაგმის დისფუნქციით და მენჯის სარტყლის ტკივილით გამოწვეული უსიამოვნებებიც.

მენჯის დიაფრაგმის დისფუნქცია სექსუალური ურთიერთობისას ტკივილს, ხოლო სირბილის დროს შარდის შეუკავებლობას იწვევს. იმისთვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების თავიდან აცილება შეძლოთ, სირბილის დასაწყებად სრულფასოვნად მოემზადეთ. კარგი დასვენება და ფიზიკური მომზადება ყველაფერი არ არის, რისი გაკეთებაც სირბილის დაწყებამდე მოგიწევთ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორი ინტენსივობით ვარჯიშს გეგმავთ ან აპირებთ თუ არა ვარჯიშზე ბავშვის ტარებას. ქალბატონების დიდი ნაწილი მშობიარობის შემდეგ მსუბუქ სირბილს ბავშვთან ერთად იწყებს. ამისთვის ისინი სპეციალურ ეტლებს იყენებენ, რომლებსაც ნებისმიერ ზედაპირზე უსაფრთხო გადაადგილება შეუძლიათ. თუმცა 8 თვემდე ასაკის ბავშვთან ერთად სირბილი რეკომენდებული არ არის. ვიდრე ეტლთან ერთად სირბილს დაიწყებთ, ის სეირნობისას საგულდაგულოდ გამოსცადეთ, შეამოწმეთ, რამდენად კომფორტულია ეტლი ბავშვისთვის და გამოგადგებათ თუ არა ის უფრო ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისთვის.

ბავშვის ასაკი მასთან ერთად სირბილის შესაძლებლობას თუ არ გაძლევთ, ეცადეთ, სავარჯიშო სივრცე სახლში მოიწყოთ. სარბენი ბილიკი შეიძინეთ და ვიდრე ბავშვს ძინავს, სირბილით დაკავდით. ორსულ ქალბატონებს ქვედა კიდურების შეშუპება ხშირად აწუხებთ. ექიმები მათ არწმუნებენ, რომ მშობიარობის შემდეგ ყველაფერი გაივლის, თუმცა ზოგიერთ მათგანს ფეხის ფორმა და გარშემოწერილობა სამუდამოდ ეცვლება. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, სირბილის დაწყებამდე ახალი სპორტული ფეხსაცმლის შეძენაც დაგჭირდეთ. როდესაც სირბილს საბოლოოდ დაუბრუნდებით, თქვენს სხეულს ყურადღებით დააკვირდით. ზოგიერთ ქალბატონს ორსულობის ეტაპზე ან მშობიარობის შემდეგ დიასტაზი უვითარდება. დიასტაზის დიაგნოზს იმ ქალბატონებს უსვამენ, რომლებსაც მუცლის კუნთების მნიშვნელოვანი დაშორება აღენიშნებათ. დიასტაზი საწყის ეტაპზე მუცლის ფორმას ცვლის, ხოლო თუ მას უყურადღებოდ დატოვებთ, შესაძლოა, გაცილებით სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. თუ ამჩნევთ, რომ მუცლის კუნთები ერთმანეთს დაშორდა, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიაკითხეთ მკურნალ ექიმს.

ორსული ქალბატონები სხეულის სწორად დაჭერის მანერას ხშირად ივიწყებენ, რათა კომფორტულად ჯდომა ან დგომა შეძლონ. მშობიარობის შემდეგ ისინი სხეულის სწორად დაჭერას ხელახლა სწავლობენ, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. სირბილის დაწყებიდან რამდენიმე კვირის მანძილზე, შესაძლოა, არასწორი დგომის გამო გარკვეული პრობლემები შეგექმნათ. მშობიარობის შემდეგ ვარჯიშის დაწყებისას ქალბატონები ამჩნევენ, რომ მათ უფრო ხშირად წყურდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს განსაკუთრებით იმ დედებს ეხებათ, რომლებიც ბავშვებს ძუძუს აწოვებენ. თუ სირბილის დროს წყურვილის მოთხოვნილება ხშირად შეგაწუხებთ, მის დაკმაყოფილებაზე აუცილებლად უნდა იზრუნოთ. ყოველთვის თან იქონიეთ წყალი და რაც შეიძლება ხშირად მიირთვით. ახალბედა დედების უდიდესი ნაწილი სირბილის დაწყებისას თავს მოუქნელად გრძნობს. ისინი აღნიშნავენ, რომ მარტივად იღლებიან და სირბილის გასაგრძელებლად ენერგია არ ჰყოფნით. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით იმ ქალბატონებს აწუხებთ, რომლებიც ორსულობის დროს არ დარბოდნენ. ახალბედა დედებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ. თუ სირბილისას ტკივილის შეგრძნება აწუხებთ, დატვირთვის ინტენსივობა უნდა შეამცირონ. თუ ქალბატონები მსუბუქი დატვირთვისასაც იღლებიან, კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართონ.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა