Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ხელოვნური დამატკბობლები წონაში კლებისთვის - მითი თუ რეალობა?

წონაში კლების მსურველები საკვები რაციონიდან ჭარბი კალორიების გამორიცხვას ყოველდღიურად ცდილობენ. ამ მიზნით ისინი შაქრის ნაცვლად დაბალკალორიულ ხელოვნურ დამატკბობლებს აქტიურად მოიხმარენ და თვლიან, რომ მათი დახმარებით კალორიების დეფიციტის შექმნას შეძლებენ. რამდენად სწორია ხელოვნური დამატკბობლების გამოყენება წონაში კლების მიზნით? დიეტოლოგების ნაწილი თვლის, რომ შაქრის შემცვლელებსა და ხელოვნურ დამატკბობლებს წონაში მატების პროვოცირების უნარი შესწევთ, რის გამოც მათი რეგულარული მოხმარება მიზანშეწონილი არ არის. გარდა ამისა, მსგავსი ტიპის პროდუქტების ხშირი მიღება ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებთანაც არის დაკავშირებული.

ხელოვნური დამატკბობლები

ბაზარზე ხელოვნური დამატკბობლების საკმაოდ ფართო არჩევანია. ზოგიერთი მათგანი კალორიებს საერთოდ არ შეიცავს, ხოლო ნაწილი ძალიან დაბალკალორიულია, რის გამოც კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის მსურველი ადამიანები აღნიშნული ტიპის პროდუქტებს აქტიურად ეტანებიან. დიეტურ პროდუქტებს ხშირად ისეთი პოპულარული დამატკბობლით ატკბობენ, როგორიც ასპარტამია. ეს უკანასკნელი შაქართან შედარებით 200-ჯერ უფრო ტკბილია. შაქრის შემცვლელი ნივთიერება - საქარინი კი შაქარს სიტკბოთი 200-700-ჯერ აჭარბებს. ნატურალური დამატკბობლის სტევიას სხვადასხვა ნაირსახეობები კი შაქართან შედარებით 200-400-ჯერ მეტი სიტკბოთი გამოირჩევიან. ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს სინთეზური დამატკბობელი სუკრალოზაც, რომელიც შაქარს სიტკბოთი 600-ჯერ აღემატება. დიეტურ პროდუქტებს ხშირად კალიუმის აცესულფამითაც ატკბობენ, რომელიც შაქართან შედარებით 200-ჯერ ტკბილია. ხელოვნურ დამატკბობლებს შორის ყველაზე მეტი სიტკბო ადვანტამს აქვს, ის აღნიშნული მაჩვენებლით შაქარს 20 000-ჯერ აღემატება.

რამდენად უსაფრთხოა ხელოვნური დამატკბობლები თქვენი ჯანმრთელობისთვის?

მომხმარებლები ხელოვნურ დამატკბობლებს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან მათმა უმეტესობამ არ იცის, რამდენად უსაფრთხოა ისინი ადამიანის ორგანიზმისთვის. როგორც წესი, კვების ექსპერტებსა და მედიკოსებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. თუ თქვენ ხელოვნური დამატკბობლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები გაგიჩნდებათ, მათზე ზუსტი პასუხების მიღებას ვერ შეძლებთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის მიმართავთ კითხვით. ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციის ცნობით, რამდენიმე ხელოვნური დამატკბობელი უსაფრთხოდ მიიჩნევა. ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანოდ არის მიჩნეული: საქარინი, ასპარტამი, კალიუმის აცესულფამი, სუკრალოზა და ადვანტამი. საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შედარებით უსაფრთხო დამატკბობლად ითვლება სტევიაც.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანმრთელობისთვის საზიანოდ არის მიჩნეული ციკლამატის მოხმარება, თუმცა აღნიშნულ ხელოვნურ დამატკბობელს სხვა სახელმწიფოებში აქტიურად იყენებენ. ადამიანს, რომელსაც ფენილკეტონურიის დიაგნოზს უსვამენ, ასპარტამის მიღება ეკრძალება, რადგან ის მისი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ფენილკეტონურია მემკვიდრეობითი ხასიათის დაავადებაა, რომელიც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს იწვევს. თუ თქვენ მსგავსი პრობლემა გაქვთ, ასპარტამის შემცველი საკვებისა და სასმელის მიღებაზე უარი უნდა თქვათ. მართალია, ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაცია ბევრ ხელოვნურ დამატკბობელს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევს, მაგრამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის ექსპერტები დარწმუნებით ვერაფერს ამბობენ. ადამიანები, რომლებიც წონაში კლების მიზნით ხელოვნურ დამატკბობლებს აქტიურად მოიხმარენ, ხშირად აღნიშნავენ, რომ შაქრის შემცველების რეგულარული გამოყენების შემდეგ მათ გარკვეული გვერდითი ეფექტები გამოუვლინდათ.

დიეტოლოგებისა და კვების ექსპერტების მოსაზრებით, ადამიანებმა, რომლებსაც წონაში დაკლება აქვთ გადაწყვეტილი, შაქრის შემცვლელების მოხმარებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ძალიან ბევრი ხელოვნური დამატკბობელი სათანადოდ შესწავლილი არ არის. მათი ნაწილი ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე წელია არსებობს, რის გამოც მათ უსაფრთხოებაზე საუბარი ნაადრევია. ჯანდაცვის ექსპერტთა განცხადებით, აღნიშნული ტიპის პროდუქტების წარმოება კომერციულ მიზნებს ემსახურება. ხელოვნური დამატკბობლების მწარმოებლები მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ  შაქრის შემცვლელი პროდუქტები მათთვის სავსებით უსაფრთხოა, თუმცა ექსპერტების ნაწილი უახლესი კვლევების შედეგებზე დაყრდნობით სრულიად საპირისპირო დასკვნებამდე მივიდა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, რამდენიმე კვლევამ ხელოვნურ დამატკბობელ ასპარტამსა და სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი გამოავლინა. ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი ასპარტამს საშიშ კარცენოგენად თვლის. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაცია კი აღნიშნულ მოსაზრებებს არასაფუძვლიანად მიიჩნევს. ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასპარტამის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არაერთი კვლევაა ჩატარებული. 100-ზე მეტმა კვლევამ კი აღნიშნული დამატკბობლის უსაფრთხოება ოფიციალურად დაადასტურა.

ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება წონაში მატებას უწყობს ხელს

ხელოვნური დამატკბობლების უსაფრთხოებაში სავსებით დარწმუნებულებიც რომ იყოთ, წონაში კლების მიზნით მათი გამოყენებისგან თავი მაინც უნდა შეიკავოთ. დიეტოლოგები და კვების ექსპერტები თვლიან, რომ შაქრის შეცვლელების გამოყენება წონაში მატებას უწყობს ხელს. მკვლევარები წლების მანძილზე იკვლევდნენ ხელოვნური დამატკბობლების მოხმარებაზე  ორგანიზმის საპასუხო რეაქციებს. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც შაქრის შემცვლელებით გაჯერებული პროდუქტებით ვიკვებებით, საკვებზე მოთხოვნილება იზრდება, რის გამოც გაცილებით მეტ კალორიას ვიღებთ, ვიდრე ჩვეულებრივ. ხელოვნური დამატკბობლები შაქართან შედარებით ბევრად ტკბილია, რის გამოც მათი მიღებისას ტკბილი საკვებისადმი მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იმატებს. რადგან შაქრის შემცვლელები ძალიან ცოტა კალორიას შეიცავს, დანაყრების სიგნალები ტვინს გვიან მიეწოდება, რის გამოც ჩვენ გადაჭარბებულად ვიკვებებით. ადამიანები, რომლებიც ხელოვნურ დამატკობლებს რეგულარულად მოიხმარენ, წონაში სწრაფად იმატებენ. მათ იციან, რომ შაქრის შემცვლელებით გაჯერებული პროდუქტები ნაკლებად კალორიულია, რის გამოც აღნიშნულ პროდუქტებს გადაჭარბებულად მიირთმევენ. ისინი ფიქრობენ, რომ დაბალკალორიული პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება წონაში მატებას არ გამოიწვევს, რაც შეცდომაა.

ხელოვნური დამატკბობლების ნეგატიური ეფექტების კვლევა ყოველთვის ერთსა და იმავე შედეგს არ იძლევა. მკვლევარების ნაწილი ასკვნის, რომ შაქრის შემცვლელების გამოყენება წონაში კლებას ნამდვილად უწყობს ხელს. შედეგი განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც ადამიანები ტკბილი გაზიანი სასმელების ნაცვლად უშაქრო ტკბილი სასმელების მოხმარებას იწყებენ. კვლევებით დასტურდება, რომ ხელოვნური დამატკბობლების მოხმარებას სხვადასხვა ორგანიზმზე განსხვავებული ეფექტი აქვს. კვების ექსპერტების მტკიცებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება. ადამიანები, რომლებსაც გადაძღომისკენ აქვთ მიდრეკილება, შაქრის შემცვლელებით გაჯერებული პროდუქტების ჭარბი მოხმარების შედეგად წონაში სწრაფად იმატებენ.

წონაში დაკლება თუ გსურთ, მაგრამ შაქრის შემცვლელი პროდუქტები ძალიან გიყვართ, ხელოვნური დამატკბობლების გამოყენება თქვენთვის ნაკლებად საზიანოა. მათი მოხმარებისას თქვენ პროდუქტებს მეტი სიფრთხილით შეარჩევთ და კვებითი ჩვევების შეცვლასაც შეძლებთ. კვების ექსპერტების თქმით, უმჯობესია, თუ ნებისმიერი სახის დამატკბობელზე უარს იტყვით, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ყველა ადამიანს არ შეუძლია. თუ თქვენ ტკბილი საკვები გიყვართ, ხელოვნური დამატკბობლების ზომიერი მოხმარება ნაკლებად დაგაზარალებთ. წონაში კლების მსურველებს საუკეთესო შედეგის მიღებაში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება ყველაზე მეტად ეხმარება. თუ თქვენ საღამოობით ყავის დალევის სურვილი გაგიჩნდებათ და უპირატესობას ხელოვნური დამატკბობლებით გაჯერებულ ყავას მიანიჭებთ, თქვენს ორგანიზმს მაინც დააზიანებთ. კოფეინის მიღება დეჰიდრატაციას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, აჯობებს თუ საღამოობით ყავის მირთმევაზე უარს იტყვით და მის ნაცვლად წყალს მიირთმევთ.

შაქრის შემცვლელებით გაჯერებული პროდუქტების ჭარბად მიღების თავიდან აცილება რომ შეძლოთ, უმჯობესია საკვები ნელა მიირთვათ. ამგვარად თქვენი ტვინი დანაყრების შესახებ სიგნალს უფრო სწრაფად მიიღებს, რაც გადაძღომისგან დაგიცავთ. უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ ცხიმებს. მათი დახმარებით ხელოვნური დამატკბობლებისადმი თქვენი მოთხოვნილება მნიშვნელოვნად შემცირდება. ავოკადოთი მომზადებული სალათები, ასევე ორაგულისა და თინუსის კერძები სწრაფად დაგანაყრებთ და ზედმეტი კალორიების მიღებისგანაც დაგიცავთ. ბალანსირებული კვება და ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა