სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ვარჯიშით გამოწვეული პანიკური შეტევა

სირბილის შემდეგ თქვენს ორგანიზმში ენდორფინები ჭარბად გამოიყოფა, რის გამოც თავს მთელი სამყაროს ბატონად მიიჩნევთ და ბედნიერებას ვეღარ მალავთ. ვარჯიში ადამიანებს ამაღლებული განწყობის შექმნაში ძალიან ეხმარება. როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ ყველა ათლეტი ერთნაირი არ არის. ის, რაც ზოგიერთ მათგანს აბედნიერებს, ზოგისთვის მეტისმეტად რთული გადასატანი ხდება. ენერგიული ვარჯიშის შემდეგ ბედნიერების შეგრძნება ყველა ფიტნეს მოყვარულს არ ეუფლება. ზოგი მათგანი დატვირთვის დასრულების შემდეგ შფოთვითი აშლილობის დამახასიათებელ სიმპტომებს ავლენს. მათ ორიენტაციის დაკარგვა, გულისცემის გახშირება, თავბრუსხვევა და შიშის აუტანელი შეგრძნებები აწუხებთ. თუ მსგავსი სიმპტომები თქვენც აღგენიშნებათ, ე.ი. პანიკური შეტევა გემართებათ. ფსიქიატრების თქმით, პანიკური შეტევის სიმპტომები ხშირად გულის შეტევის სიმპტომატიკის მსგავსია, რის გამოც ადამიანებს  მასთან გამკლავება ძალიან უძნელდებათ.

პანიკის შეტევა ერთხელ მაინც თუ გამოგიცდიათ, ზემოთ დასახელებული უსიამოვნო სიმპტომები თქვენთვის კარგად ნაცნობი იქნება. ალბათ, გაგიკვირდათ, როდესაც გაიგეთ, რომ ვარჯიშს პანიკური შეტევის გამოწვევა შეუძლია. თუ თქვენ შფოთვითი აშლილობებისკენ ხართ მიდრეკილი, შესაძლოა, ფიზიკური დატვირთვით გამოწვეულმა პანიკის შეტევამ თქვენც შეგაწუხოთ. ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიას, რომელშიც პანიკური შეტევისთვის დამახასიათებელ ძირითად სიმპტომებზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და მისგან თავის დაღწევის გზებზე გესაუბრებით.

რა არის პანიკური შეტევა?

ვარჯიშით გამოწვეული პანიკური შეტევის არსს უკეთ რომ ჩაწვდეთ, აუცილებელია პანიკის შეტევის დროს ორგანიზმში მიმდინარე მოვლენებს სრულფასოვნად გაეცნოთ. პანიკური შეტევა ექსტრემალური აღგზნების მდგომარეობაა, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია. შეტევის დროს თქვენ ძალიან უსიამოვნო შეგრძნებები გეუფლებათ, თუმცა თქვენი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის ამოცნობას ვერ ახერხებთ. პანიკური შეტევის გამომწვევი ტვინის ქერქის ქვეშ მდებარე ნუშისებრი ჯირკვალია, რომელიც შიშის შეგრძნებებზეა პასუხისმგებელი. ნუშისებრი ჯირკვალი მოსალოდნელ ხიფათზე ორგანიზმის საპასუხო რეაქციების მთავარი მაპროვოცირებელია.

ყოველთვის, როდესაც თქვენ საფრთხის შემცველ სტიმულთან გიწევთ შეხება ( სტიმული შესაძლოა იყოს ვიზუალური, ხელშესახები, ვარჯიშის შემთხვევაში კი ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული შეგრძნებები), ტვინი სენსორულ ინფორმაციას იღებს და ნუშისებრ ჯირკვალს გადასცემს. გააქტიურებული ნუშისებრი ჯირკვალი თქვენს ორგანიზმში მთელ რიგ ცვლილებებს იწვევს. ის სიმპათიკურ ნერვულ სისტემას ააქტიურებს, რომელიც, თავის მხრივ, დაძაბულ ვითარებაში ორგანიზმის რეაქციების დარეგულირებაზეა პასუხისმგებელი. მასზეა დამოკიდებული თუ როგორ უპასუხებთ საფრთხეს: გაქცევით თუ ბრძოლით. ნუშისებრი ჯირკვლის დახმარებით ორგანიზმში დიდი რაოდენობით ადრენალინი გამომუშავდება, რის შედეგადაც თქვენ პანიკური შეტევისთვის დამახასიათებელი საშიში სიმპტომები გამოგივლინდებათ: აჩქარებული გულისცემა, არასტაბილური პულსი, ოფლისდენა, კანკალი, სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში და ა.შ.

ვარჯიშით გამოწვეული პანიკური შეტევა

ვარჯიშით გამოწვეული პანიკური შეტევა ჩვეულებრივი პანიკური შეტევისგან გარკვეული მახასიათებლებით განსხვავდება. როგორც წესი, დამწყებ ათლეტებს შფოთვის შეგრძნებები რძემჟავას ჭარბი გამოყოფის გამო ემართებათ. რძემჟავას ნაერთები ორგანიზმში ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს გამომუშავდება. რძემჟავას წარმოება კუნთების არეში ტკივილის შეგრძნებას იწვევს, ამავე დროს ის ტვინს გარკვეულ სიგნალებსაც აწვდის. ზოგიერთი ადამიანი ორგანიზმში რძემჟავას ჭარბ გამომუშავებას ვერ უმკლავდება. მსგავს შემთხვევაში ნუშისებრი ჯირკვალი ხანგრძლივი დროის მანძილზე აქტიურდება, რაც თავის მხრივ პანიკური შეტევის მაპროვოცირებელი მთავარი ფაქტორი ხდება. როდესაც ვარჯიშის დროს მეტისმეტად სწრაფად სუნთქავთ, ჰიპერვენტილაციის განვითარებას უწყობთ ხელს. ჰიპერვენტილაცია სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ცვლის. ეს ყოველივე ტვინის სისხლძარღვების შევიწროვებას და რძემჟავას ჭარბად დაგროვებას უწყობს ხელს. აღნიშნული პროცესების გამო ნუშისებრი ჯირკვალი მეტისმეტად აქტიურდება, რაც, თავის მხრივ, პანიკური შეტევიც გამომწვევი მიზეზი ხდება.

ვარჯიშის დროს გულისცემა მატულობს და სუნთქვა ხშირდება, რის გამოც ორგანიზმში დიდი რაოდენობით სტრესის ჰორმონი - კორტიზოლი გამომუშავდება. ეს უკანასკნელი ზოგიერთ ადამიანს ფიზიკურ დატვირთვასთან გამკლავებაში ეხმარება. ზოგ ათლეტს კი ნორმალურად ვარჯიშში ხელს უშლის. რიგ შემთხვევებში სისხლში კორტიზოლის მაღალი შემცველობა კონცენტრაციის ნაკლებობას და გახშირებულ ოფლიანობას იწვევს. ათლეტებს, რომლებსაც ვარჯიშის დროს ზემოთ დასახელებული უსიამოვნო სიმპტომები აღენიშნებათ, ხშირად პანიკური შიშისა და განგაშის გრძნობა ეუფლებათ. პანიკური შეტევის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ზედაპირული სუნთქვაა. თუ თქვენ შფოთვის შეგრძნება გეუფლებათ, შესაძლოა, ხელისგულები გაგიოფლიანდეთ და იგრძნოთ, რომ გონებას კარგავთ. ვარჯიშის დროს ოფლიანობა და სუნთქვის გახშირება სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. შფოთვითი აშლილობებისკენ მიდრეკილი ადამიანები საკუთარ ფიზიკურ შეგრძნებებზე ყურადღებას მეტისმეტად ამახვილებენ, რის გამოც მათ ვარჯიშზე ორგანიზმის ნორმალური საპასუხო რეაქცია ხშირად საგანგაშოდ ეჩვენებათ. თუ საკუთარ შეგრძნებებს მეტისმეტად დააკვირდებით, შესაძლოა, პანიკური შეტევა დაგემართოთ, რის შემდეგაც, შეიძლება, შეტევის გამეორების შიში დაგეუფლოთ.

ვარჯიშით გამოწვეული პანიკური შეტევა ყველა ათლეტს არ ემართება. თუ თქვენ შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დაგისვეს, მოსალოდნელია, რომ ფიზიკურ დატვირთვაზე მეტისმეტად მძაფრი საპასუხო რეაქცია გამოავლინოთ. კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებსაც პანიკური შეტევა წარსულშიც დამართნიათ, ვარჯიშის დროს იმავე შეგრძნებებს ხშირად განიცდიან.

ზუმბასა და სირბილს სტრესისგან გათავისუფლების მიზნით ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს, თუმცა მსგავსი ტიპის აერობული დატვირთვა პანიკური შეტევის გამომწვევ მიზეზადაც შეიძლება იქცეს. აერობული ვარჯიშების დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით ჟანგბადს მოიხმარს. სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა ჩქარდება, რადგან კუნთებს ჟანგბადის ჭარბად მიწოდება ესაჭიროებათ. სისხლის მიმოქცევის დაჩქარების პარალელურად, გულისცემა და სუნთქვაც ხშირდება. ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები კორტიზოლის გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც აღგზნებას იწვევს. სწორედ ამიტომ, აერობული დატვირთვა პანიკური შეტევის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.  წონებით ვარჯიში შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებისთვის შედარებით კომფორტული დატვირთვაა.  ფიზიკური დატვირთვის შემდეგ პანიკური შეტევის განვითარებაში წვლილი ვარჯიშს ნაკლებად მიუძღვის. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ რეაგირებს თქვენი ორგანიზმი ამა თუ იმ სტრესორზე.

მართალია, აერობული დატვირთვა პანიკური შეტევის გამომწვევ მიზეზად ითვლება, თუმცა თუ მსგავსი ტიპის ვარჯიშებით რეგულარულად დაკავდებით, შფოთვითი აშლილობის სიმპტომები მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ და პანიკის შეტევების სიხშირეც მოიკლებს. კვლევებით დადასტურდა, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე აერობული ვარჯიშებით დაკავებას პანიკური შეტევებისკენ მიდრეკილების შემცირება შეუძლია. აერობული დატვირთვა ტვინის ფუნქციებს აუმჯობესებს, რის გამოც რძემჟავას აკუმულაცია მცირდება. კვლევებით ასევე დასტურდება, რომ კარდიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღება და დეპრესიის დამარცხებაც შეუძლია.

ვარჯიშის დროს პანიკური შეტევა თუ დაგეწყოთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა უნდა გაითვალისწინოთ: შეწყვიტეთ მოძრაობა და ეცადეთ, გულისცემა დაიმშვიდოთ, ღრმად ისუნთქეთ,  თუ შენობაში ვარჯიშობთ, გარეთ გადით და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეთ, თუ შესაძლებლობა გაქვთ, თბილი შხაპი ან აბაზანა მიიღეთ. ზოგიერთ ადამიანს პანიკური აშლილობის სიმპტომების შემსუბუქებაში ტელეფონზე ლაპარაკი ძალიან ეხმარება. თუ მეგობართან საუბარი შვებას მოგგვრით, მასთან დარეკეთ და ყურადღება სასიამოვნო საუბარზე გადაიტანეთ. პანიკურ შეგრძნებებთან გასამკლავებლად ეფექტურია გაწელვის ვარჯიშების შესრულებაც. შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლო დატვირთვებია: იოგა და პილატესი. ორივე ვარჯიში ფიზიკური დატვირთვის გარდა სპეციალური სუნთქვითი ტექნიკების გამოყენებასაც მოითხოვს. გარკვეული პოზების დაფიქსირების შემდეგ თქვენ შესვენების და რელაქსაციის საშუალება გეძლევათ. მიუხედავად იმისა, რომ აერობული დატვირთვა ხშირად პანიკური შეტევის პროვოცირებას იწვევს, კარდიოზე უარს სამუდამოდ ვერ იტყვით, რადგან გულის გაჯანსაღებაზე ზრუნვა აუცილებლად გჭირდებათ. ვარჯიში გამაჯანსაღებელი სირბილით დაიწყეთ, რათა საჭიროების შემთხვევაში გულისცემის დამშვიდება სწრაფად შეძლოთ. სუნთქვითი ვარჯიშების შესრულება პანიკის დამარცხებაში დაგეხმარებათ, რაც აერობული ვარჯიშებით რეგულარულად და უშიშრად დაკავების შესაძლებლობას მოგცემთ.

წარმატებებს გისურვებთ!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა