სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



რა არის გლუტენი და რამდენად მავნეა ის ჯანმრთელობისთვის?

ადამიანების დიდი ნაწილი გლუტენის შემცველი პროდუქტების მირთმევაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. ალბათ, თქვენც გყავთ მეგობარი, ახლობელი ან ნათესავი, რომელიც გლუტენის შემცველ საკვებს არასდროს მიირთმევს. რიგ შემთხვევაში, აღნიშნულ ცილაზე უარის თქმა აუცილებელია. ადამიანებს, რომლებსაც ცელიაკიის დიაგნოზს უსვამენ, კვების განსაკუთრებული რეჟიმი აქვთ. ცელიაკია აუტოიმუნური დაავადებაა, რომელსაც გლუტენური ენტეროპათიის სახელით ვიცნობთ. ცელიაკიის დიაგნოზის მქონე ადამიანებს უმეტესად ნაწლავის ლორწოვანი გარსი უზიანდებათ. დაზიანების გამომწვევი კი სწორედ მარცვლეულში შემავალი გლუტენის პეპტიდებია. ცელიაკია ორგანიზმის იმუნური რეაქციაა  გლუტენზე. აღნიშნული დაავადება არც ისე ხშირია. ის მხოლოდ მოსახლეობის 1 %-ში გვხვდება. ადამიანების უფრო დიდი ნაწილი, პოპულაციის დაახლოებით 6 % კი გლუტენის შემცველ პროდუქტებზე უარს გლუტენის სხვა სახის აუტანლობის გამო ამბობს. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი შედარებით მსუბუქ იმუნურ რეაქციას ავლენს, რომელიც ცელიაკიით არ არის გამოწვეული.

მოსახლეობის 28 % გლუტენის შემცველ პროდუქტებზე უარს საკუთარი ნებით ამბობს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ აღნიშნულ რთულ ცილას რაციონიდან გამორიცხავენ, ორგანიზმს მნიშვნელოვნად გაიჯანსაღებენ. მათ უდიდეს ნაწილს არ აქვს მედიკოსის ან კვების ექსპერტის რეკომენდაცია, რომელსაც მათი გადაწყვეტილება ემყარება. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ გლუტენის რაციონიდან გამორიცხვა წონაში კლებას, ენერგიის მატებას და განწყობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. შესაძლოა, ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით გლუტენზე უარის თქმა ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლოს, მაგრამ დარბაზში შესრულების ხარისხის ასამაღლებლად მათი დიდი ნაწილი გლუტენის დავიწყებას მარტივად ახერხებს. პროფესიონალი ათლეტების ნაწილი აღნიშნული რთული ცილის რაციონიდან გამორიცხვას საკმაოდ გონივრულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. რიგ შემთხვევებში, სპორტული კლუბების სრული შემადგენლობა უარს ამბობს გლუტენის მიღებაზე, რათა ხარისხიანად ვარჯიში შეძლოს. ერთ-ერთი უახლესი კვლევით დადგინდა, რომ ათლეტების 40 % გლუტენის მიღებისგან უმეტესწილად თავს იკავებს.

პროფესიონალი ათლეტები  გლუტენის შემცველ პროდუქტებს ხშირად წლების მანძილზე არ მიირთმევენ. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ მსგავსი სტრატეგია ამართლებს. შეუძლია თუ არა გლუტენს სასწაულების მოხდენა? გემატებათ თუ არა ძალა, როდესაც აღნიშნულ მცენარეულ ცილას რაციონიდან საბოლოოდ გამორიცხავთ? მოცემულ კითხვებზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. 2015 წელს ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სპორტსმენების შესრულების ხარისხზე გლუტენის რაციონიდან გამორიცხვა გავლენას არ ახდენდა. ათლეტები, რომლებიც გლუტენის შემცველ პროდუქტებს მიირთმევდნენ, იმავე ინტენსივობით ვარჯიშობდნენ, როგორც ის სპორტსმენები, რომლებმაც მათ მიღებაზე უარი განაცხადეს. აღნიშნული კვლევა ცვლილებებს მხოლოდ დროის მოკლე შუალედში აკვირდებოდა. შესაძლოა, გლუტენზე ხანგრძლივი დროით უარის თქმამ პოზიტიური ცვლილებები მართლაც გამოიწვიოს, თუმცა კვების რაციონის შეცვლა სწრაფ შედეგებს ნამდვილად ვერ მოგცემთ.

ცელიაკიით დაავადებული ადამიანები გლუტენის რაციონიდან გამორიცხვით მიღებულ ეფექტს გაცილებით მოკლე დროში გრძნობენ, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება. ორგანიზმი ვიტამინებსა და მინერალებს სრულფასოვნად იღებს, რკინისა და ვიტამინ B12-ის დეფიციტი აღარ შეინიშნება, რაც ადამიანს ფიზიკური დატვირთვისთვის საჭირო ძალას აძლევს. მართალია, ჯანმრთელი ადამიანების მიერ გლუტენზე უარის თქმით მიღებულ დადებით შედეგებზე სრულფასოვანი კვლევები არ არსებობს, მაგრამ დიეტოლოგები თვლიან, რომ გლუტენის რაციონიდან გამორიცხვა სპორტსმენებს ვარჯიშის ინტენსივობის გაზრდაში დაეხმარება. მარცვლეული, რომელიც გლუტენს არ შეიცავს, ბოჭკოთი და ცილით გაცილებით ღარიბია, ვიდრე ის მარცვლეული, რომელსაც გლუტენის მაღალი შემცველობა აქვს. გლუტენისგან თავისუფალი მარცვლოვანი კულტურები ნახშირწყლებით ძალიან მდიდარია. მსგავსი პროდუქტებით კვება ორგანიზმს როგორც ვარჯიშის დაწყებამდე, ასევე უშუალოდ ვარჯიშის დროსაც ეხმარება. ჭარბი რაოდენობით ბოჭკოსა და ცილის მიღება საჭმლის მომნელებელ სისტემას ტვირთავს. ათლეტები ვარჯიშის დაწყებამდე დისკომფორტს განიცდიან, რომელიც ვარჯიშის დაწყების დროს უფრო მატულობს. ცილების და ბოჭკოს ჭარბად მიღება ორგანიზმს ნახშირწყლების ათვისებაშიც უშლის ხელს, რის გამოც თქვენ დატვირთვისთვის საჭირო ენერგიის მარაგის დეფიციტი გექმნებათ.

გლუტენის შემცველ პროდუქტებზე უარის თქმას თუ გადაწყვეტთ, გარკვეული კვლევების ჩატარება მოგიხდებათ. საკვების ყიდვის დროს ყოველთვის მოგიწევთ ანოტაციების კითხვა. თქვენ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება სანდო ინფორმაციას უნდა ემყარებოდეს, რაც არც ისე მარტივია. საკვების შერჩევის დროს გამოჩენილი სიფრთხილე  ჯანსაღი კვების უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ. თქვენ უპირატესობას ყოველთვის ჯანსაღ პროდუქტებს მიანიჭებთ, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და წონაზე დადებითად აისახება. ეს ყოველივე კი თქვენს ათლეტურ უნარებსაც გააუმჯობესებს. ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ მიერ განცდილი პროგრესი გლუტენის რაციონიდან გამორიცხვას უკავშირდება. სინამდვილეში მათი მიღწევები ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული და არა მცენარეულ ცილაზე უარის თქმასთან.

გლუტენი მარცვლეულში შემავალი ცილაა, რომელიც პურს და მის მსგავს პროდუქტებს ელასტიურ ტექსტურას უნარჩუნებს. მასზე უარის თქმა ბევრ ადამიანს უდიდესი მსხვერპლშეწირვის ფასად უჯდება. თუ თქვენ გლუტენის რაციონიდან გამორიცხვას გადაწყვეტთ, მაკარონი, პური, პიცა, ლუდი, ბაგელები, სოიოს სოუსი და სხვა უამრავი პროდუქტი სამუდამოდ უნდა დაივიწყოთ. გადამუშავებული საკვების დიდი ნაწილი გლუტენს შეიცავს, რადგან მათში გამოყენებული საკმაზები, სანელებლები ან დამატკბობლები ხშირად გლუტენის შემცველი პროდუქტების გამოყენებით არის დამზადებული. საკვების შეძენისას ეტიკეტის გაცნობა ყოველთვის ეფექტური არ არის, რადგან გლუტენი პროდუქტებში სხვადასხვა დასახელებით გვხვდება, შესაბამისად, შესაძლოა, საკვებში მისი არსებობა გამოგეპაროთ.

ადამიანებს, რომლებსაც ცელიაკიის დიაგნოზი არ აქვთ, გლუტენის შემცველი პროდუქტების რაციონიდან გამორიცხვა არ ევალებათ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ გადამუშავებული საკვები და გლუტენის შემცველი სხვა პროდუქტები ნაკლებად ჯანსაღია, რის გამოც მათზე უარის თქმა სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. გლუტენი უმეტესად ნახშირწყლოვან პროდუქტებში გვხვდება. თუ თქვენ აღნიშნული რთული ცილის რაციონიდან გამორიცხვას გადაწყვეტთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ორგანიზმს ნახშირწყლების დეფიციტის საფრთხეს არ უქმნით. რაც უფრო მეტს ვარჯიშობთ, მით მეტი ნახშირწყალი უნდა მიიღოთ, რათა ენერგიის მარაგი გქონდეთ. ათლეტების მიერ მიღებული საკვების 50 % ან მეტი ნახშირწყლოვანი პროდუქტებია. თუ თქვენ გლუტენზე უარს იტყვით, ამ რაოდენობის ნახშირწყლების მიღება გაგიჭირდებათ. ხორბლის ფქვილისგან დამზადებული პროდუქტები ვიტამინებითა და მინერალებით არის გამდიდრებული. აღნიშნული პროდუქტების შემცვლელი, გლუტენისგან თავისუფალი საკვები, ვიტამინებით და მინერალებით ნაკლებად არის გაჯერებული.

გლუტენის რაციონიდან გამორიცხვამ, შესაძლოა, ფოლიუმის მჟავის, B და D ვიტამინების, რკინის, მაგნეზიუმის და თუთიის დეფიციტის პრობლემა შეგიქმნათ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებას, ორგანიზმის  ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ათლეტებს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი სრულფასოვნად ვარჯიშში ხელს უშლის და დატვირთვისგან მაქსიმალური სარგებლის მიღების შესაძლებლობას ართმევს. გლუტენზე უარის თქმის შემთხვევაში, საკვები რაციონი სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ. თუ ვიტამინებისა და მინერალების ბალანსირებულად მიღებას შეძლებთ, გლუტენის შემცველი პროდუქტების რაციონიდან გამორიცხვა ჯანმრთელობის პრობლემებს არ შეგიქმნით. ადამიანები, რომლებიც გლუტენის მიღებაზე უარს აცხადებენ, თვლიან, რომ აღნიშნული რთული ცილისგან თავისუფალი პროდუქტები აუცილებლად ჯანსაღია, რაც უდიდესი შეცდომაა. როდესაც გლუტენისგან თავისუფალ  საკვებს ყიდულობთ, ეტიკეტი კარგად უნდა წაიკითხოთ. შესაძლოა, მსგავს პროდუქტებში ბევრი მავნე და არაჯანსაღი დანამატი გვხვდებოდეს, რის გამოც მათი შეძენისას სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია.

გლუტენისგან თავისუფალი ორცხობილა ჩვეულებრივი ორცხობილაა, რომელიც შესაძლოა ჯანსაღი ან ნაკლებად ჯანსაღი იყოს. თუ კვების რაციონის შეცვლამდე გაყინულ პროდუქტებს არ მიირთმევდით, გლუტენზე უარის თქმამ ეს წესი არ უნდა შეგაცვლევინოთ. საკვები, რომელიც გლუტენს არ შეიცავს, შესაძლოა, ბევრად მავნე იყოს, ვიდრე გლუტენის შემცველი პროდუქტები, რადგან, როგორც წესი, მსგავს საკვებში შაქარს ან ცხიმებს დიდი რაოდენობით იყენებენ, რათა პროდუქტს არომატი და სასიამოვნო ტექსტურა შეუნარჩუნონ. გლუტენზე უარის თქმას თუ გადაწყვეტთ, ეცადეთ გადამუშავებული საკვები დაივიწყოთ. უპირატესობა ჯანსაღ, ნატურალურ პროდუქტებს მიანიჭეთ, რომელთა შემადგენლობაში გლუტენი არ შედის. კვების ახალ რეჟიმზე გადასვლა სერიოზულ დაგეგმვას საჭიროებს. ათლეტებს, როგორც წესი, ამის დრო ნაკლებად აქვთ. ახალი შეზღუდვების დაწესება მათზე ხშირად ნეგატიურად ზემოქმედებს. ზედმეტი სტრესის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია გლუტენის შესახებ სრულფასოვანი ცოდნა შეიძინოთ და საკვები რაციონის შეცვლაზე მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდეთ.

წარმატებებს გისურვებთ!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა