სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



მეცნიერების ახალი აღმოჩენა: ყავა ცხიმის წვას ასტიმულირებს

უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ქალბატონებს, რომლებიც ყავას ყოველდღიურად მიირთმევენ ჭარბი ცხიმების დაგროვების პრობლემა ნაკლებად აწუხებთ. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა, ყავა ცხიმის წვის პროცესის გააქტიურებას უწყობდეს ხელს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მკვლევართა ჯგუფი გარკვეული დროის განმავლობაში იკვლევდა ყავის მოხმარების გავლენას ადამიანების წონაზე. კვლევაში განსხვავებული ასაკობრივი ჯგუგის წარმომადგენელი ადამიანები მონაწილეობდნენ. მეცნიერები დაკვირვებას  როგორც ქალბატონებზე, ასევე მამაკაცებზეც აწარმოებდნენ. კვლევის ორგანიზატორი ანგლია რასკინის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ლი სმითი იყო, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე გაცხიმოვნების პროცესებზე ყავის ზეგავლენას აქტიურად იკვლევდა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის დიდი დოზებით მიღება ორგანიზმში ცხიმის ჭარბად დაგროვების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევა სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებზე დაკვირვების შემდეგ განსხვავებულ შედეგებს იძლეოდა.

კვლევა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობოდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეგულარულად იკვლევდა ადამიანების მიერ დღის განმავლობაში მიღებული ყავის რაოდენობას, ასევე მათ ორგანიზმში ცხიმის საერთო შემცველობას და მუცლის ცხიმის პროცენტულ წილს ცხიმის საერთო მოცულობაში. კვლევებით დადგინდა, რომ ქალბატონებს, რომლებიც  დღის განმავლობაში 2-3 ჭიქა ყავას მიირთმევდნენ, ორგანიზმში ცხიმის გაცილებით დაბალი შემცველობა ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ყავას იშვიათად სვამდა. 20-დან 44 წლამდე ასაკის ქალბატონებს, რომლებიც ყავას ხშირად მიირთმევდნენ, ცხიმის მასიური წილი ამავე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ სხვა ქალბატონებთან შედარებით 3,4 %-ით უფრო ნაკლები ჰქონდათ. 45-დან 69 წლამდე ასაკის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, რომლებიც ყავის მოყვარულები იყვნენ, ცხიმის მასიური წილი 4,1%-ით დაბალი ჰქონდათ ამავე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ სხვა ქალბატონებთან შედარებით.

საერთო ჯამში, ყავის მოყვარული ქალბატონების ორგანიზმში ცხიმის მასიური წილი, დაახლოებით, 2,8%-ით ნაკლები იყო, იმ ქალბატონებთან შედარებით, რომლებიც ყავას საერთოდ არ სვამდნენ. მკვლევარების მიერ მიღებული შედეგები განსხვავებული აღმოჩნდა მამაკაცების შემთხვევაში. იმ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, რომლებიც დღის განმავლობაში 2 ან 3 ჭიქა ყავას მიირთმევდნენ, ცხიმის მასიური წილი 1,3 %-ით ნაკლები ჰქონდათ იმ მამაკაცებთან შედარებით, რომლებიც ყავის სიყვარულით არ გამოირჩევიან. რაც შეეხება მუცლის ცხიმს, ყავის მოყვარულ მამაკაცებს მუცლის ცხიმის მაჩვენებელი 1,8 %-ით დაბალი ჰქონდათ იმ მამაკაცებთან შედარებით, რომლებიც ყავას ნაკლებად მიირთმევდნენ ან მასზე საერთოდ უარს ამბობდნენ. როგორც აღმოჩნდა, ყავის მიღება მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენლებზე განსხვავებულად ზემოქმედებს და ქალბატონების ორგანიზმში ცხიმის წვას მეტად ასტიმულირებს.

კვლევის შედეგებზე გავლენას არ ახდენდა კვლევაში მონაწილე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან, შედეგები ერთნაირი იყო მწეველი და არამწეველი ადამიანების შემთხვევაშიც. ყავის რეგულარულად მიღება ცხიმის წვის პროცესს ნებისმიერ შემთხვევაში ასტიმულირებდა. შედეგები ერთნაირი იყო უკოფეინო ან კოფეინის შემცველი ყავის მიღების შემთხვევაში. შესაბამისად, მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კოფეინი სხეულის წონაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენს. მეცნიერების მტკიცებით, ყავაში შემავალი ერთ-ერთი ბიოაქტიური ნივთიერება ცხიმის წვის პროცესს ასტიმულირებს, თუმცა ეს კოფეინი ნამდვილად არ არის. მკვლევარები თვლიან, რომ აღნიშნული ნივთიერების გამოვლენა წონაში კლების ეფექტური საშუალების აღმოჩენას შეუწყობს ხელს. ყავასა და ჩაიში შემავალი მსგავსი ბიოაქტიური ნივთიერების არსებობას წინამდებარე კვლევებიც ადასტურებდნენ. მეცნიერები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ყავა და ჩაი ორგანიზმში ცხიმის გადამუშავების პროცესს აჩქარებენ და ჭარბი ცხიმების დაგროვებას მნიშვნელოვნად აფერხებენ.

მკვლევარები გულწრფელად აღიარებენ, რომ ჩატარებული კვლევა გარკვეულწილად არასრულფასოვანი და სპეციფიკურია, შესაბამისად მიღებული შედეგების ფართო პოპულაციაზე გავრცობა ჯერჯერობით არ იგეგმება. ამისთვის კიდევ რამდენიმე კვლევის ჩატარებაა საჭირო, რომელიც მაღალი ვალიდურობითა და სანდოობით უნდა გამოირჩეოდეს. მკვლევარები ასევე ამტკიცებენ, რომ ადამიანის წონაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს მისი სოციო-ეკონომიკური სტატუსი. აღნიშნული სტატუსი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კონკრეტული პირის კვებით არჩევანსაც. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ სიმსუქნესა და ჭარბი ცხიმების დაგროვებაზე ჩვენი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგების ანალიზისას ისინი ყველა მნიშვნელოვან ფაქტორს ითვალისწინებდნენ, მათ შორის, ადამიანის მატერიალურ შემოსავალს, განათლების დონეს, რასობრივ თუ ეთნიკურ მიკუთვნებულობას. საბოლოოდ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სოციო-დემოგრაფიული თავისებურებებისა და სხვა ცხოვრებისეული ფაქტორების გათვალისწინების შემთხვევაშიც, ყავის დიდი დოზით მიღება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში ცხიმის მასიური წილის მნიშვნელოვან კლებასთან ასოცირდებოდა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მათ სხვადასხვა პოპულაციაზე დაკვირვების შემდეგ აბსოლუტურად იდენტური შედეგები მიიღეს. ყავის მოყვარული ქალბატონები ნებისმიერ შემთხვევაში ცხიმებს გაცილებით აქტიურად და სწრაფად წვავდნენ, ვიდრე ის ქალბატონები, რომლებიც ყავას ნაკლებად მიირთმევდნენ. აღნიშნული შედეგი იდენტური იყო ქრონიკული დაავადებების მქონე და სრულიად ჯანმრთელ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. სოციო-ეკონომიკური და სოციო-დემოგრაფიული ფაქტორების მიუხედავად, ყავის დიდი დოზებით მირთმევა ეფექტურ შედეგს იძლეოდა მუცლის ცხიმის წვასთან დაკავშირებითაც. მოცემულ შემთხვევაშიც, ცხიმის წვის პროცესი მამაკაცებთან შედარებით გაცილებით აქტიურად მიმდინარეობდა ქალბატონების ორგანიზმში.

ანგლია რასკინის უნივერსიტეტის პროფესორის ბატონი სმითის თქმით, ყავა შეგვიძლია ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ძლიერ და ეფექტურ იარაღად განვიხილოთ. პროფესორი სმითი მიიჩნევს, რომ ყავის ან მისი გარკვეული ინგრედიენტების ჯანსაღ დიეტაში ჩართვა, ადამიანებს ზედმეტი წონისგან გათავისუფლებაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ჭარბი წონის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა კი ბევრი ქრონიკული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. ყველასთვის ცნობილია, რომ სიმსუქნე ადამიანის ჯანრმთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ხშირად სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების განვითარებასაც უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ყავა ცხიმის წვის პროცესს ასტიმულირებს, მეცნიერები გირჩევენ, რომ ერთ კონკრეტულ ინგრედიენტზე კონცენტრირებისგან თავი შეიკავოთ და ჯანსაღი კვების პრინციპები დაიცვათ.

„ჩვენ ადამიანებს მოვუწოდებთ, რომ რაციონში ყავა აუცილებლად ჩართონ, თუმცა არც სხვა ჯანსაღი პროდუქტები უნდა დაივიწყონ. ამასთან, ყველამ უნდა იცოდეს, რომ დიეტით მიღებული შედეგების დანახვისთვის გარკვეული დროა საჭირო. ადამიანმა დღის განმავლობაში რამდენიმე ლიტრი ყავა არ უნდა დალიოს იმ მიზნით, რომ სწრაფი შედეგი მიიღოს. ეს მისი ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საზიანო იქნება. ზომიერების და მოთმინების გამოჩენა აუცილებელია. ჩვენ კვლევის დროს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამოვკვეთეთ. მაგ. ყავაში რძის ან შაქრის დამატების ჩვევა, რომელიც მიღებულ შედეგებს მნიშვნელოვნად ცვლის. იმისთვის, რომ ადამიანებმა უკეთესი შედეგის მიღება შეძლონ, ცხოვრების სტილის შეცვლა აუცილებლად დასჭირდებათ. მჯდომარე ცხოვრების წესზე უარის თქმა, ფიზიკური დატვირთვის მნიშვნელობის გააზრება და ჯანსაღი კვებითი ჩვევები წონაში ეფექტურად კლებას უწყობს ხელს. იმ შემთხვევაში, თუ ყავის რეგულარულად მიღებით წონაში კლებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ მიღებული შაქრის დოზები მკაცრად გააკონტროლოთ. ყავა უშაქრო უნდა იყოს, ან შაქარს უმნიშვნელოდ უნდა შეიცავდეს, რათა ცხიმის წვის პროცესის გააქტიურებას შეუწყოს ხელი.“ - ნათქვამია კვლევის ორგანიზატორთა ოფიციალურ განცხადებაში.

წარმატებებს გისურვებთ!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა