სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



6 მითი მეტაბოლიზმის შესახებ

ენერგიის მატება, ცხიმის წვა და სხეულის ფორმების გაუმჯობესება თუ გსურთ, საჭირო ინფორმაცია სიფრთხილით უნდა მოიძიოთ. კარგი მეტაბოლიზმი ის წმინდა გრაალია, რომლის წყალობითაც ადამიანები კალორიებს მთელი დღე-ღამის განმავლობაში წვავენ, მაშინაც კი, როდესაც სიზმრებს ხედავენ. კარგი მეტაბოლიზმი მისტიური და ამოუცნობი მოვლენაა. წონაში კლების მსურველთა დაინტერესება ისეთი პროდუქტებით, რომლებიც მეტაბოლიზმს აუმჯობესებს, მწარმოებლებს ნამდვილად არ გამოპარვიათ. გუგლში 75 მილიონამდე ადამიანი ეძებს ინფორმაციას მეტაბოლიზმის შესახებ, მაშინ, როდესაც სიმსუქნეზე დამატებითი ცნობების მოძიებას მხოლოდ 10 მილიონი ადამიანი ცდილობს, წონაში კლებასთან დაკავშირებით უახლესი ცნობების მოპოვებით 34 მილიონამდე ადამიანი ინტერესდება. მეტაბოლიზმის გაუმჯობესების თეორია გვარწმუნებს, რომ ცხიმის წვის საუკეთესო გზა მეტაბოლიზმის გააქტიურებაა. მეტაბოლიზმი ოგრანიზმში მიმდინარე იმ პროცესებს მოიცავს, რომელთა წყალობით მიღებულ კალორიებს ორგანიზმი ინახავს, რათა ენერგიის წყაროდ გამოიყენოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენ მიღებული კალორიების დაწვას მარტივად ახერხებთ, რის შედეგადაც ჭარბი ცხიმების დაგროვების პრობლემა არ გაწუხებთ. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ნებისმიერი ადამიანისთვის მიმზიდველად და საინტერესოდ ჟღერს. მკაცრი დიეტებისა და ინტენსიური ვარჯიშის გარეშე კალორიების ეფექტურად წვის იდეა ნამდვილად მომხიბლავია.

მეტაბოლიზმის გააქტიურებისა და გაუმჯობესების იდეით შეპყრობილი ადამიანები ხშირად იჯერებენ მითებსა და ცრუ ფორმულებს, რომელთა წყალობით სასწაულის მოხდენას ამაოდ ელიან. ჩვენს სტატიაში მეტაბოლიზმის შესახებ გავრცელებულ 6 ყველაზე ცნობილ მითს გაგაცნობთ და საინტერესო რჩევებსაც შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით წონაში კლებას შეძლებთ.

  • მითი: არასდროს გამოტოვოთ საუზმე

საუზმობისთვის დრო თუ არ გრჩებათ, ამის გამო ნუ დაისტრესებით. გავრცელებული მითის თანახმად დილით საუზმობა წონაში კლებისთვის აუცილებელია, თუმცა მკვლევარები სულ სხვა დასკვნამდე მივიდნენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საუზმის მიღება მეტაბოლიზმის გაუმჯობესებასა და გააქტიურებას ხელს არ უწყობს და ის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება სულაც არ არის. 300 ჭარბწონიან ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საუზმის მირთმევა წონაში კლების პროცესზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენს. კვლევის მონაწილეები სპეციალურ დიეტას იცავდნენ. ერთი ჯგუფი საუზმეს ყოველდღიურად მიირთმევდა, მეორე ჯგუფი კი არასდროს საუზმობდა. 16 კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კვლევის ყველა მონაწილემ წონაში ერთნაირად დაიკლო. ერთ-ერთმა უახლესმა კვლევამ კი დაადასტურა, რომ საუზმის მირთმევა მოსვენებულ მდგომარეობაში მეტაბოლიზმის სიჩქარეზე ზეგავლენას არ ახდენდა. მართალია, საუზმე იდეალური საშუალებაა, რომ ორგანიზმი ცილებითა და უჯრედისით გაამდიდროთ, მაგრამ თუ ცოტა დრო გაქვთ და დილით დონატების გარდა ვერაფერს მიირთმევთ, გირჩევთ საერთოდ არ ისაუზმოთ. უმჯობესია, დილის საათებში ცილები მიიღოთ, რომელთა გადამუშავების პროცესში ორგანიზმი ორჯერ მეტ კალორიას წვავს, ვიდრე ცხიმებისა და ნახშირწყლების გადამუშავებისას. თავს ზედმეტად ნუ დაისტრესავთ, არ ეცადოთ, რომ დილის 9 საათამდე რაიმე აუცილებლად მიირთვათ. 

  • მითი: დამღლელი ვარჯიშის დროს ოფლიანობა წონაში კლებას უწყობს ხელს

ადამიანები ფიქრობენ, რომ ოფლის ღვრასთან ერთად მათი ორგანიზმი ჭარბი ცხიმებისგან თავისუფლდება, მნიშვნელობა არ აქვს ამ დროს ისინი იოგას ასრულებენ თუ პილატესს. უახლესი კვლევებით კი მტკიცდება, რომ გრილ გარემოში ვარჯიში წონაში კლებას მეტად უწყობს ხელს. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილე მამაკაცებს სხვადასხვა ოთახში ათავსებდნენ. აღმოჩნდა, რომ იმ მამაკაცებს, რომლებსაც ყველაზე დაბალი ტემპერატურის მქონე ოთახებში ეძინათ, ორგანიზმში ყავისფერი ცხიმის მოცულობა მნიშვნელოვნად მეტი ჰქონდათ მაღალი ტემპერატურის მქონე ოთახებში მცხოვრებ მამაკაცებთან შედარებით. ყავისფერი ცხიმი სხვაგვარად კარგი ცხიმის სახელით არის ცნობილი. ცხიმის აღნიშნული ნაირსახეობა კალორიების წვას ასტიმულირებს. ეცადეთ, ღამით გრილ ოთახში დაიძინოთ. ვარჯიშის დროს უპიტარესობა დაბალი ტემპერატურის მქონე გარემოს მიანიჭეთ.

  • მითი: ცხარე წიწაკა მუცლის ცხიმის წვას უწყობს ხელს

ალბათ, წაგიკითხავთ, რომ ცხარე სანელებლების მირთმევა მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. აღნიშნული მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ რატომ უნდა მიირთვათ წიწაკა, თუ ის საერთოდ არ გიყვართ?! უახლესი კვლევებით დგინდება, რომ მუცლის ცხიმის დაწვას ნაკლებად ცხარე და ტკბილი წიწაკაც უწყობს ხელს. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მსუბუქი სამზარეულო, სადაც ნაკლებად ცხარე სანელებლებს იყენებენ, ისეთივე ეფექტურია, როგორც ცხარე წიწაკისგან მომზადებული კერძებით კვება. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილე მამაკაცებს, რომლებიც  ნაკლებად ცხარე წიწაკით იკვებებოდნენ ცხიმის წვის მაჩვენებელი ორჯერ უკეთესი ჰქონდათ, ვიდრე იმ მამაკაცებს, რომლებიც უპირატესობას ცხარე წიწაკას ანიჭებდნენ. გირჩევთ, სალათები და სხვა მსუბუქი კერძები ბულგარული წიწაკით გაამდიდროთ, რათა მუცლის ცხიმის წვას შეუწყოთ ხელი.

  • მითი: დღის განმავლობაში 6-ჯერ მსუბუქად კვება მეტაბოლიზმს ააქტიურებს

დღის განმავლობაში 3-ჯერ კვებაც სავსებით საკმარისია, რათა ჭარბი წონისგან თავის დაცვა შეძლოთ. ერთ-ერთმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ დღის განმავლობაში ხშირად ჭამა წონაში კლებისთვის სასარგებლო სულაც არ არის. კვლევაში მონაწილე მამაკაცები მასის მატების სპეციალურ დიატაზე იმყოფებოდნენ. მათი ნაწილი დღეში მხოლოდ სამჯერ იკვებებოდა, ნაწილი კი საკვებს დამატებით ხემსის სახითაც რამდენჯერმე მიირთმევდა. მონაწილეების ორივე ჯგუფი კალორიების ერთსა და იმავე რაოდენობას იღებდა. აღმოჩნდა, რომ ორივე ჯგუფმა წონაში თანაბრად მოიმატა, თუმცა მუცლის ცხიმის დაგროვების პრობლემა მხოლოდ იმ მამაკაცებს შეექმნათ, რომლებიც დღის განმავლობაში საკვებს ხშირად მიირთმევდნენ. გირჩევთ, კალორიების საერთო რიცხვი მკაცრად აკონტროლოთ. საკვები უჯრედისით, ცილითა და მიკრონუტრიენტებით გაამდიდრეთ. საკვების ხარისხი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მიღების დრო.

  • მითი: ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი კოფეინი მეტაბოლიზმს აუმჯობესებს

ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი შაქარი მუცლის ცხიმების ჭარბად დაგროვებას იწვევს. კოფეინმა, შესაძლოა, მართლაც გააუმჯობესოს მეტაბოლიზმი, განსაკუთრებით, თუ სასმელს ვარჯიშის დაწყებამდე მიირთმევთ, მაგრამ გაუმჯობესებული მეტაბოლიზმიც ვერ დაგეხმარებათ იმ კალორიების დაწვაში, რომელსაც ენერგეტიკული სასმელის მიღების შემდეგ დააგროვებთ. უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ენერგეტიკულ სასმელში შემავალი კალორიები ¼ ჭიქა შაქრის კალორიებს უტოლდება. აღნიშნული კალორიები თქვენს ორგანიზმში უსწრაფესად და ერთბაშად იჭრება, შემდეგ კი ცხიმის სახით ინახება. თუ გსურთ, რომ მეტაბოლიზმის სიჩქარე გააძლიეროთ, გირჩევთ ჯადოსნური სასმელი მიირთვათ, რომელსაც წყლის სახელით ვიცნობთ. 2 ჭიქა წყალი მეტაბოლიზმის სიჩქარეს 30 %-ით აუმჯობესებს. თუ დღის განმავლობაში დამატებით 1,5 ლიტრა წყალს დალევთ, წლიურად ჭარბი 17,400 კალორიისგან გათავისუფლებას შეძლებთ, რაც თქვენს წონაზე დადებითად აისახება.

  • მითი: ღამით ნახშირწყლების მიღება წონაში მატებას უწყობს ხელს

ღამის განმავლობაში მიღებული ნახშირწყლები დღის განმავლობაში წონაში კლებას უწყობს ხელს. ერთი შეხედვით, ნახშირწყლების ღამით მიღების მოწინააღმდეგეებს აქვთ გარკვეული საფუძველი, რათა წონაში მატების ეშინოდეთ.  ნახშირწყალი ორგანიზმში ენერგიის სახით ინახება. ადამიანები, რომლებიც ნახშირწყლების ღამით მიღების მოწინააღმდეგეები არიან თვლიან, რომ თუ ნახშირწყლებს ძილის წინ მიირთმევთ, მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით შეინახება. სინამდვილეში წონაში კლების პრინციპები და თავისებურებები ასეთი მარტივი სულაც არ არის. ერთ-ერთი კვლევის მონაწილეები მკვლევარებმა ორ ჯგუფად დაყვეს. თითოეული ჯგუფი დღის განმავლობაში თანაბარი რაოდენობით კალორიებს იღებდა. ორივე ჯგუფის წევრები მიზნად წონაში კლებას ისახავდნენ. მათ შორის ერთადერთი განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ კვლევის მონაწილეების ნაწილი ნახშირწყლებს დღის განმავლობაში მიირთმევდა, ხოლო დანარჩენები ამას ღამის საათებში აკეთებდნენ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეები, რომლებიც ნახშირწყლებს გვიან მიირთმევდნენ, მეორე დღის განმავლობაში მიღებული საკვების გადამუშავებაზე გაცილებით მეტ კალორიას წვავდნენ, ვიდრე ის მონაწილეები, რომლებიც ნახშირწყლებს დღის მანძილზე იღებდნენ. გარდა ამისა, იმ ჯგუფის წევრებს, რომლებიც ნახშირწყლების მიღებას დღისით ამჯობინებდნენ, სისხლში შაქრის შემცველობა საკმაოდ მაღალი ჰქონდათ. აღნიშნული საკითხის საკვლევად ჩატარებული კიდევ ერთი უახლესი კვლევის შედეგები ჩვენ მიერ განხილული კვლევის შედეგების აბსოლუტურად იდენტური აღმოჩნდა. ის ადამიანები, რომლებიც ნახშირწყლებს ღამით მიირთმევდნენ, 27 %-ით მეტ ცხიმს წვავდნენ და 13,7 %-ით უფრო დანაყრებულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე კვლევის ის მონაწილეები, რომლებიც ნახშირწყლების მიღებას დღის განმავლობაში ამჯობინებდნენ. გირჩევთ, მაკარონი მირთმევამდე გააგრილოთ. როდესაც ღამის საათებში გემრიელად მომზადებულ მაკარონს მიირთმევთ, მეორე დღეს კალორიებს წარმატებით დაწვავთ. გაგრილებული მაკარონის მირთმევისას თქვენ სახეშეცვლილი ნახშირწყლების მიღება გიხდებათ, რომელთა ცხიმის სახით შენახვა ძალიან რთულია.

წარმატებებს გისურვებთ!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა