Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



რა არის ელკარნიტინი?

ელკარნიტინის (L-კარნიტინი, L-CARNITINE) დანამატი, როგორც წესი, წონაში კლების მიზნით გამოიყენება, ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებსაც. ჩვენს სტატიაში L-კარნიტინის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, გაგაცნობთ მის სასარგებლო მხარეებსა და გვერდით ეფექტებს, ასევე აგიხსნით, თუ როგორ ფუნქციონირებს ელკარნიტინი თქვენს ორგანიზმში. L-კარნიტინი ორგანიზმის ენერგიით მომარაგებაში უდიდეს როლს ასრულებს. მას ცხიმოვანი მჟავები უჯრედის მიტოქონდრიისკენ გადააქვს. მიტოქონდრია აღნიშნულ ცხიმოვან მჟავებს ენერგიად გარდაქმნის, რომელსაც ორგანიზმი დატვირთვის დროს აქტიურად იყენებს. ორგანიზმში ელკარნიტინი (L-CARNITINE) ბუნებრივადაც გამომუშავდება ისეთი ამინომჟავების დახმარებით, როგორებიცაა: ლიზინი და მეთიონინი. იმისთვის, რომ ორგანიზმმა ელკარნიტინის მაღალი დოზით გამომუშავება შეძლოს, მას დიდი რაოდენობით С  ვიტამინი ესაჭიროება. გარდა იმისა, რომ ელკარნიტინი თქვენი ორგანიზმის მიერ ბუნებრივად გამომუშავდება, თქვენ მისი მიღება საკვების დახმარებითაც შეგიძლიათ. ამ მხრივ განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტებია: ხორცი და თევზი. ვეგანები ან ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ხასიათის გენეტიკური დარღვევები აქვთ, L-კარნიტინს სათანადო რაოდენობით ვერ გამოიმუშავებენ და ვერც საკვების სახით იღებენ, რის გამოც ელკარნიტინის დანამატი მათთვის აუცილებელიც კია.

 

ელკარნიტინის უმთავრესი ფუნქცია თქვენს ორგანიზმში მიტოქონდრიალური ფუნქციის სტიმულირება და ენერგიის გამომუშავებაა. უჯრედულ დონეზე ის ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას ახდენს, შედეგად კი ორგანიზმი ენერგიას იღებს. ორგანიზმში არსებული L-კარნიტინის 98 % კუნთებში ინახება, ხოლო დანარჩენი ღვიძლსა და სისხლშია გადანაწილებული. ელკარნიტინს მიტოქონდრიული ფუნქციის გაუმჯობესებისა და სტიმულირების უნარი შესწევს, რაც ორგანიზმს დაავადებებისგან იცავს და დაბერების პროცესს აფერხებს. უახლესი კვლევებით დგინდება, რომ L-კარნიტინის დანამატებს ორგანიზმისთვის ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია, მათ შორისაა გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ტვინის დაავადებების პრევენცია. ითვლება, რომ ელკარნიტინი წონაში კლებისთვის სასარგებლო დანამატია. რადგან ის ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების უჯრედებში ტრანპორტირებას, შემდეგ კი მათ ენერგიად გარდაქმნას, ეს ცხიმის წვის პროცესს ააქტიურებს, რაც საბოლოო ჯამში წონაში კლებას უწყობს ხელს. ადამიანის ორგანიზმი საკმაოდ კომპლექსურია. შესაბამისად დანამატის მიღება თითოეულ მათგანზე სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს. ერთ-ერთი უახლესი კვლევით დასტურდება, რომ ჭარბწონიანი ადამიანები, რომლებიც L-კარნიტინის დანამატს იღებდნენ, წარმატებით ახერხებდნენ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას. რაც შეეხება შედარებით ახალგაზრდა და აქტიური ცხოვრების წესის მიმდევარ ადამიანებს, პოპულაციის ამ ნაწილში კვლევები ჯერ არ ჩატარებულა. ელკარნიტინის ეფექტურობის შესამოწმებლად ჯერ კიდევ ბევრი ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარებაა საჭირო. მართალია, ელკარნიტინი წონაში კლებისთვის სასარგებლო დანამატად ითვლება, მაგრამ მასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების წესს, კვების რეჟიმს და ფიზიკური დატვირთვის ხარისხს.

 

ელკარნიტინი ტვინის ფუნქციებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ L-კარნიტინს ასაკის მატებასთან ერთად მენტალური უნარების შესუსტების პრევენციის უნარი აქვს, გარდა ამისა, ის დასწავლის უნარსაც აუმჯობესებს. ადამიანებზე ჩატარებული კვლევებით კი დასტურდება, რომ ელკარნიტინს ტვინის სერიოზული დაავადებების და ფუნქციური დარღვევების პრევენციის უნარი აქვს. ელკარნიტინი ტვინს უჯრედულ დონეზე დაზიანებისგანაც კი იცავს. 90 დღის მანძილზე მიმდინარე კვლევის პროცესში, რომლის დროსაც ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებს ყოველდღიურად აძლევდნენ 2 გრამ ელკარნიტინს, დადგინდა, რომ მათი ტვინის ფუნქცია მნიშვნელოვან გაუმჯობესებას განიცდიდა. ელკარნიტინის დანამატები ორგანიზმის ჯანმრთელობაზე მრავალმხრივ დადებით ზეგავლენას ახდენს. კვლევებით დადასტურებულია, რომ მას არტერიული წნევის დარეგულირების უნარი აქვს. გარდა ამისა, ელკარნიტინი გულის დაავადებებით გამოწვეული ანთებითი პროცესების შესუსტებასაც უწყობს ხელს. კვლევებმა აჩვენა, რომ L-კარნიტინის მიღება მნიშვნელოვნად აქვეითებდა მაღალ სისტოლურ წნევას, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კვლევებით ასევე დასტურდება, რომ ელკარნიტინი ძალიან სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გულის სერიოზული დაავადებები აწუხებთ, როგორიც არის გულის ქრონიკული უკმარისობა.

ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იკვლევენ ელკარნიტინის გავლენას ვარჯიშსა და ათლეტების შესრულების ხარისხზე. დანამატის მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი ვადით მიღების შემთხვევაში, ამ მხრივ გარკვეული პროგრესის მიღება ნამდვილად შესაძლებელია. ელკარნიტინისგან მიღებული სარგებელი სწრაფად შესამჩნევი არ არის, ამისთვის გარკვეული დროა საჭირო. შესაძლოა, შედეგის დანახვა მისი მიღების დაწყებიდან რამდენიმე თვეში შეძლოთ. ამ მხრივ ის ძალიან განსხვავდება კრეატინისა და კოფეინისგან, რომელთა გავლენა შესრულების ხარისხის გაუმჯობესებაზე ძალიან სწრაფად შეიმჩნევა. ელკარნიტინი ათლეტებისთვის მრავალმხრივ სასარგებლოა. ის ძალების აღდგენას უწყობს ხელს. L-კარნიტინის მიღება კუნთების ჟანგბადით მომარაგებასაც ასტიმულირებს. ელკარნიტინი ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ის დაღლილობისა და თავბრუსხვევის პრევენციას ახდენს. აღნიშნული დანამატის დახმარებით ვარჯიშის შემდგომ კუნთების ტკივილის დამარცხებაც არ გაგიჭირდებათ. მძიმე დატვირთვის შემდეგ დისკომფორტი ნაკლებად შეგაწუხებთ და თავს თავისუფლად იგრძნობთ. ელკარნიტინი სისხლის წითელი უჯრედების წარმოებასაც უწყობს ხელს. თავის მხრივ, აღნიშნული უჯრედები ორგანიზმს ჟანგბადით ამარაგებენ. მათი დახმარებით ჟანგბადის კუნთებში ტრანპორტირებაც მარტივდება და უმჯობესდება. ელკარნიტინი მეორე ტიპის დიაბეტის სიმპტომებსაც ამსუბუქებს და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების პრევენციისთვისაც ეფექტურია. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ L-კარნიტინის დანამატის მიღება მათ სისხლში შაქრის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებდა, რაც მათი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე დადებითად აისახებოდა. ელკარნიტინი ორგანიზმს ნახშირწყლების გადამუშავებასა და მათ გამოყენებაში ეხმარება, რადგან ის საკვანძო ფერმენტების გამომუშავებას უწყობს ხელს.

ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის დღის განმავლობაში 2 გრამი ელკარნიტინის მიღება სავსებით უსაფრთხოა და რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენას არ იწვევს. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილე ადამიანებს ყოველდღიურად აძლევდნენ 3 გრამ L-კარნიტინს. კვლევა სულ 21 დღეს გრძელდებოდა. კვლევის არცერთ მონაწილეს გვერდითი ეფექტი არ გამოუვლინდა. ითვლება, რომ დღიურად ორი გრამი ელკარნიტინის მიღება ხანგრძლივი ვადითაც აბსოლუტურად უსაფრთხოა და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. შესაძლოა, დანამატის ხშირმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ გარკვეული მსუბუქი სახის გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, როგორიც არის მუცლის არეში დისკომფორტის შეგრძნება და გულისრევა. ელკარნიტინის ჭარბი დოზით მიღებამ, შესაძლოა, სისხლში ტრიმეტილამინ-N-ოქსიდის დონის მატება გამოიწვიოს, რაც ათეროსკლეროზის განვითარების რისკს ქმნის. L-კარნიტინის გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი კვლევები ჯერ არ ჩატარებულა და აღნიშნული საკითხის სრულფასოვნად შესწავლა კვლავ გრძელდება. ელკარნიტინის მცირე დოზით მიღება საკვების სახითაც შეგიძლიათ, უმეტესად ხორცისა და თევზის დახმარებით. ელკარნიტინის საუკეთესო წყაროს შემდეგი პროდუქტები წარმოადგენენ: საქონლის ხორცი -  85 გრამი შეიცავს 81 მგ. ელკარნიტინს, ღორის ხორცი- 85 გრამი შეიცავს 24 მგ. ელკარნიტინს, თევზი - 85 გრამი შეიცავს 5 მგ. ელკარნიტინს, ქათმის ხორცი - 85 გრამი შეიცავს 3მგ. ელკარნიტინს, რძე - 227 მლ. შეიცავს 8მგ. ელკარნიტინს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ საკვების სახით მიღებული ელკარნიტინი ორგანიზმის მიერ ძალიან სწრაფად და სრულფასოვნად შეიწოვება. ის ძალიან მარტივად ათვისებადია. ორგანიზმი საკვების სახით მიღებული ელკარნიტინის 57-84%-ს ითვისებს. გარდა ამისა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ელკარნიტინს ორგანიზმი თავადაც გამოიმუშავებს ამინომჟავების დახმარებით. მიუხედავად ამისა, L-კარნიტინის დანამატების მიღება საჭიროა, თუ ადამიანს გარკვეული მიზნების მიღწევა სურს ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სჭირდება. ორგანიზმში ელკარნიტინის დონე მნიშვნელოვნად არის იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ იკვებებით, რას მიირთმევთ და რა რაოდენობით L-კარნიტინს გამოიმუშავებს თქვენი ორგანიზმი.ვეგეტარიანელები და ვეგანები ხორცს არ მიირთმევენ, ისინი ცხოველურ პროდუქტებზე უარს ამბობენ, რის გამოც მათ ორგანიზმში ელკარნიტინის დონე საკმაოდ დაბალია. ვეგეტარინელებისა და ვეგანებისთვის L-კარნიტინის დანამატების მიღება სასურველია. კვლევებით ასევე დასტურდება, რომ ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში ელკარნიტინის დონე ქვეითდება, რის გამოც ასაკოვან ადამიანებს აღნიშნული დანამატების მიღება ნამდვილად მოუტანს სარგებელს. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილე ასაკოვან ადამიანებს ყოველდღიურად აძლევდნენ ორ გრამ ელკარნიტინს. როგორც აღმოჩნდა, მათი კუნთების ფუნქცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გარდა ამისა, ელკარნიტინის დახმარებით მათ სისუსტის შეგრძნების დამარცხებაც შეძლეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ელკარნიტინი ტვინის ფუნქციების გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს, რაც კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა მიიღონ ადამიანებმა L-კარნიტინის დანამატები ასაკის მატებასთან ერთად. ელკარნიტინის დონის დაქვეითების მაღალი რისკის მქონე ჯგუფში იმყოფებიან  ის ადამიანები, რომლებსაც ღვიძლის ციროზი ან თირკმლის დაავადებები აქვთ. თუ თქვენ რომელიმე ზემოთ დასახელებული დაავადება გაქვთ, თქვენთვის ელკარნიტინის დანამატის მიღება სასარგებლოა. მართალია, ელკარნიტინს ორგანიზმისთვის ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს და მისი რეკომენდებული დოზებით მიღება ჯანმრთელი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ნებისმიერი სხვა დანამატის მსგავსად, ელკარნიტინის გამოყენებამდეც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. L-კარნიტინის სტანდარტული დოზა დღის განმავლობაში 500-2000 მგ.-ს შეადგენს. ხანგრძლივი ვადით დღის განმავლობაში ორ გრამამდე დანამატის მიღება ეფექტური და უსაფრთხოა.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა